თუ ვახო სანაიას ჰყოფნის სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს - მესმის, რომ როდესაც ევროკავშირის ელჩია თავად ის, ვინც სიძულვილს მხარს უჭერს და აქეზებს, შემდეგ ზოგს ცდუნება აქვს, რომ თავი მოაწონოს ევროკავშირის ელჩს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ადმინისტრაციული წესით 30-დღიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ვახო სანაიას მის გამო არ აპატიმრებენ და ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფის ადრესატი პოსტფაქტუმ იგებს, როგორც შეურაცხყოფის, ისე სასჯელის გამოყენების შესახებ ინფორმაციას.
ეს რამე ახალი კი არ არის, ათწლეულებია ეს პრინციპი მოქმედებს, რომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა არის დაუშვებელი. მგონი, ეს მინიმალური სტანდარტია, რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროს. ადამიანურადაც ასეა და კანონმდებლობითაც ასეა. სიძულვილს ვინც აქეზებს, კი ვნახეთ ჩვენ ევროკავშირის ელჩი, როგორ ცეკვავდა სიძულვილის გამავრცელებელი ხალხის დაკრულზე. ასე რომ, მესმის, როდესაც ევროკავშირის ელჩია თავად ის, ვინც სიძულვილს მხარს უჭერს და აქეზებს, შემდეგ ზოგს ცდუნება აქვს, რომ თავი მოაწონოს ევროკავშირის ელჩს და აჩვენოს, რომ მას მეტი სიძულვილის გამოხატვა შეუძლია, ვიდრე სხვას. მოაწონონ თავი ევროკავშირის ელჩს თუ უნდათ, საქართველოს კანონმდებლობით ყველაფერზე პასუხი მოეთხოვებათ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
"სოცმედიაშიც უხამსობა არის შემცირებული, მე მგონი ეს ყველას ინტერესშია უხამსობა, ლანძღვა - გინება არ იყოს საჯარო სივრცეში. არანაირი კავშირი აზრის გამოხატვასთან, უხამსობას არ აქვს და ის არ არის დაცული აზრის გამოხატვის თავისუფლებით. ყველას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ იყოს უხამსი, იყოს სიძულვილის ენის მატარებელი, გადაწყვიტოს, რომ ლანძღვა-გინებით იყოს დაკავებული, მათ შორის ვახო სანაიას შეუძლია იყოს უხამსი, უბრალოდ ამაზე პასუხი არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასე რომ, თუ მას ყოფნის ეს სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
ასევე იხილეთ: