ავტორი:

საფრანგეთის ზოგიერთ ქალაქში ნაწილობრივი "კომენდანტის საათი" დაწესდება - რას აცხადებს ქვეყნის პრემიერი

საფრანგეთის ზოგიერთ ქალაქში ნაწილობრივი "კომენდანტის საათი" დაწესდება - რას აცხადებს ქვეყნის პრემიერი

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ზოგიერთი ქალაქის მერს მიეცა უფლებამოსილება, ნაწილობრივი "კომენდანტის საათი“ დააწესოს.

მისი განმარტებით, ამ ნაბიჯის მიზანი მოსახლეობისა და ბიზნესის დაცვაა.

ამასთან, სებასტიან ლეკორნუმ არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქალაქებს მიენიჭათ ეს უფლებამოსილება.

  • პრემიერის თქმით, მთავრობა ასევე გამოყოფს თანხებს დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად; დაფინანსება სწორედ იმ პირების ხარჯზე იქნება უზრუნველყოფილი, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებზე არიან პასუხისმგებლები.

"იქნება კანონი, რომელიც უზრუნველყოფს მექანიზმებს იმისათვის, რომ ქონების დამაზიანებელმა პირებმა ზარალი აანაზღაურონ“, - აღნიშნა სებატიან ლეკორნუმ.

მისი თქმით, შაბათ-კვირას განვითარებულ არასტაბილურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ულტრამემარცხენე რადიკალურ ჯგუფებს ეკისრებათ.

"არსებობს მოძრაობა, რომელსაც სათავეში ულტრამემარცხენე რადიკალური ჯგუფები უდგანან. მათ ნამდვილად სურთ დესტაბილიზაციის გამოწვევა და ჩვენს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქაოსის შექმნა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრემიერმა.

ლეკორნუს თქმით, ამ ვითარების გათვალისწინებით, პოლიტიკური შეხვედრებისა და შეკრებების ირგვლივ უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება, რათა "მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში დემოკრატიამ შეუფერხებლად იფუნქციონიროს“.

"არ დავუშვებთ, ქვეყანას წესები დაუწესონ და მართონ მათ, ვინც ნგრევას იწვევს, ქურდობს და ხულიგნობს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრემიერმა.

მისი თქმით, შაბათ-კვირას გამართული საპროტესტო აქციების დროს არეულობასა და ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული პირების დაახლოებით 80%-ს სისხლისსამართლებრივი ბრალდებები ემუქრება.