აშშ-ის კანზასის შტატის ქალაქ ვიჩიტაში ფეხბურთის მატჩი ტრაგედიით დასრულდა.
ვიჩიტას პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის, აარონ მოსეს განცხადებით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:25 საათზე, სტრაიკერის სპორტულ კომპლექსში მოხდა. მისივე ინფორმაციით, ავტომობილს 34 წლის ქალი მართავდა, რომლის შვილიც იმ დროს კომპლექსის ტერიტორიაზე, სხვა მოედანზე ფეხბურთს თამაშობდა.
მოსეს ინფორმაციით, ავტომობილში ქალთან ერთად ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად, საერთო ჯამში, 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ - სისხლჩაქცევებიდან მძიმე ტრავმებამდე. პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის არცერთი დაშავებულის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშად არ ფასდება.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევის დროს სპორტულ კომპლექსში უამრავი ოჯახი და ბავშვი იმყოფებოდა, როდესაც სატვირთო ავტომობილი მოედანზე შევარდა.
ერთ-ერთმა დამსწრემ CNN-ის შვილობილ ტელეკომპანია KWCH-ს განუცხადა, რომ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც შავი პიკაპი ტროტუარიდან გადავიდა და ფეხბურთის მოედანზე შეიჭრა. კიდევ ორმა თვითმხილველმა გაიხსენა, რომ შემთხვევის დროს ძლიერი ხმაური გაიგონეს.
CNN-მა მოიპოვა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია მომენტი, როდესაც სატვირთო ავტომობილი მოედანზე შედის.

კადრებში ჩანს, რომ ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ, როდესაც საბურავების ჭრიალის ხმა ისმის. ვიდეოს გადამღები ქალი და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები ყვირილს იწყებენ. კამერა ირყევა, როდესაც ქალი და მის გარშემო მყოფები გაქცევას ცდილობენ.
ვანესა ტრამელი CNN-ს უყვება, რომ შემთხვევის დროს თავისი 13 წლის შვილის ფეხბურთის მატჩს ესწრებოდა, როდესაც დაინახა, როგორ გადაუარა სატვირთო ავტომობილმა მეზობელ მოედანს და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა.
"ვფიქრობდით, რომ გაჩერდებოდა, მაგრამ შემდეგ თითქოს მოძრაობა განაგრძო“, - იხსენებს ტრამელი.
მისი თქმით, შვილის გუნდის თამაში ახალი დასრულებული იყო, ფეხბურთელები მოედნის გვერდით იყვნენ შეკრებილნი, როდესაც სატვირთო ავტომობილი გვერდითა ხაზს მიუახლოვდა.
პოლიციის ცნობით, ქალი დაკავებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს. სამართალდამცველები ამ დრომდე ადგენენ, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა და რამ გამოიწვია ის. ჯერჯერობით უცნობია, წაუყენებენ თუ არა მძღოლს ბრალს.