ავტორი:

2200 წლის თითის ანაბეჭდებმა ტერაკოტის არმიის შემქმნელი გამოავლინა - ახალმა კვლევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა

2200 წლის თითის ანაბეჭდებმა ტერაკოტის არმიის შემქმნელი გამოავლინა - ახალმა კვლევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა

ათასობით წლის განმავლობაში საკუთარი საპატიო მოვალეობის ერთგული ეს იდუმალი არმია სიბნელეში უხმოდ და უძრავად იდგა. ისინი ტერაკოტის მეომრები არიან, გუშაგები რომლებიც 2,200 წლის წინ ჩინეთის იმპერატორის, ცინ შიხუანდის აკლდამის დასაცავად ოსტატურად გამოაქანდაკეს.

ნამუშევარი საოცრად დახვეწილია, ერთი შეხედვით, ათასობით მეომარი ერთმანეთს წყლის ორი წვეთივით ჰგავს, თუმცა დაკვირვებისას სახეების, ვარცხნილობებისა და აბჯრის გასაოცარ მრავალფეროვნებას აღმოაჩენთ, რაც ოსტატობის მწვერვალს წარმოადგენს.

  • არქეოლოგები ვარაუდობდნენ, რომ მთელი არმია ზრდასრული მამაკაცების მიერ იყო შექმნილი. თუმცა, ახალი კვლევა ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს.

მოქანდაკეებმა, რომელთა შემოქმედებამაც იმპერატორზე ბევრად დიდხანს იცოცხლა ჯერ კიდევ სველ თიხაზე საკუთარი თითის ანაბეჭდები დატოვეს. სწორედ ეს ანაბეჭდები მოწმობს, რომ ამ გრანდიოზულ წამოწყებაში, სავარაუდოდ, კაცებთან ერთად ქალები და ბავშვებიც მონაწილეობდნენ.

ტერაკოტის არმია პირველად 1974 წელს, მათი სიბნელეში 2,000 წელზე მეტი ყოფნის შემდეგ გამოჩნდა. ფერმერებმა, რომლებიც იმპერატორის აკლდამიდან დაახლოებით 1.5 კილომეტრში ჭას თხრიდნენ, თიხის მეომრების ნამსხვრევებს მიაგნეს. მათ სრულიად შემთხვევით მიაგნეს მიწისქვეშა გიგანტურ არმიას, რომლის სრული მასშტაბის გამოვლენასაც წლები დასჭირდა.

დღეისათვის ცნობილი ტერაკოტის არმია ათასობით ნატურალური ზომის ქანდაკებისგან შედგება. დაახლოებით 8,000 მეომარი, 520 ცხენით შებმული 130 ეტლი და კიდევ 150 საბრძოლო ცხენი. თუმცა იმპერატორის გრანდიოზული ნეკროპოლისის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ გაუთხრელია და მისი სრული შინაარსი უცნობია.

ასევე უცნობი რჩებოდა იმ ოსტატთა ვინაობაც, ვინც ეს მონუმენტური ნამუშევარი შექმნა. არსებობდა ურყევი ვარაუდი რომ ოსტატები მხოლოდ კაცები იყვნენ, თუმცა ახალმა კვლევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ახალი კვლევა ერთ-ერთი გათხრილი ორმოდან ამოღებულ 36 მეომარს ეფუძნება, პირველადმა დათვალიერებამ 91 თითის ანაბეჭდი გამოავლინა, საიდანაც 12 მოგვიანებით გამოირიცხა, რადგან ისინი ერთი და იმავე პირების მიერ დატოვებული იყო. საბოლოო ანალიზისთვის 79 ანაბეჭდი დარჩა.

შესაძლოა იფიქროთ, რომ ცალკეული თითის ანაბეჭდი ბევრს არაფერს ამბობს ადამიანზე, გარდა იმისა, რომ ის ნამდვილად ადამიანი იყო. თუმცა ეს შეცდომაა: საიდუმლო ანაბეჭდის ზომაში კი არა, მის ხაზებს შორის არსებულ მცირე მანძილში იმალება.

როგორც მკვლევრები განმარტავენ, ადამიანის ზრდასთან ერთად, თითის ანაბეჭდის ზოლებს შორის მანძილი იზრდება, თუმცა ბიჭებსა და გოგონებს შორის განსხვავება მცირეა. ჩონჩხის ჩამოყალიბების შემდეგ ზრდა ჩერდება, ზრდასრულ მამაკაცებს ხაზებს შორის ოდნავ უფრო დიდი დაშორება აქვთ, ვიდრე ქალებს. ეს ნიშნავს, რომ ხაზებს შორის საშუალო მანძილს (ზოლის საშუალო სიგანეს) შეუძლია ადამიანის ასაკსა და სქესზე მიგვანიშნოს.

შედეგად ქანდაკებების ოსტატების დემოგრაფიული სურათი ბევრად უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ვიდრე ეს აქამდე ეგონათ. კერძოდ, აღმოჩენილ ანაბეჭდებს შორის 45% - ზრდასრული მამაკაცს ეკუთვნის, 32.7% - ზრდასრული ქალს; ხოლო ანაბეჭდების 22.3% - 15 წლამდე ასაკის ბავშვებისა.

წყარო