თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი და სწავლული მდივანი - ნათია ფიფია გვიყვება თუ რაზე მუშაობენ დღეს ქართველი ისტორიკოსები და არქეოლოგები, რა არის მათი კვლევისა და სამეცნიერო საქმიანობის თემები თუ საკითხები.
წელს, სექტემბერში ესპანეთსა და ვარშავაში ორ მნიშვნელოვან სამეცნიერო ღონისძიებაზე ჩატარდა. პირველი კონფერენცია - “ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე“ - 10-12 სექტემბერს მადრიდში ქართველი და ესპანელი მეცნიერების ორგანიზებით გაიმართა. მეორე ვარშავაში (პოლონეთი) - ჩატარდა. ეს იყო შავი ზღვის სიძველეთა მერვე საერთაშორისო კონგრესი.
მადრიდში არაერთმა ქართველმა მეცნიერმა წარმოადგინა საინტერესო მოხსენება-ნაშრომი. მათ შორის იყვნენ როგორც ღვაწლმოსილი მეცნიერები, ასევე ახალგაზრდები. ნათია ფიფიამ თსუ-ს ასოცირებულ პროფესორ ეკატერინე კობახიძესთან თანაავტორობით წაიკითხა - “ქალი ანტიკური ხანის იბერიაში“...
ნათია ფიფიამ წარმოდგენილი მოხსენებების შესახებ ვრცლად გვესაუბრა.
- საინტერესოა ასევე თემა-მოხსენება - “ქალი ანტიკური ხანის იბერიაში (ქართლი)“... მართლაც როგორი იყო ქალის როლი, იყო თუ არა თავისუფალი, რა ფუნქციები ჰქონდა? ხომ არ იყო დაკნინებული, დაჩაგრული, თუ პირიქით?
- ქალის სტატუსი იბერიაში/ქართლში საქართველოში მაინცდამაინც კარგად არ არის შესწავლილი. საკითხს ძალიან ცოტა სამეცნიერო ნაშრომი ეძღვნება. ძირითადად განხილულია მონოგრაფიებში, რომლებიც სხვა ასპექტებზეა ორიენტირებული, მაგალითად, ქართლის ზოგად პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ისტორიაზე კლასიკურ ანტიკურ ხანაში. ამიტომ, ჩვენი ნაშრომი მიზნად ისახავდა ამ ხარვეზის შევსებას სამეცნიერო ლიტერატურაში.
იბერიაში ქალებს არ შეეძლოთ უმაღლესი თანამდებობის დაკავება - არ შეეძლოთ მმართველები გამხდარიყვნენ, თუმცა, მათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა ჰქონდათ ქმრების მეშვეობით ან შეეძლოთ რეგენტები გამხდარიყვნენ გვირგვინოსნების ადრეულ წლებში. ქმრების მეშვეობით გავლენის მაგალითია ფარსმან I-ის მეორე ცოლის და ფარსმან II-ის მეორე ცოლის გავლენები. ამათგან პირველი რომის იმპერატორ ვესპასიანეს სახელით გაკეთებულ წარწერაშია ნახსენები, რომელიც მცხეთასთან ახლოს არის აღმოჩენილი, კონკრეტულად, იმპერატორი ქართლის მოქმედ მეფეს - მითრიდატეს - ფარსმანისა და იამაზასპუჰის ძეს უწოდებს, ანუ დედოფალსაც იხსენიებს. ასეთ კონტექსტში ქალის მოხსენიება თუ მას რეალური პოლიტიკური ძალაუფლება არ ჰქონდა, წარმოუდგენელია...
ანტიკური ავტორების ცნობებიდან ვიცით, რომ ეს ქალი ფარსმანის პირველ შვილს, რადამისტს, რომელიც მცირე ხნით არმენიის მეფეც იყო, დედინაცვლად ეკუთვოდა. რადამისტმა მასთან უთანხმოება მოიმიზეზა, როცა არმენიაში წავიდა ტახტის დასაკავებლად, მოგვიანებით, როცა დაბრუნდა, მამამ მოაკვლევინა, როგორც ჩანს, სწორედ დედინაცვლის ჩარევით. ამ ქალის და ფარსმანის შვილი უნდა იყოს მითრიდატე, რომელიც ვესპასიანეს წარწერაშია მოხსენიებული. რადამისტის ნაცვლად სწორედ ის გამეფდა...
აუცილებლად აღსანიშნია ისიც, რომ “ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, საშიშროების შემთხვევაში, უფლისწულის გახიზვნაზე პასუხისმგებელი პირი ყოველთვის დედოფალია, მას შეიძლება ეხმარებოდეს სპასპეტიც, მაგრამ დედოფალი ამ საკითხში აუცილებლად არის ჩართული. ხშირად ფიგურირებს ერთი და იგივე რეგიონი - ქვემო ქართლი და კონკრეტულად სამშვილდე. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, დედოფლის რაღაც განსაკუთრებულ ფუნქციასთან გვაქვს საქმე...
დედოფლებს გარკვეული რეგალიაც ჰქონდათ. ამაზე მიუთითებს მათ სამარხებში საბეჭდავი ბეჭდების აღმოჩენა. საბეჭდავი ბეჭდის ფუნქცია რა არის? დაამოწმოს დოკუმენტები. დედოფლის საბეჭდავი ბეჭდის არსებობა ნიშნავს, რომ მას ჰქონდა უფლება, გარკვეული ოფიციალური დოკუმენტები დაემოწმებინა, თუმცა, კონკრეტულად რა შინაარსის, ეს ჩვენთვის უცნობია. ასეთი ბეჭდის მაგალითია დედოფალ ულპიას ბეჭედი.
რასაკვირველია, დინასტიური ქორწინებებიც არსებობდა, რაც არისტოკრატი ქალების შეზღუდულ უფლებებზე მიანიშნებს, ამ მხრივ, დაბალი სოციალური ფენის ქალები უფრო თავისუფლები იყვნენ, ამ შემთხვევაში მერკანტილური მოსაზრებები ნაკლებად იყო აქტუალური და სურვილისამებრ ქორწინდებოდნენ.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, ქალი დაჩაგრულად ნამდვილად ვერ იგრძნობდა თავს იბერიაში.
კოლხეთს რაც შეეხება, აქ მხოლოდ წარწერებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა ხდება, კონკრეტულად, საზღვარგარეთ აღმოჩენილი წარწერებიდან. სამწუხაროდ, რომის იმპერიაში აღმოჩენილი კოლხი ქალები ძირითადად მონები იყვნენ, ან აზატები (გათავისუფლებული მონები). შეიძლება ითქვას, უფრო მეტი აზატია. ერთი საინტერესო ამბავიც აღმოვაჩინეთ - ერთ-ერთი ასეთი ქალი მონად იყო წაყვანილი, შემდეგ აზატი გამხდარა, თავისუფალ რომაელზე გათხოვილა და ბოლოს მემკვიდრეობაც მიუღია ქმრისგან. ასეთი სარფიანი აღმოჩნდა მისთვის კოლხეთიდან წასვლა. ათამდე ასეთი წარწერა არსებობს, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ თანამედროვე ტექნოლოგიების, კონკრეტულად წარწერების მონაცემთა ბაზების მეშვეობით და აქამდე უცნობი იყო ქართული მეცნიერებისთვის.
- როგორც გაირკვა, თანამედროვე არქეოლოგია თურმე ისეთ მეთოდებს, ხერხებს, ტექნიკას ფლობს, რომლითაც გამარტივებულია ანტიკურ პერიოდში მცხოვრები ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოპოვება... რისი თქმა შეგიძლიათ ამის შესახებ?
- საერთოდ, წარსულის კვლევა ბოლო პერიოდში ძალიან ინტერდისციპლინური გახდა. არქეოლოგია, შეიძლება ითქვას, მიწის თხრიდან კოსმოსში აფრინდა. რას ვგულისხმობ ამაში - დედამიწის დისტანციური ზონდირება არქეოლოგიური შესწავლის მიზნით არის შედარებით ახალი, არადესტრუქციული მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს არქეოლოგებს ფიზიკური გათხრების გარეშე აღმოაჩინონ არქეოლოგიური ძეგლები - ძირითადად Google Earth გამოიყენება ამისთვის. ამ მეთოდით მიწისქვეშა მცენარეულობით დაფარული არქეოლოგიური ძეგლები შეიძლება აღმოჩნდეს, მაგალითად, ასე იპოვეს არქეოლოგებმა ცნობილი ქალაქი ანგკორ ვატი, ასევე, კამბოჯის ჯუნგლებში დაკარგული სხვა ქალაქები, ეგვიპტეში დაკარგული პირამიდების ნაწილი. თავის დროზე NASA-ს დისტანციური ზონდირების პროგრამით ნაპოვნია მაიას ცივლიზაციის დაკარგული ქალაქების ნაწილი, ასევე სამიწათმოქმედო ტერასები.
ბოლო ოცი წელია, რაც არქეოლოგიაში გამოიყენება ასევე LiDAR (Light Detection and Ranging) ანუ სინათლის დეტექტირება და განსაზღვრის მეთოდი. ეს არის დისტანციური ზონდირების მეთოდი და ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ლაზერულ სხივებს ობიექტებამდე ან დედამიწის ზედაპირამდე მანძილის გასაზომად და ზუსტი სამგანზომილებიანი (3D) რუკების შესაქმნელად.
არქეოლოგიაში LiDAR-მა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, რადგან მას შეუძლია “დანახვა“ იქ, სადაც ადამიანის თვალი უძლურია. მისი მთავარი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია შეაღწიოს სქელ მცენარეულობაში (ტყეებსა და ჯუნგლებში) და გამოაჩინოს მიწის ზედაპირის ზუსტი რელიეფი.
არქეოლოგიაში ლიდარის ტექნოლოგია შემდეგი პრინციპით მუშაობს:
2018 წელს, გვატემალის ჯუნგლებში LiDAR-ის გამოყენებით მეცნიერებმა მაიას ცივილიზაციის 60.000-ზე მეტი ფარული ნაგებობა (სახლები, სასახლეები, გზები) აღმოაჩინეს, რომელთა არსებობის შესახებაც მანამდე არაფერი იცოდნენ. ტრადიციული მეთოდებით ამ ტერიტორიის შესწავლას ასწლეულები დასჭირდებოდა, LiDAR-მა კი ეს რამდენიმე დღეში შეძლო.
LiDAR-ტექნოლოგიას შეუძლია წყლის ქვეშ არქეოლოგიური ძეგლების პოვნა, თუმცა, ამისთვის ჩვეულებრივი (ხმელეთის) აპარატურა არ გამოიყენება. ამ სპეციფიკურ მიმართულებას ბათიმეტრიული ლიდარი (Bathymetric LiDAR) ეწოდება.
სტანდარტული ხმელეთის ლიდარი იყენებს ინფრაწითელ სხივებს, რომლებიც წყლის ზედაპირზე აირეკლება და შიგნით ვერ აღწევს, ხოლო ბათიმეტრიული ლიდარი იყენებს სპეციალურ მწვანე ლაზერს. მწვანე სინათლეს აქვს უნარი, “გაჭრას“ წყლის მასა, ჩავიდეს ფსკერამდე, აირეკლოს წყალქვეშა ობიექტებიდან და უკან დაბრუნდეს. ბულგარეთთან ახლოს 60-ზე მეტი ანტიკური ხანის ხომალდია ნაპოვნი ამ მეთოდით.
- წარმოდგენილი თემებიდან ერთ-ერთი უმთავრესი - “ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე“ - რას გულისხმობს და კონკრეტულად რა მოიაზრება ამ სიტყვების მიღმა?
- ანტიკურ ხანაში ბერძნულ და რომაულ წყაროებში ორი იბერია მოიხსენიება - დასავლეთის იბერია ანუ ესპანეთი და აღმოსავლეთის იბერია ანუ ქართლი. მათი დამთხვევა შეიძლება ცოტა უცნაურიც იყოს, მაგრამ ფონეტიკური თვალსაზრისით გარკვეული ახსნა ალბათ აქვს. ჩვენს შემთხვევაში სპერი - ჰესპერი - იბერი - იბერია - ასეთი იყო ამ ტერმინის ევოლუცია. იქ, სავარაუდოდ პირიქით მოხდა და იბერიიდან ესპანეთი მივიღეთ, ერთი სიტყვით “სპ“ და “ბ“ ბგერების მონაცვლეობასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება ევროპის ორ კარიბჭეს - ამაში იგულისხმება ის, რომ იმ ტერიტორიის, რომელსაც ევროპად აღიქვამდნენ ბერძნები და რომაელები, უკიდურეს დასავლეთ და უკიდურეს აღმოსავლეთ ბჭედ, კარიბჭედ ეს ორი იბერია მოიაზრება. ამით ორგანიზატორებს სურდათ გაეერთიანებინათ ესპანეთისა და საქართველოს განვითარების საერთო მახასიათებელი.
- და ბოლოს რას გვეტყვით, როგორია თანამედროვე საქართველოში ქართველი მეცნიერების როლი წარსული ისტორიის კვლევის საკითხებში და ამ კუთხით რამდენად ნაყოფიერი მუშაობა მიმდინარეობს?
- თანამედროვე საქართველოში ქართველი მეცნიერები ცდილობენ, ფეხი აუწყონ თანამედროვე მიღწევებს. ცხადია, თანამედროვე, ძვირად ღირებული ტექნიკის გამოყენება ფართო მასშტაბებით არ ხდება, მაგალითად, ლიდარის, თუმცა, ამ მხრივ გარკვეული მიღწევებიც გვაქვს, საქართველოში. სამშვილდის ექსპედიციამ გამოიყენა, მაგრამ საქართველოში ლიდარის გამოყენების მასშტაბები მაინც მცირეა.
სხვა მხრივ, რადგან უამრავ საერთაშორისო კონფერენციასა და კონგრესზე ვყოფილვარ, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ქართველი მეცნიერები ევროპელი მეცნიერების მსგავსად მაღალი დონის მოხსენებებით გამოდიან, მეტიც, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ქართველი ახალაგაზრდა მეცნიერების გამოსვლებიც ძალიან შთამბეჭდავია ასეთ ღონისძიებებზე.
შენიშვნა: მთავარი ფოტო შექმნილია AI-ს მიერ
იხილეთ ასევე: