მეტეორული წვიმა, რომელიც "ირიონიდების" სახელითაა ცნობილი, შეგეძლებათ, რომ საქართველოშიც იხილოთ.
"ორიონიდები" განსაკუთრებით სწრაფი მეტეორებია, ისინი ცაზე კვალს ტოვებენ, რომელიც თავად მეტეორის გაქრობის შემდეგ რამდენიმე წამის განმავლობაში კვლავ ხილვადია. ეს მოვლენა ყოველწლიურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ხდება, მაშინ, როცა დედამიწა ჰეილის კომეტის მიერ დატოვებულ მტვრის ნაწილაკებში გადის.
როდესაც ჰეილის კომეტისგან დატოვებული უმცირესი ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროში ხვდებიან, ისინი ცხელდებიან და ღამის ცაზე სინათლის კვალს ტოვებენ, რასაც ჩვენ მეტეორების სახით ვხედავთ.

ჰეილის კომეტა მზის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომეტაა, რომელსაც დედამიწიდან უკვე საუკუნეებია აკვირდებიან. მას მზის გარშემო ერთი სრული ბრუნის შესასრულებლად დაახლოებით 76 წელი სჭირდება. დედამიწიდან ჰეილის კომეტა ბოლოს 1986 წელს დაინახეს. მოსალოდნელია, რომ ჰეილის კომეტას დედამიწიდან 2061 წლამდე ვეღარ ვიხილავთ, თუმცა მისგან დარჩენილი ნაწილაკები ყოველწლიურად მეტეორულ წვიმას წარმოქმნიან.

როგორ დავინახოთ ორიონიდები?
მათი დანახვა ღამის ცის ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. იდეალურ პირობებში, მეტეორთა ნაკადის პიკის დროს, საათში დაახლოებით 10-20-მდე მეტეორის დანახვაა შესაძლებელი. მათზე დაკვირვება განსაკუთრებით ისეთ ადგილებში აჯობებს, სადაც ხელოვნური განათება არ არის და გარემო უფრო ბნელია.
მეტეორული წვიმის დანახვის საუკეთესო შანსი რომ გქონდეთ, შეარჩიეთ ადგილი, ქუჩის განათებებისგან მოშორებით, მაქსიმალურად ფართოდ რომ ჩანდეს ცა. მათ დასანახად არც ბინოკლი და არც ტელესკოპი არ იქნება საჭირო, რადგან მეტეორთა ნაკადის დაკვირვება საუკეთესოდ შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი.
წყარო: www.bbc.com/
მოამზადა: ანა სიბოშვილმა