მექსიკის სასამართლომ 158 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სამ მამაკაცს, რომლებიც ავსტრალიელი ძმების, ჯეიკ და კალუმ რობინსონებისა და მათი ამერიკელი მეგობრის, კარტერ როუდის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. ტრაგედია ბახა-კალიფორნიის შტატში, სერფინგ-ტურის დროს მოხდა, როდესაც თავდამსხმელებმა ტურისტების ავტომობილის გაძარცვა სცადეს.

სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 30-მდე ასაკის სერფერები მექსიკის საზღვრის გადაკვეთიდან სულ რაღაც 36 საათში მოკლეს. ახალგაზრდებს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ, ხოლო მათი ცხედრები ღრმა ჭაში იყო ჩაყრილი. ოჯახის წევრებმა მათ იდენტიფიცირება ერთი კვირის შემდეგ შეძლეს.

მექსიკის ხელისუფლებამ განმარტა, რომ ტურისტები უბრალოდ “არასწორ დროს არასწორ ადგილას“ აღმოჩნდნენ. ქალაქ ენსენადასა და ბახა-კალიფორნიის რეგიონში, რომელიც ჩვეულებრივ უსაფრთხო და პოპულარულ ადგილად ითვლება სერფერებისთვის, მომხდარმა მკვლელობამ ადგილობრივებსა და ტურისტებში დიდი შოკი გამოიწვია.

მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლოში იდენტიფიცირებულნი იყვნენ, როგორც ხესუს ხერარდო (მეტსახელად “El Kekas“), ირინეო ფრანსისკო და ანხელ ხესუსი. სასამართლომ თითოეულ მათგანს 158 წელი და 9 თვე პატიმრობა მიუსაჯა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში, ხესუს ხერარდოს შეყვარებულს ძარცვაში მონაწილეობის გამო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო დარბაზში მოკლული ძმების დედამ, დებრა რობინსონმა ემოციური სიტყვა წარმოთქვა: “შვილების მკვლელობამ წაგვართვა მომავალი, რომელსაც მათთან ერთად წარმოვადგენდით“.
ადგილობრივი სერფერები და მაცხოვრებლები ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ, რადგან ტურიზმი ბახა-კალიფორნიის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.