ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში უკვე ზედიზედ მეხუთე დღეა, ანტისამთავრობო დემონსტრანტებსა და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებს შორის მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, რომელთა შორის უამრავი სტუდენტი და სკოლის მოსწავლეა, პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომასა და კორუფციულ სკანდალებზე პასუხისმგებლობის აღებას ითხოვენ.
ტირანის ცენტრში ვითარება განსაკუთრებით შაბათს დაიძაბა, როდესაც ნიღბიანმა დემონსტრანტებმა განათლების სამინისტროს შენობას, რომელსაც პოლიცია იცავდა, ქვები და “მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ხოლო გავრცელებული ცნობებით, პროტესტის განმავლობაში პირველად რეზინის ტყვიებიც იქნა გამოყენებული.

დღის მეორე ნახევარში პროტესტის მთავარმა ეპიცენტრმა პრემიერ-მინისტრ ედი რამას ოფისთან გადაინაცვლა, სადაც ხალხის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. დემონსტრანტები პოლიციას ქვაფენილის აყრილ ფილებსა და ფეიერვერკებს ესროდნენ, რასაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზის კაფსულების მასობრივი გასროლით უპასუხა.
ქუჩებში დამწვარი ავტომობილებიდან შავი კვამლი ადიოდა, ისმოდა პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანების სიგნალები. დაშავებულია უამრავი ადამიანი, როგორც დემონსტრანტების, ისე პოლიციელების მხრიდან; 80 პირს ხულიგნობისთვის ბრალი უკვე წარედგინა, ხოლო ასობით ადამიანი დაკავებულია ან გამოძიების ქვეშ იმყოფება. ტირანის ცენტრი ჩამსხვრეული მინებითა და გადამწვარი ნარჩენებით სავსე საბრძოლო ზონას დაემსგავსა.
19 წლის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტმა ჯორჯმა, რომელსაც სახეზე შარფი, ხოლო თვალებზე დამცავი სათვალე ეფარა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 135 დღის განმავლობაში პროტესტი მშვიდობიანი იყო, თუმცა ხელისუფლებამ მშვიდობა არ ისურვა.
“ჩვენც გვყავს დედები, ოჯახები. ახლა ვცდილობთ, გავაკეთოთ ისე, როგორც საფრანგეთში... ვცდილობთ, მოვახდინოთ რევოლუცია. რადგან ჩვენს მთავრობას მშვიდობა არ სურს, იძულებულნი ვართ, ძალადობას მივმართოთ“, - აღნიშნა ახალგაზრდამ.
ტელეკომპანია News24-ის ცნობილმა ჟურნალისტმა ოსმან სტაფამ განაცხადა, რომ გამოსავალი არის 1-წლიანი ნეიტრალური, დროებითი მთავრობის ფორმირება, რომელიც ქვეყანაში ახალ, სამართლიან არჩევნებს ორგანიზებას გაუწევს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ მოქალაქეებს მოუწოდა, ნუ დაივიწყებენ მთავრობის მიერ მიღწეულ “არაჩვეულებრივ წარმატებებს“. მან არეულობის ორგანიზებაში ოპოზიციური “დემოკრატიული პარტია“ და “უცხოური ძალების ბოროტი დღის წესრიგი“ დაადანაშაულა, რომელთა მიზანიც, მისი თქმით, 2030 წლისთვის ევროკავშირში ალბანეთის გაწევრიანების პროცესის შეჩერებაა.
პარალელურად, პრემიერ-მინისტრის პოზიციებს სერიოზულად ემუქრება პროკურატურის მიერ დაწყებული საქმეები. პროკურორებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს საიდუმლო სამსახურის (FS) მეთაური ვლორა ჰისენი, რომელსაც ბრალი ედება ყოფილი მაღალჩინოსნისა და ედი რამას ახლო მეგობრის, 39 წლის ერგის აგასის მართლმსაჯულებისგან არიდებაში დახმარებაში.
ალბანური მედიის ცნობით, აგასი პრემიერ-მინისტრსა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის შუამავლის როლს ასრულებდა. ედი რამამ დაადასტურა, რომ იგი იცნობს აგასის, თუმცა უკანონო გარიგებებში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო.
იხილეთ ასევე: