ავტორი:

"არსად არავინ მიგიღებს, თუ თვითონ არ მიხვედი და თავი არ დაიმკვიდრე." - თემურ ბაბლუანის ცხოვრება, შემოქმედება, შეხვედრა კონსტანტინე გამსახურდიასთან: "სახალხო ინტერვიუ"

"არსად არავინ მიგიღებს, თუ თვითონ არ მიხვედი და თავი არ დაიმკვიდრე." - თემურ ბაბლუანის ცხოვრება, შემოქმედება, შეხვედრა კონსტანტინე გამსახურდიასთან: "სახალხო ინტერვიუ"

Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი იყო კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუს საინტერესო ეპიზოდების ელექტრონულ ვერსიას, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული გადაცემის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

ნინო:

- მოგესალმებით. როგორ ხართ და რას საქმიანობთ ახლა?

- ახლა დაწყებული გვაქვს ფილმი, რომელსაც "ღრუბლების იქით“ ჰქვია. გადავიღეთ დაახლოებით 20% და გარკვეული მიზეზების გამო გავჩერდით. იმედია, იმ თვის მეორე ნახევრიდან უკვე გავაგრძელებთ გადაღებებს... ამის გარდა, ახალი წიგნის გამოცემასაც ვაპირებ - ალბათ წლის ბოლოსკენ გამოვა.

ნუცა:

- მოგვიყევით ოჯახზე, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ. გაიხსენეთ დედ-მამა და მათი თქვენ მიმართ დამოკიდებულება...

- დავიბადე სვანეთში, ჩოლურის ხეობაში, შვიდ წლამდე იქ ვიზრდებოდი. მამაჩემი ექიმი იყო, დედაჩემი - მასწავლებელი (ასწავლიდა გერმანულსა და ქიმიას, ორი ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული).

1956 წელს გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად. მამაჩემი თბილისთან ახლოს, სოფელ ჯორჯიაშვილში მუშაობდა ექიმად. მე და ჩემი და დავდიოდით სკოლაში. ვსწავლობდი 53-ე სკოლაში, რომელიც დღემდე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია - როცა ჩავუვლი ხოლმე, სევდა მომაწვება გულზე...

ცოტა ხანს ვერაზე ვცხოვრობდით, მერე მთაწმინდაზე გადავედით. იქდან დაიწყო ჩვენი ცხოვრება ქალაქში და საერთოდ ყველაფერი... მშობლები ცდილობდნენ, ნორმალური ადამიანები გავზრდილიყავით, კარგი განათლება მიგვეღო და გვცოდნოდა ღირსებებისა და ფასეულობების ფასი. ჩემს დასთან უფრო გამოუვიდათ. ჩემი და პროფესიით მათემატიკოსია.

გეგა:

- მამის მთავარი დარიგება თქვენ მიმართ რა იყო?

- მამაჩემი ძალიან კეთილი კაცი იყო. თავისებური აზრი ჰქონდა ცხოვრებაზე. ერთი მითხრა, პოლიტიკას არ გაეკარო და არასოდეს არაფერი მოიპაროო...

პარტიაში არ შევსულვარ და არც კომკავშირელი ვიყავი. მოპარვითაც ბევრი არაფერი მომიპარავს, - ერთხელ ფიცარი მოვიპარე. ფიცარი ეგდო, ღობე იყო გასამაგრებელი. ვისია? ვისია? - ვიკითხე. მითხრეს, არავისიო, ავდექი და წამოვიღე, მეზობელს ღობის გამაგრებაში დავეხმარე... მოვიდა პატრონი, - შენ ფიცარი წაგიღიაო. კი-მეთქი. წამოიღე უკანო. არა, თვითონ წაიღე-თქო და წაიღო...

ილიკო:

- სვანეთმა რა მოგცათ და რას ნიშნავს ამ კუთხის შვილობა თქვენთვის?

- სიცოცხლე მომცა, იქ გავჩნდი. სვანი ვარ და ამით ვამაყობდი და ახლაც ვამაყობ. ღირსების განცის პატივისცემა, რაც სვანებს ძალიან სერიოზულად აქვთ, მგონი, ეს მაქვს... სვანური ენაც ვიცი და მეგრულიც... დედაჩემი მეგრელი იყო - ჩხოროწყუდან...

ანანო:

- სვანური ტრადიციების ზედმიწევნით დამცველი ხართ?

- ზედმიწევნობაში რა იგულისხმება, არ ვიცი, მაგრამ იმ ტრადიციებს პატივს ვცემ, მომწონს და რამდენადაც შესაძლებელია, ვიცავ კიდეც და ისე ვცხოვრობ. "მოწონებებისადმი“ მაინცდამაინც მიდრეკილებები არ მაქვს, მაგრამ ის წესები, ურთიერთობების ხასიათი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დიმიტრი:

- რა იყო პირველი ფილმი, რომელიც ნახეთ და რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ? საერთოდ, კინოთი როდის "მოიწამლეთ“?

- პირველი ფილმი სვანეთში ვნახე. სოფელში ამოიტანეს ფილმი, ელოდებოდნენ ღამეს. კედელზე რაღაც ზეწარივით გააკრეს და გამშვები აპარატი დადგეს. დაღამდა და აპარატი ჩართეს, დატრიალდა, იმ თეთრ ფონზე გაჩნდა რაღაც ძალიან დიდი, მრავალსართულიანი სახლები, ძაღლი დადიოდა და ქალი მოეფერა. ქალაქის ხედი და ის ამბავი, რასაც ვუყურებდი, ჩემთვის წარმოუდგენელი აღმოჩენა იყო. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ბავშვები გავიქეცით და იმ "ზეწრის“ უკან ვიყურებდით...

რაც შეეხება სერიოზულად კინოთი ჩემს დაინტერესებას, ერთხელ - ვიღაც ქალი მოვიდა და მითხრა, რეზო ჩხაიძე ფილმს ("ღიმილის ბიჭები“) იღებს, ბავშვებს აგროვებს და შენ მოდიო იქო. ამომარჩია. თავიდან სერიოზულად არ მივიღე, მერე ვკითხე, ფილმი რაზეა-მეთქი? გადაღება ომზეაო. ომზე თუ არის, მოვალ-მეთქი. მომეწონა. წამიყვანა რეზო ჩხეიძემ იმ ფილმზე და ვითამაშე იქ. შედარებით პატარა როლი მქონდა. თუ რამე ვისწავლე კინოში, მაშინ ვისწავლე, იმ გადაღების დროს და რეზო ჩხაიძისგან. ასე გამიჩნდა კინოს მიმართ ინტერესი... მსახიობობა არასდროს მინდოდა, უბრალოდ სიტუაცია ძალიან მომეწონა... მერე სხვადასხვა ინსტიტუტში ვსწავლობდი.

უცნობი:

- სვანეთიდან 6 წლის ასაკში თბილისში გადმოხვედით. როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება დედაქალაქში - მაშინვე მიგიღოთ თბილისმა?

- ჩვეულებრივი... მივედი 53-ე სკოლაში. სვანეთიდან, მთებიდან ჩამოსული ბავშვისთვის გარემო მაინც უცხო იყო. მეორე კლასიდან უკვე 53-ე სკოლაში ვსწავლობდი. დღემდე ვმეგობრობ იმ სკოლის მეგობრებთან. ძალიან კარგი ბიჭები და გოგოები იყვნენ, - მას მერე ცხოვრებამ გაიარა... ხალხმა კაცობის, ნამუსისა და ერთგულების ფასი იცოდა. ამას ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს... მე-11კლასში აქ რაღაც პრობლემა შემექმნა და ისევ სვანეთში დავბრუნდი... მოკლედ, პირველი და მე-11 კლასი სვანეთში ვისწავლე, შუაში კი - თბილისში... არსად არავინ მიგიღებს, თუ თვითონ არ მიხვედი და თავი არ დაიმკვიდრე.

მკითხველი:

- რას ნიშნავს თქვენთვის თბილისი და პარიზი?

- თბილისი ჩემი მშობლიური ქალაქია, დედამიწაზე სხვა ასეთი ადგილი არ არსებობს, თბილისს რომ მერჩიოს. თუმცა, პარიზიც, რასაკვირველია საინტერესოა, მსოფლიო კულტურის ცენტრია თავისი ისტორიით. აუარებელი ღირსება გააჩნია. სანამ პარიზში ჩავიდოდი, მანამდე ვიცოდი მასზე ბევრი რამ, რაც ჩემთვის საინტერესო იყო... თბილისი თბილისია, დედას ვერავინ შეგიცვლის, დეიდას კიდევ არა უშავს (იცინის)...

თბილისელი:

- როგორი იყო თქვენი მთაწმინდა, ანუ უბანი, სადაც ცხოვრობდით?

- მაშინ უბნებს თავის წესები ჰქონდა... თავისებური ხალხი, ურთიერთობები იყო. ღირსებას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, პატიოსნებას, თავმოყვარეობას - ღირსეული მომენტები იყო. ცხოვრების წესი ცოტა რთული გახლდათ, მაგრამ ფასეული... ძველი მთაწმინდელებიდან, ჩემი თაობის ხალხი თითქმის აღარავინ დარჩა. ერთი გურამ მამულაშვილია და კიდევ ერთ-ორი კაცი... ადამიანი რომ დაილაპარაკებდა, ვინ რომელი უბნელი იყო, ხმაზე, ლაპარაკზე ვცნობდი, ასე ვიყავით, ერთმანეთს ვცნობდით. თითქოს ყველა უბანს რაღაცნაირი თავისებურება ჰქონდა, მაგრამ ცხოვრების წესი და რაღაცები ყველგან ერთნაირი გახლდათ. ისე, ადვილი არაფერი ყოფილა...

თაკო:

- როგორ შეეგუეთ და აეწყეთ ფრანგულ ყოფა-ცხოვრებას? რა იყო თქვენთვის იქ მთავარი სირთულე?

- აქ ჩვენი კინოსიტუაცია ძალიან გართულდა, იქ გამიჩნდა შანსი, რომ წავსულიყავი და წავედი, მაგრამ მანამდე სასწავლებლად ბავშვები გავუშვით. ერთი მეგობარი მყავდა, რუსი ებრაელი იყო ტაგანროკიდან, რომელიც 70-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირიდან გაიქცა და იქ გადავიდა... 1987 წელს კანის ფესტივალზე ჩემი ფილმი "ბეღურების გადაფრენა“ რომ აჩვენეს, ის მაშინ ვნახე, მოვიდა. თურმე გაზეთში ჩემს ფილმზე წაუკითხავს და იქვე გვარი ბაბლუანი რომ უნახავს, უფიქრია, მოგვარეებმა ერთმანეთის ამბავი იციან და იქნებ ამ რეჟისორმა თემურის შესახებ რამე იცოდესო (იცოდა, რომ მოგვარეებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი გვაქვს) მოკლედ, ეძებდა რეჟისორ ბაბლუანს, რომ მისთვის ჩემი ამბავი ეკითხა. რომ მნახა, გაუკვირდა, - ეს შენ ხარო?! მდიდარი კაცი აღმოჩნდა და მერე, წლების შემდეგ საფრანგეთში რომ ჩავიდნენ ჩემი შვილები, ბინა მოგვცა მათთვის, რომ ესწავლათ და ეცხოვრათ. მე ამის საშუალება არ მქონდა. მერე სამუშაო მეც შემომთავაზეს და ვიყავით ასე - მივდიოდით და მოვდიოდით. სიტუაცია როგორც რას შემოგთავაზებს, ადამიანი იმის მიხედვით ცხოვრობ, აგრეა.

ლევანი:

- თქვენი სადებიუტო რომანი "მზე მთვარე და პურის ყანა“ მიუძღვენით თქვენს მეუღლეს. ამ ნამუშევრით რისი თქმა გინდოდათ მკითხველისთვის, მეუღლისთვის?

- არაფერი. მოვყევი ამბავი და მივუძღვენი ჩემს ცოლს. წიგნი სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში გამოვიდა. საფრანგეთი პრესაში კარგი გამოხმაურება ჰქონდა, ცენტრალური გაზეთები წერდნენ. ახლა ამერიკაში გამოვა...

ლუკა:

- "უძინართა მზეს,“ რიგი მიზეზების გამო, წლები იღებდით. ეს არის ფილმი, რომელიც ყველას უყვარს... მოგვიყევით ფილმთან დაკავშირებით რაიმე ისეთი ეპიზოდი, რომელიც კადრს მიღმა სიტუაციებს ასახავს?

- ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. გადაღების პროცესი ძალიან რთული იყო, ქვეყანაში სიტუაცია აირია. ხან რა არ იყო და ხან - რა. ვწვალობდით, პრობლემები გვქონდა. ფილმის დასაწყისს მაგალითად, ხმა არ აქვს, დავტოვეთ ისე, როგორც იყო. ტიტრებიც არ არის ისეთ ხარისხში, მაგრამ რა საშუალებაც იყო, ეგ იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ურთულეს პერიოდში აღმოვჩნდით. მახსოვს, გივი სიხარულიძემ თქვა: "ერთი ვიცოდე, ამ ჩვენს ფილმს რომელი მთავრობა ნახავსო,“ ისეთი არეული დრო იყო. დავიწყეთ 1988 წელს, მთავარი გმირი თავიდან ერთი კარგი ადამიანი გვყავდა, მაგრამ ავად გახდა და გამოვცვალე, მერე სხვა იყო, იქაც რაღაც სიტუაცია შეიქმნა, ბოლოს გუჯა ბურდული ჩამოვიდა (გერმანელები ფილმში იღებდნენ) და მასთან ერთად ვიმუშავეთ ბოლომდე.

დოდო:

- ვინ არის თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ და რატომ?

- მეშვიდე-მერვე კლასში ვიყავი, რომ მოთხრობა "რაჟდენი“ დავწერე, რაჟდენი მძღოლი იყო, მამაჩემის ბიძაშვილი, რეალური პიროვნება და მის ისტორიაზე დავწერე. ქუჩაში კონსტანტინე გამსახურდია შემხვდა, გავაჩერე და ვუთხარი: მოთხრობა დავწერე და მინდა წაგაკითხოთ-მეთქი. შენ დაწერე ჩემი წასაკითხი მოთხრობაო?! ბატონო კონსტანტინე, მე თუ ვკითხულობ თქვენს დიდ წიგნებს, თქვენ რომ ჩემი სამი ფურცელი წაიკითხოთ, რა მოხდება-მეთქი? შემხედა, გაეცინა, კარგი, ხომ იცი,სადაც ვცხოვრობ, კოშკში მოიტანეო. მივუტანე. მახსოვს, დაჯდა, რამდენიმე სტრიქონი წაიკითხა და მითხრა, კარგი, მერე წავიკითხავო.

წლების შემდეგ კი ასეთი რამ მოხდა: "ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა მოთხრობა "რაჟდენი“. ეწერა, მოთხრობა ვიპოვეთ დიდი მწერლის არქივში და ავტორს ვთხოვთ, გამოგვეხმაუროს. სვანეთში ვიყავი, ჩემი ძმაკაცი ბიჭიკო სოხაძე დამიკავშირდა, - შენი მოთხრობა დაიბეჭდა "ლიტერატურულ საქართველოში,“ თან წერია, ბაბლუანის ბიჭოო... ჩამოვედი და შევხვდი რედაქტორს, თამაზ წივწივაძე იყო მაშინ მთავარი რედაქტორი. ვუთხარი, ჩემი მოთხრობაა-მეთქი. ეგ ვიცი, წერიაო, მაგრამ მაინც რომ გამოგვხმაურებოდი და დავრწმუნებულიყავით, ამიტომ მივაწერეთო.

კიდევ ერთი ამბავი: სვანეთში ბიძაშვილებმა დათვი მოკლეს, ბელი ჩამოიყვანეს თბილისში. ერთხელაც მე და კოსტა რუსთაველზე ბელს ვასეირნებდით. ხალხი გვეხვეოდა. იყო ერთი ამბავი. მერე გამოეყო კაცი და მეუბნება - ახალგაზრდა ხომ არ ყიდი მაგ ბელსო? "მომყიდე, შვილიშვილისთვის მინდაო“. ვხედავ კონსტანტინეა. გაჩუქებთ ბატონო კონსტანტინე-მეთქი. ხელი მოკიდა და უი, იკბინებაო? ბელმა ცოტა დაიღრინა და, წაიყვანა ბელი... კოსტამ თქვა, - ე, თემო ჯან, აღარც დათვი გვყავს და არც გვიყურებს არავინ. აღარ ვაინტერესებთ არავისო... ბევრი კარგი ადამიანი შემხვედრია ცხოვრებაში, ბევრი კარგი მეგობარი მყოლია - ანზორ დვალიშვილი, ჩემი მეზობელი იყო, უფროს ძმას ვეძახდი, მთაწმინდელი, მერაბ გაჩეჩილაძე, ისიც ჩემი უბნელი, მათ უფროს ძმებს ვეძახდი... არც ერთი აღარ არის ცოცხალი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს... ასე ბევრის გახსენება შეიძლება...

დათო:

- თქვენი შვილები ამბობენ, რომ საფრანგეთში თქვენი ოჯახის გადასვლის ინიციატორი თქვენი მეუღლე, ქალბატონი ლია იყო... როგორ შეხვდით თავად ამ ამბავს?

- დედისთვის შვილი ყველაფერია. დედას რომ გაუჩნდება რაღაცნაირი აზრი, იდეა, ან მიზანი და ჩათვლის, რომ ეს შვილისთვის სასარგებლო იქნება, იქ ლაპარაკი ზედმეტია. მე პირადად ვეთანხმები. ჩემს შეხედულებებზე წინ მის შეხედულებებს ვაყენებ თუ ეს ბავშვებს და ოჯახს ეხება.

ნათია:

- გული რაზე გწყდებათ?

- ჩემი თავით უკმაყოფილო ვარ, ზარმაცი ვარ - თუ რამე არ მომინდა, ისე ვერ ვაკეთებ. ხომ არის, რომ საჭიროა და უნდა გააკეთო, მე არ გამომდის. თუ არ მინდა, არ არსებობს, არ გამომდის და რა ვქნა... ძალიან იშვიათად მინდება რამის გაკეთება... ასეა და რა ვუყო.

ლაკო:

- მუსიკა როდის და როგორ შემოვიდა თქვენთან?

- ჩვენ სვანეთიდან თბილისში რომ გადმოვედით საცხოვრებლად, დედაჩემის იდეა იყო, რომ ქალაქში წამოვსულიყავით, რომ ბავშვები გაზრდილიყვნენ ქალაქში, მიეღოთ შესაბამისი განათლება. მამას არ უნდოდა. ექიმი იყო, იქ საქმე ჰქონდა, თან საქონელს უვლიდა. სოფლის ცხოვრება და იქაური ატრიბუტები მისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ. დედამ წავიდეთ ქალაქში, ბავშვებმა განათლება მიიღონ, მუსიკა ისწავლონო... ჰოდა, შეგვიყვანეს მე და ჩემი და მუსიკალურ სკოლაშიც. მასწავლებელი ქეთო ბოკერია დედას მეგობარი, კარგი ქალი იყო. მეცხრე მუსიკალურში დავდიოდით. მაინცდამაინც არ ვიყავი კარგი მოსწავლე, ნოტები ვისწავლე და მუსიკალური სკოლა როგორღაც დავამთავრე...

მუსიკა თავისით მოდის, ამისთვის არ არის საჭირო, რომ მუსიკალური სკოლა დაამთავრო. არის ხალხი, რომლებსაც მელოდიები გაუჩნდებათ და მღერიან... მე როდესაც ფილმის გადაღებას ვიწყებ, ვფიქრობ, რა განცდები სჭირდება და იმ ამბიდან გამომდინარე თავისით მოდის ის მელოდია. ჩემს ყველა ფილმში ჩემი მუსიკაა. ოღონდ, უძინართა მზეში "რამ და რი-როა“ ჩემი. ჩხუბის თემა რომაა, ის მელოდია სხვისია, არც ვიცი, ვისია. ვერ ვიპოვეთ მისი ავტორი. ასისტენტებმა რომ მოიტანეს, ვუთხარი, ავტორი იპოვეთ-მეთქი. ვერ იპოვეს. არ გამოჩნდა... მუსიკა "ბეღურების გადაფრენაშიც“ ჩემია. მელოდია რომ გაჩნდება, უკვე შეგიძლია ფილმის გადაღება დაიწყო.

მაგდა:

- ალბათ ახალგაზრდობაში გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა საქართველო, როდესაც უკვე გარკვეულ ასაკში იქნებოდით. როგორ გგონიათ, შეესაბამება დღევანდელობა თქვენს მაშინდელ მოლოდონებს?

- რომ მეფიქრა ასეთი იქნება და ისეთი - არა, ასე არ ყოფილა... გულში რაღაც დარდები მქონია იმაზე - რამდენჯერ შემოგვესივნენ, რამდენჯერ ამოგვწყვიტეს, - რთული სიტუაციები ჰქონდა საქართველოს, ძალიან მძიმე... საქართველოს ისტორია ძალიან მიყვარდა და ყველაფერს განვიცდიდი. საერთოდ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ყველამ საკუთარი საქმე უნდა გააკეთოს.. ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ხმა კი არ უნდა დაითვალოს, უნდა აიწონსო. სულელი და ჭკვიანი ერთ ლანგარზე რომ დევს, ეს არ არის სწორი. არ მომწონს დემოკრატიის ზოგიერთი საკითხი (იცინის)...

მკითხველი:

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი?

- ვინც მე მიყვარს, ყველა იყოს ბედნიერად, მშვიდობიანად, ჯანმრთელად და კარგად. საერთოდ, როგორც ამბობენ, აზროვნების უნარი 8-9%-ს აქვს. ვისაც აქვს აზროვნების უნარი, ჩემი სურვილია, რომ მათი გადაწყვეტილებებით, მათი საქმიანობით, ჩემი შვილები და შვილიშვილები ბედნიერები იყვნენ. თვითონ, რა როგორ, ეს არ ვიცი... მე რომ მინდა, ერთია და ასეა?! ასე არ არის ცხოვრება... მინდა, რომ ჭკვიანმა ხალხმა მაქსიმალურად მოახერხოს ის, რომ მათი ჭკუა ქვეყანას მოხმარდეს და გამოადგეს. შენს სამშობლოსა და მიწაზე, სისხლსა და ცაზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერი არ არის ჩემთვის, სხვისთვის - არ ვიცი.

დიდი მადლობა კითხვებისათვის! თუ ვერ მოვახერხე ისეთი პასუხების გაცემა, რასაც თქვენ და თვითონ კითხვები იმსახურებდა, ამაზე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მე რაც შემეძლო, ის შემეძლო.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/5Z2hwPznvYI?si=fKS68TMUkuzRZQPo" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>