სამხრეთ პოლონეთში, “ბიეშჩადის მთების“ საფეხმავლო ბილიკზე, დედამ ორი შვილი იმის გამო მიატოვა, რომ ისინი “წუწუნებდნენ“ და თვითონ მწვერვალისკენ გაემართა.
“იმ ადგილთან ახლოს ვიყავით, სადაც მუჩნეს მაღლა ლურჯი და ყვითელი ბილიკები იყოფა, ფილიალის ჯგუფთან ერთად ვსეირნობდით. უეცრად გულსაკლავი ტირილი და ბავშვის ყვირილი გავიგონეთ, გავჩერდით. ბილიკის პირას მდგარ ორ დაბნეულ, მტირალ, 8 წლის ბავშვს და მის 14 წლის ძმას წავაწყდით, მათგან ვიგებთ, რომ დედამ ისინი მარტო მიატოვა და მწვერვალის დასაპყრობად გზა გააგრძელა (სადამდეც ამ ადგილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალი იყო დარჩენილი). წასვლისას კი ბავშვებს უთხრა, რომ თუ წუწუნებდნენ და სიარული არ სურდათ, თხუთმეტი წუთი დაელოდებოდნენ“, - წერია პოლონეთის ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის საზოგადოების ჟეშუვის ფილიალის Facebook გვერდზე.
თუმცა, მარტოდ დატოვებულ ბიჭებს 15 წუთზე ბევრად დიდხანს მოუწიათ ლოდინი.
როგორ პოსტიდან ირკვევა მიდამოში სქელი ნისლი ჩამოწვა, რამაც აღშფოთებული ტურისტები იძულებული გახადა, პატარა ბიჭებზე თავად ეზრუნათ. დაახლოებით მეოთხედი საათის შემდეგ ნისლში სპორტული აღნაგობის ქალი გამოჩნდა. უმცროსი შვილი მას ხელებში წაეტანა და ტირილი დაიწყო. როდესაც ქალს შენიშვნა მისცეს, თუ როგორ შეეძლო არასრულწლოვანი ბავშვების დატოვება, მან ცივად უპასუხა, რომ მხოლოდ ცოტა ხნით იყო წასული, მაღლა ასვლა სურდა, ბავშვები კი დასახული მიზნის მიღწევაში ხელს უშლიდნენ.
ინციდენტმა პოლონეთში დიდი საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია.