"ავსტრიის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც ისრაელიდან ავსტრიაში მიფრინავდა, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინების გამო, იძულებული გახდა ბულგარეთში დაშვებულიყო, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ Airbus A320 თვითმფრინავმა, რომელიც თელ-ავივიდან ვენაში მიფრინავდა, სოფიაში ავარიული დაშვება განახორციელა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
"ავსტრიის ავიახაზებმა“ დაადასტურა ინფორმაცია ბომბთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია. კომპანიის პრესსპიკერმა მედიას განუცხადა, რომ თვითმფრინავში 51 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, გასულ თვეში თელ-ავივისკენ მიმავალ Flydubai-ს რეისზე, ერთ-ერთმა პილოტმა ხომალდის მეთაურზე თავდასხმით თვითმფრინავის ხელში ჩაგდება სცადა; თუმცა, ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა მისი განეიტრალება შეძლეს, რის შემდეგაც თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა.