ასტრონომებმა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელიც უჩვეულო, მწვანე ნათებით გამოირჩევა. მეცნიერების განმარტებით, მისი ფერი ატმოსფეროში არსებული ქიმიური ელემენტებით არის განპირობებული, რომლებიც შესაძლოა, მკვდარი პლანეტების კლდოვანი ნარჩენების შთანთქმის შედეგად დაგროვდა. მკვლევრები ამ ტიპის ციურ სხეულებს “ზომბ“ ვარსკვლავებს უწოდებენ.

ჩვეულებრივ, ვარსკვლავის ფერს მისი ზედაპირის ტემპერატურა განსაზღვრავს: შედარებით ცივი ვარსკვლავები მოწითალო ან ნარინჯისფერია, ცხელი კი - ლურჯი ან თეთრი. თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ თეთრი ჯუჯების შემთხვევაში ფერზე გავლენას ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობაც ახდენს.

მკვლევრების განმარტებით, WD J1330+6435-ის ატმოსფეროში ნატრიუმის, კალციუმისა და ლითიუმის კვალი აღმოჩნდა. ეს ელემენტები, სავარაუდოდ, ვარსკვლავის გარშემო არსებული პლანეტური სისტემის კლდოვანი ნარჩენებიდან მოხვდა. ნატრიუმი სინათლის სპექტრის ნარინჯისფერ და წითელ ნაწილს შთანთქავს, რის შედეგადაც ვარსკვლავი მომწვანო ელფერს იღებს.
ეს არის ვარსკვლავის დარჩენილი ბირთვი, რომელიც მას შემდეგ წარმოიქმნება, რაც ვარსკვლავი საწვავს ამოწურავს და სიცოცხლის ძირითად ეტაპს ასრულებს.

თეთრი ჯუჯა სინათლესა და სითბოს კვლავ გამოყოფს, თუმცა მასში ენერგიის გამომუშავების ძირითადი პროცესი - ბირთვული შერწყმა უკვე შეწყვეტილია. მიუხედავად ამისა, მისი ძლიერი გრავიტაცია ახლომდებარე პლანეტების, ასტეროიდებისა და სხვა კლდოვანი სხეულების ნარჩენებს იზიდავს. როდესაც ეს მასალა ვარსკვლავში ხვდება, მის ატმოსფეროში სხვადასხვა ქიმიური ელემენტი გროვდება და შესაძლოა, ფერიც შეცვალოს.