ავტორი:

შიმშილით მოკლული 190 ბავშვი და ტყეში ნაპოვნი 400-ზე მეტი გვამი - სასტიკი კულტის შემქმნელ კენიელ პასტორს ასამართლებენ

შიმშილით მოკლული 190 ბავშვი და ტყეში ნაპოვნი 400-ზე მეტი გვამი - სასტიკი კულტის შემქმნელ კენიელ პასტორს ასამართლებენ

კენიის სასამართლომ განხილვა დაიწყო მასობრივი მკვლელობის საქმეზე მთავარ ბრალდებულს - “განკითხვის დღის“ მქადაგებელ პასტორი პოლ მაკენზის. მაკენზის და მის 29 მიმდევარს 191 ადამიანის მკვლელობა ედებათ ბრალად, რომელთაგან 190 ბავშვია.

პასტორ მაკენზის მოძღვრებით, მიმდევრებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, შიმშილით უნდა მოეკლათ თავი, რათა “ქრისტეს შეხვედროდნენ“. მისი დოქტრინა კრძალავდა განათლებას და თანამედროვე მედიცინას “ბოროტებად“ აცხადებდა.

მაკენზიმ 2003 წელს დააარსა ორგანიზაცია Good News International Ministries, რომელმაც 16 წლის განმავლობაში ათასობით მიმდევარი მიიზიდა. იგი საკუთარი ტელეარხის, Times TV-ის საშუალებით ავრცელებდა ქადაგებებს, სადაც განათლებას “ბოროტებას“, ჯანდაცვას “დოქტრინის საწინააღმდეგოს“, ხოლო ციფრულ პირადობის მოწმობებს “ეშმაკის ნიშანს“ უწოდებდა.

2019 წელს მან მთავარი ეკლესია დახურა და მიმდევრებთან ერთად შაკაჰოლას ტყეში გადავიდა.

  • “ტანსაცმელივით ერთმანეთზე დაწყობილი გვამები“ - შაკაჰოლას ტყის საზარელი აღმოჩენა

ოფიციალური პირების ცნობით, შაკაჰოლას ტყეში, მასობრივ საფლავებში 400-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს.

“ყველა საფლავში სულ მცირე სამი ცხედარი მაინც იყო, ზოგიერთი რამდენიმე კვირის ჩვილის ნაშთს წარმოადგენდა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მესაფლავემ. სხვა მესაფლავის თქმით, ერთ-ერთ საფლავში 12 ბავშვის ცხედარი ერთ მწკრივად, ტანსაცმელივით ერთმანეთზე დაწყობილი იპოვეს. ზოგ ბავშვს ხელები და ფეხები შეკრული ჰქონდა, სხეულები კი ზეწრებში იყო გახვეული.

  • დაკარგული 6 ბავშვი, გაპარსული თავები და ტელევიზორით დაწყებული ტრაგედია

შაკაჰოლას ტყის კულტს 48 წლის სტეფენ მვიტის 6 შვილი შეეწირა. მისი თქმით, როდესაც მაკენზისთან დასაპირისპირებლად მივიდა, მის გარშემო ათობით თმაგადაპარსული ქალი და ბავშვი იხილა, რადგან მაკენზი კრძალავდა მაკიაჟსა და ვარცხნილობებს.

“დღეს მაკენზის რომ შევხვდე, ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა მოკვდეს. შაკაჰოლას ტყეში ჩემი ექვსივე შვილი დაიღუპა, საიდანაც მხოლოდ ერთი ვაჟის ნაშთების პოვნა და დაკრძალვა შევძელი,“ - განაცხადა მვიტიმ. მან აღნიშნა, რომ ეს უბედურება მის სახლში ტელევიზორით დაიწყო, საიდანაც მაკენზის ქადაგებებს უყურებდნენ.

მაკენზი და მისი 29 მიმდევარი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ სიკვდილი არავისთვის დაუძალებიათ.

წყარო