11 წლის ვატო ნარსავიძეს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, გუშინ იაშვილის კლინიკაში კიდევ ერთი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ბავშვს შუნტირება დასჭირდა. ექიმები მის გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს აკეთებენ. ყველას გვჯერა, რომ სიცოცხლით სავსე პატარა ბიჭი ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოვა, შვილის თვალებს შემყურე დედას მალე სიყვარულით დაუძახებს დედას, მალე ჩაეხუტება ჩვეული ღიმილით მშობლებს, რომლებიც დღე და ღამეს კლინიკაში ატარებენ და ლოცულობენ შვილის კარგად ყოფნისთვის.
ოჯახს ისიც გაცნობიერებული აქვს, რომ ვატოს სრულ გამოჯანმრთელებამდე საკმაოდ დიდი გზის გავლა მოუწევს და რეაბილიტაციისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება.
დღეს მშობლები იმის მოლოდინში არიან, თუ როდის ალაპარაკდება მათი შვილი, როდის აამოძრავებს ბავშვი ხელ-ფეხს და როდის დაუბრუნდება ცნობიერება. ლოცულობენ, რომ ვატომ კვლავ ჩვეული ბედნიერებით და სიყვარულით შეძლოს ცხოვრება. დედა ამბობს, მიკვირს ამ პატარა ასაკში ჩემმა შვილმა ამდენი სიყვარულის დათესვა საიდან მოასწრო. ვატო ყველა უყვარს და თვითონაც გიჟდება თავის კლასელებზე, გუნდელებზე და მეგობრებზე. ყოველთვის ცდილობდა, ყველასთვის ესიამოვნებინა, ადამიანები გაეხარებინა. ის ძალიან თბილი და მოსიყვარულეა ბიჭიაო.

სიცოცხლით სავსე საღსალამათი ბავშვის და ბედნიერი ოჯახის ცხოვრება ერთ წუთში შეიცვალა. ახლა ბავშვი გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის. ეს დანაშაული იმ დღეს სამართალდამცავების თვალწინ მოხდა და ბრალდებული ოპერატიულად დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ბრალდებული ახლა მოსამართლის ვერდიქტს დაელოდება. ბავშვის ოჯახი მის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
- თიკო, პირველ რიგში გვითხარით, როგორია დღეს ვატოს ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ვატოს დაუგეგმავი ოპერაცია დასჭირდა, გუშინ გავუკეთეთ და შუნტი ჩაუდგეს თავში, რადგან დაგროვდა სითხე, რომელიც არ გაიწოვა ორგანიზმმა. ვერ შეძლო გაწოვა, სითხე გროვდებოდა, რას არ ეცადნენ ექიმები, რომ დასტაბილურებულიყო მდგომარეობა, მაგრამ ვერ მოახერხეს, ამიტომ სასწრაფოდ გაუკეთდა კიდევ ერთი ოპერაცია. 24 საათის განმავლობაში ვიყავით რეანიმაციაში, ახლა ჩამოვედით პალატაში.
შემდგომში კიდევ ერთი, მესამე ოპერაცია გველოდება, თავის ქალა უნდა დახურონ. ახლა თავზე დასჭირდა შუნტი. ამ ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა, იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მაგრამ როგორც ექიმმა გვითხრა, შეიძლება ბევრი გართულება მოყვეს. ჯერ მეორე დღეა და წინასწარ ვერაფერს გვეუბნებიან. დაკვირვების ქვეშ არის ბავშვი, იმიტომ რომ უცხო სხეულია ორგანიზმში შეტანილი და როგორ აითვისებს მისი ორგანიზმი, ამას აკვირდებიან.
- ბავშვი კონტაქტურია?
-აზრიანი გამოხედვა აქვს, ჯერჯერობით ვატო ვერ ლაპარაკობს, ჯერ მეტყველებაზე ნაადრევია საუბარი, მაგრამ თვალები აქვს გახელილი, აშკარად თვალებით გვესაუბრება, თავის რეაქციებს გამოხატავს, სიხარულს, ემოციას, უბრალოდ ყველაფრის აღქმა არ შეუძლია, არ არის ჯერ ბოლომდე კონტაქტური, ზონდის მეშვეობით იკვებება. ეს არის ძალიან დიდი პროგრესი, ექიმი ყველანაირად კმაყოფილია, მივდივართ წინ, მაგრამ დაგვჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი რეაბილიტაცია.
ღმერთის წყალობით ვართ კარგი შედეგის მოლოდინში. ნელ-ნელა, დრო გვჭირდება, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. ექიმმა გვითხრა ამ ოპერაციის შემდეგ უფრო იქნება პროგრესიო, უფრო აამოძრავებს ხელს და ფეხსო. ვატოს მარჯვენა ხელი და ფეხი პარალიზებული აქვს, ვერ ამოძრავებს. ვერც გვეკონტაქტება, ვერც საუბრობს. ასეთ მდგომარეობაში ვართ, ვართ იმის მოლოდინში რა მდგომარეობა ექნება, როგორ დაიწყებს თუნდაც მეტყველებას, თუნდაც მოძრაობას, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ექიმთან ერთად ჩვენც ვაკვირდებით ყველაფერს, გამოჯანმრთელებას ველოდებით.

არ ვიცი რა მაძლევს ძალას, ყოველდღე იმაზე ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი დადგება ფეხზე, ალბათ ეს ფიქრებიც მაძლევს ძალას. მე და ჩემი მეუღლე შემოვუძახებთ ხოლმე ჩვენ თავს, უნდა გავუძლოთ, სხვა გზა არ გვაქვს, ჩემი შვილის პატრონი მეტი არავინ არის. ეს მაძლევს ძალას, რომ ჩემს შვილს ვჭირდები და არ მაქვს ახლა იმისი დრო, რომ დავეცე და ვიქვითინო, ცუდ რამეზე ვიფიქრო. სულ პოზიტივზე ვფიქრობ. რომ მალე კარგად იქნება. მე მჯერა შინაგანად, რომ ჩემი შვილი კარგად იქნება. ღვთის წყალობის და რაღაც სასწაულის მჯერა. მჯერა, რომ ჩემი შვილი ისევ გაივლის, ისევ ითამაშებს თავის საყვარელ ფეხბურთს, ისევ ისეთი ვატო მეყოლება, როგორიც ადრე მყავდა, სხარტი, ცოცხალი, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე, ამისი ძალიან მჯერა. როცა ამას ვამბობ, რაღაც სასწაული ძალა მაქვს ამ დროს, ვერ წარმოიდგენთ როგორი ძალა მეუფლება ამ დროს, სიტყვებით ვერ ვამბობ.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა გულშემატკივარს. ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩემი შვილისთვის თუნდაც ერთი სანთელი დაანთო, ვინც ეს ამბავი გულთან მიიტანა, ვინც გაიზიარა სიტყვიერად, მორალურად, მატერიალურად, ყველანაირად, ვინც დაგვიდგა გვერდში, ღმერთმა დალოცოს ყველა და ყველას უღრმესი მადლობა. ენით აღუწერელი მადლობა. ამ ხალხის გვერდში დგომა ძალიან დაგვეხმარა და გვეხმარება დღემდე.
არავის არ გაევლოს ეს გზა, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ, არც ერთ დედას. ყველას გვყავდეს შვილი ჯანმრთელი და ბედნიერი. ჩემი ბედნიერი და წარმატებული შვილის ცხოვრება ერთ წუთში შეცვალა დამნაშავემ.
- იქნებ გვიამბოთ იმ დღეს მომხდარი ფაქტის დეტალები
- 31 აგვისტო იყო, შემოვიდა ბავშვი სახლში, ვარჯიშზე იყო, ფეხბურთზე დადიოდა. ჩვეულებრივად წავიდა ვარჯიშზე და 8 საათი იქნებოდა, რომ მოვიდა სახლში. ჭამა საჭმელი და სტადიონზე გავიდა, იქვე გვერდით გვაქვს სტადიონი და მეგობრებთან ერთად უნდა ეთამაშა. სახლიდან ეზოში ჩავიდა გავიდა, 15 წუთიც არ იყო გასული, ვატოს მეგობარი ბავშვი რომ შემოვარდა სახლში, თიკო დეიდა, ვატოს თავზე სკამი დაეცა და ეზოში არის, სისხლის გუბეში ცურავსო. რომ გავედი თავზარდაცემული, მართლა საშინელება ვნახე, ამ განცდების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
ახლოს არ მიგვაკარეს პოლიციელებმა ჩემს შვილთან, რომლებიც იქ იდგნენ და უყურებდნენ ამას. სასწრაფოს ელოდებოდნენ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმ საზიზღარმა დამნაშავემ, იმ დილით თურმე სახლში მოკლა თავისი ძაღლი, დანა ხუთჯერ დაურტყამს, ყელი გამოუჭრია და გადმოუგდია მოკლული ძაღლი მეათე სართულიდან. სამწუხაროდ ამაზე არ ჰქონდა არავის მაშინვე რეაგირება, მაშინ რომ დაეჭირათ, რომ დაერეკათ პატრულისთვის, 112-ში დარეკვის ინიციატივა რომ ჰქონოდა ვინმეს, ამ ამბავს 100 პროცენტით ავცდებოდით. მაგრამ ეს არ მოხდა. მას “აჩქის” ეძახდნენ მეზობლები.
სანამ ეზოში ჩავიდოდნენ, ბავშვი შემოვიდა და თქვა, აჩქის ძაღლი მოუკლავსო, ფეხბურთიდან იმ დროს მოვიდა ჩემი შვილი და ეს ამბავი რომ გაიგო, გაუკვირდა, როგორ არავინ არ უთხრა არაფერი, რამხელა რაღაც დაუშავებიაო და მერე გავიდა ეზოში ბავშვებთან სათამაშოდ. დედამისს შვილზე მეტად უყვარდა ეს ძაღლი, სულ ამ ძაღლს ელოლიავებოდა, სამსახურიდან რომ მოვიდოდა მაშინვე ეზოში გაჰყავდა,
სახლში რომ მოვიდა დედამისი და ეტყობა შეიტყო ძაღლი რომ ჰყავდა მოკლული, ალბათ ამის გამო იჩხუბეს, იკამათა დედა-შვილმა და შვილმა რომ გაიწია დედისკენ, ამ დროს ამ ქალმა პატრულს გამოუძახა. თვითონ ოთახში კარები ჩაკეტა და ჩაიკეტა, ეს გიჟი დატოვა გარეთ. რომ მოვიდა პატრულის მანქანები ეზოში, ამას დაუნახავს ეზოში პატრული და გაბრაზებულს უსვრია მე-10ე სართულიდან სკამი, მიზანმიმართულად ესროლა ეს სკამი პატრულს და პატრულის თანამშრომლისთვის ნასროლი სკამი ჩემს შვილს დაეცა თავზე, პირდაპირ ქუდივით წამოეგო თავზე.
ამ ფაქტს ჰყავს თვითმხილველები, პატრულის თანამშრომლებიც, მეზობლებიც, ის ბავშვიც, რომელიც ჩემს შვილთან ერთად იყო იქ... მერე იყო გამომძიებელი ჩვენთან მოსული და გავიგეთ რომ დამნაშავე იყო 28 წლის დავით ბაგაშვილი, რომელსაც მეტსახელად "აჩქის" ეძახიან და ცხოვრობს ჩვენთან, მეათე სართულზე.
- დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს?
- ეს ცრუ ინფორმაცია არ ვიცი ვინ გაავრცელა. არანაირი გიჟი ის არ არის. სიფხიზლეში ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ ნარკოტიკს იღებდა, თან სვამდა, ნარკოტიკი რომ არ ჰქონდა, ეძალებოდა სასმელს და თრობის დროს არაადეკვატური ხდებოდა. ალკოჰოლს რომ მიიღებდა დიდი რაოდენობით მერე ისეთი საზიზღარი საქციელი ჰქონდა. ყოველ დალევაზე არაადამიანური საქციელი, სიფხიზლეში ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი იყო, სიმთვრალეში არაადეკვატური და საშინელი. ფსიქიკური პრობლემები მას ნამდვილად არ აქვს, არ ვიცი ეს ცრუ ინფორმაცია ვინ გაავრცელა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანია, რომელსაც აქვს ასეთი პათოლოგიური სიმთვრალე, არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ აქვს.
დაცვის პოლიციაში ნამუშევარია და ფსიქიკურად შეშლილ ადამიანს დაცვის პოლიციაში ვინ ამუშავებდა. სიმთვრალეში იყო ასეთი შარიანი და ყოველ დალევაზე ჰქონდა კონფლიქტები, სხვებსაც უშარდებოდა. ოჯახში არ ვიცი, რაღაცა სისულელეებს აკეთებდა ქუჩაში. ეს დამნაშავე 3-ჯერ არის ნასამართლევი ნარკოდანაშაულისთვის. ახლაც ჰქონდა პირობითი, რომ დაესაჯათ და ჩაესვათ ციხეში, ეს უბედურება არ მოხდებოდა.
მას შემდეგ რაც გადმოაგდო სკამი მეათე სართულიდან და ეს ამბავი მოხდა, თურმე მეზობლის სახლში შევიდა და იქ კარადაში დაიმალა. მიხვდა, რაც დააშავა. კარადაში უპოვიათ და იქ დაიჭირეს. გიჟი კარადაში დაიმალებოდა? თავის დაძვრენასაც ცდილობდა დამნაშავე. ჩემმა შვილმა რაც დღეები გამოიარა და რაც დღეები აქ გასავლელი, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ვიღაცა პათოლოგის, საზიზღარი ადამიანის სიმთვრალის გამო სრულიად ჯანმრთელი, სიცოცხლის სავსე, ფეხბურთელი ბავშვი, თავისი ოცნებები რომ ჰქონდა, ბავშვს ყველაფერი დაუნგრია, მისმა არაადამიანურმა საქციელმა. ასეთ მდგომარეობაში ჩამიგდო ჩემი შვილი, რომელსაც ოცნებად ჰქონდა ფეხბურთის თამაში, ყველაფერს აკეთებდა ამისთვის, დაუზარებლად ვარჯიშობდა და ძალიან მოწადინებული იყო, რომ წარმატებული ფეხბურთელი ყოფილიყო. ისე შრომობდა, ისე თამაშობდა, თავის საქმეს ისე უდგებოდა გულიანად, რომ გვიხაროდა დედ-მამას, არ ვიშურებდით არაფერს, გვერდში ვედექით, როგორც შეგვეძლო. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ჩვენ რა გამოვიარეთ. ეზოში რომ ჩავედით სისხლის გუბეში იწვა ჩემი შვილი, დასისხლიანებული, პოლიციამ ახლოს არ მიგვიშვა მშობლები, ახლოს არ გაგვაკარა არც ერთი, ჩემი შვილი ეგდო ასფალტზე პირდაღმა, სუნთქვა ჰქონდა შეკრული. ჩემი ქმარი ეხვეწებოდა პოლიციელებს, რომ მიეშვათ ბავშვთან, მიმიშვით, ნიკაპი გავუსწორო ჩემს შვილს, რომ ამოისუნთქოსო, ამის გასაკეთებლად თქვენი არ იცით მთელი ბრძოლა დასჭირდა.
სასწრაფოს მოსვლამდე შორიდან უყურებდნენ ბავშვს, დიდი ბრძოლის შემდეგ ჩემი ქმარი პირველი მივიდა ბავშვთან რომ პირველადი დახმარება გაეწია და რომ ამოესუნთქა ჩემს შვილს. გაუსწორა ნიკაპი ბევრი ბრძოლის და ჭიდაობის შემდეგ, მაინც მიაღწია ბავშვამდე და პირველად სიღრმისეულად ამოისუნთქა ბავშვმა. მერე უცებ სასწრაფო მოვიდა და გადაგვიყვანეს იაშვილის კლინიკაში.
იქ გაუკეთდა თავის უმძიმესი ოპერაცია. ექვს საათიანი ოპერაცია დასჭირდა. ბატონმა არჩილ აგლაძემ, ნეიროქირურგი არის უძლიერესი იაშვილში, მან ჩაუტარა ეს ორი ოპერაცია ჩემს შვილს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, მადლობელი ვარ, დღემდე დასტრიალებს ჩემს შვილს და მისი გუნდის ყველა წევრს ასევე დიდი მადლობა. თავს ევლებიან ჩემს შვილს, არანაირი ყურადღება არ მოუკლიათ, პირველადი დახმარება იქნება თუ შემდგომი, ყველანაირად გვერდში გვიდგას ეს საავადმყოფო და მისი თანამშრომლები, რომელთა მიმართ მადლიერების მეტი არაფერი მეთქმის.
- ბრალდებულმა დანაშაული აღიარა?
-აღიარაო, თქვა გამომძიებელმა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. წარმოიდგინეთ ასეთ მდგომარეობაშია ჩემი შვილი დღემდე, ბავშვი არ ლაპარაკობს, ორი ოპერაცია ჩაუტარდა, უმძიმესი დაზიანებები აქვს და დამნაშავის დედას ჩემი შვილი არც მოუკითხია. ჩვენ ველოდებით ჩემი შვილის გამოჯანმრთელებას, კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება ბავშვს, შემდეგ ძალიან დიდხნიანი რეაბილიტაცია, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ახლა მთავარია ჩემი შვილი იბრძვის და ის უნდა გამოჯანმრთელდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადმიანს, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა და დაგვიდგება გვერდით.
ეს ოპერაცია, რაც გუშინ გაკეთდა, 9220 ლარი დაჯდა, აქედან 7500 დაგვიფინანსა სახელმწიფომ, დანარჩენი ჩვენ გვაქვს გადასახდელი, წინ ურთულესი რეაბილიტაციის პერიოდი გველოდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ჩემი შვილი ბოლომდე გამოჯანმრთელდეს. მგონი მთელი საქართველო გულშემატკივრობს ვატოს, ვინც გაიგო ჩემი შვილის ამბავი, ყველამ გულთან ახლოს მიიტანა და ამისთვის ყველას დიდი მადლობა,. ბოლომდე უნდა გავიმარჯოთ, ბრძოლა გრძელდება ჩემი შვილის გამოსაჯანმრთელებლად.
პ.ს. ვატო ნარსავიძის რეაბილიტაციისთვის საჭიროა თანხების მოძიება,