ჰორმუზის სრუტის მახლობლად, სავაჭრო გემებზე თავდასხმების ესკალაციის ფონზე, ათასობით მეზღვაური კვლავ ბლოკადაში მოქცეული რჩება. ამის შესახებ გასულ კვირას გაეროს უმაღლესმა საზღვაო ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

აღნიშნული გაფრთხილება Financial Times -ის იმ ცნობების ფონზე გავრცელდა, რომელთა თანახმადაც დაახლოებით ორ კვირაში აღნიშნულ საზღვაო მარშრუტზე უკვე 24 გემს დაესხნენ თავს, რამაც რეგიონში საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთება კიდევ უფრო გაამწვავა.

“ამ თავდასხმებს კვლავ ეწირებიან მეზღვაურები, ხოლო კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 6,000-მდე მეზღვაური მახეში გაბმული რჩება“, - განაცხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა, არსენიო დომინგესმა და დასძინა, რომ მისი რეკომენდაციაა, ხომალდებმა არ გაიარონ ჰორმუზის სრუტე და არ ჩააგდონ მეზღვაურები საფრთხეში მანამდე “სანამ შესაბამისი გარანტიები არ იარსებებს“.
დომინგესის გაფრთხილებას წინ უძღოდა 9 ოქტომბერს ირანის მიერ IMO-სთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც თეირანი აცხადებდა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები სპარსეთის ყურეში მყოფი ირანული ეკიპაჟების დაშინების მიზნით VHF Channel 16-ს, საერთაშორისო საზღვაო სიხშირეს იყენებენ, რომელიც უბედურების სიგნალისა და უსაფრთხოებისთვისაა განკუთვნილი.


“აშშ-ის საზღვაო ბლოკადა უკვე თვეებია მოქმედებს და ამის შესახებ ყველა საერთაშორისო მეზღვაურს პროფესიონალურ დონეზე ეცნობება, გემები, რომლებიც უარს ამბობენ ბლოკადის მოთხოვნების შესრულებაზე, იღებენ მრავალჯერად გაფრთხილებას და ეძლევათ საკმარისი შესაძლებლობა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, - აცხადებს თავის მხრივ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM).


9 ოქტომბრის მონაცემებით, IMO-ს კონფლიქტის რეგიონში 100 დადასტურებული საზღვაო ინციდენტი ჰქონდა დარეგისტრირებული; 28 თებერვალს კონფლიქტის დაწყების შემდეგ კი უკვე 24 მეზღვაურია დაღუპული. დომინგესმა ასევე გააფრთხილა მსოფლიო საზოგადოება, რომ საფრთხის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ გემების ყალბი რეგისტრაციისა და დროშების გამოყენება იქცა.