ავტორი:

"მიაჩნდათ, რომ გარდაცვლილებმა "იესოზე იქორწინეს“ - სექტის ლიდერი, რომელიც მიმდევრებს შვილების შიმშილით მოკვლისკენ მოუწოდებდა, 191 ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

"მიაჩნდათ, რომ გარდაცვლილებმა "იესოზე იქორწინეს“ - სექტის ლიდერი, რომელიც მიმდევრებს შვილების შიმშილით მოკვლისკენ მოუწოდებდა, 191 ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

კენიაში მოქმედი რელიგიური სექტის ლიდერი, პოლ მაკენზი, 191 ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. დაღუპულთაგან თითქმის ყველა ბავშვია. გამოძიების თანახმად, მაკენზი მიმდევრებს შვილების შიმშილით სიკვდილამდე მიყვანისკენ მოუწოდებდა, რათა მათ, მისი მოძღვრების მიხედვით, "იესოსთან შეხვედრა“ შესძლებოდათ.

  • სასამართლომ მაკენზისთან ერთად სექტის კიდევ 28 ლიდერი ცნო დამნაშავედ. ყველა მათგანი ბრალდებას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ სიკვდილი არავისთვის დაუძალებიათ. რვასაათიანი განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლე დიანა მოჩაშემ განაცხადა, რომ მაკენზის მიმდევრებს სჯეროდათ, თითქოს ის "იესოს ხმა“ იყო.

ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების თანახმად, მაკენზი მიმდევრებს ეუბნებოდა, რომ ვინც მარხვის შეწყვეტას შეეცდებოდა, "წიხლებითა და ცემით უნდა გაეგზავნათ სამოთხეში“. სექტის წევრების დაკრძალვას ტყეში "ქორწილს“ უწოდებდნენ. მოსამართლის განმარტებით, მიაჩნდათ, რომ გარდაცვლილებმა "იესოზე იქორწინეს“.

ერთ-ერთმა მოწმემ სასამართლოს უამბო ორსული ქალის შესახებ, რომელსაც ახალშობილი ბავშვის ძუძუთი კვება აუკრძალეს. ჩვილი 12 დღის შემდეგ გარდაიცვალა. "მას უთხრეს, რომ სიკვდილამდე უნდა ემარხულა და შვილებს გაჰყოლოდა“, - განაცხადა მოწმემ.

ტყეში 400-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს

პოლ მაკენზი 2023 წელს დააკავეს მას შემდეგ, რაც კენიის სანაპიროსთან მდებარე შაკაჰოლას ტყეში, სადაც ის მიმდევრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ეპატიჟებოდა, მასობრივ სამარხებში 400-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედრების ამოსათხრელად ახლომდებარე ქალაქიდან 17 ადამიანი დაიქირავეს. ზოგიერთ მათგანს დღეში მხოლოდ 8 დოლარს უხდიდნენ.

"ყველა სამარხში სულ მცირე სამი ცხედარი გვხვდებოდა“, - განუცხადა BBC-ს ერთ-ერთმა მუშამ. მისი თქმით, ზოგიერთი მათგანი სულ რამდენიმე კვირის ჩვილის ნეშტი იყო.

"ერთხელ ერთ სამარხში ბავშვების 12 ცხედარი ვიპოვეთ, ერთმანეთის მიყოლებით. საშინელი სანახავი იყო - ისინი ტანსაცმელივით ეწყო, ერთი მეორეზე“, - იხსენებს ის.

მუშების თქმით, ზოგიერთ ბავშვს ხელები და ფეხები შეკრული ჰქონდა, ცხედრები კი ზეწრებში იყო გახვეული.

მიუხედავად იმისა, რომ სექტის წევრთა დიდი ნაწილი კენიის სხვა რეგიონებიდან იყო ჩასული, ზოგიერთი მათგანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნაცნობი აღმოჩნდა. სექტის წევრები ახლომდებარე ქალაქ შაკაჰოლაში ხშირად მიდიოდნენ პროდუქტების შესაძენად და მდინარე გალანადან წყლის მოსატანად.

  • "ზოგჯერ ადამიანებს მოტოებით ტყეში ვაცილებდით, მაგრამ ყველაფერი იმდენად დაგეგმილი და საიდუმლო იყო, რომ ვერავინ ხვდებოდა, იქ სინამდვილეში რა ხდებოდა“, - განაცხადა კიდევ ერთმა მუშამ, სალიმ კარისამ.

სტივენ მვიტი, რომელმაც სექტის გამო ექვსივე შვილი დაკარგა, სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა. მისი ყოფილი მეუღლეც მაკენზისთან ერთად დამნაშავედ ცნეს. განაჩენის გამოცხადებამდე მვიტი ემოციურად იხსენებდა შვილებს. მისი თქმით, ექვსივე შვილი შაკაჰოლას ტყეში დაიღუპა, თუმცა მხოლოდ ვაჟის, სამუელის, ნეშტის პოვნა და დაკრძალვა შეძლო.

სექტის მოძღვრება განათლებასა და მედიცინას კრძალავდა

მაკენზიმ 2003 წელს ეკლესია "Good News International Ministries“ დააარსა. მომდევნო 16 წლის განმავლობაში მისი ეკლესია პოპულარული გახდა და კენიაში ათასობით მიმდევარი შეიძინა. ეკლესიას საკუთარი ტელეარხიც ჰქონდა - Times TV, რომელიც მალინდიში მაკენზის ქადაგებებს გადასცემდა.

ქადაგებები "ბოლო ჟამის“ თემას ეძღვნებოდა. მაკენზი განათლებას "ბოროტებას“ უწოდებდა, ჯანდაცვას - მოძღვრებასთან შეუთავსებელს, ხოლო ციფრულ პირადობის მოწმობებს "ეშმაკის ნიშანს“ უკავშირებდა.

  • მაკენზის ვაჟის, დენ პოლ მაკენზის თქმით, ის ეკლესიაში ოპერატორად მუშაობდა. ბავშვები დარბაზის უკანა ნაწილში ისხდნენ, უფროსები კი - შუაში, და დილაობით ყველა ერთად მღეროდა რელიგიურ სიმღერებს. თვითგამოცხადებული პასტორი ქადაგებას შუადღისას იწყებდა. მისი ქადაგებების ნაწილი დემონების განდევნის რიტუალებსაც მოიცავდა.

ეკლესია 2019 წელს დაიხურა, რის შემდეგაც მაკენზი შაკაჰოლას ტყეში გადავიდა და მიმდევრებს ტყეში გაყოლისკენ მოუწოდებდა.

23 წლის პიტერ შუკრანის დედა შვილთან ერთად ტყეში გადავიდა. შუკრანიმ მაკენზის ეკლესიაში სიარული რვა წლის ასაკში დაიწყო და მას "სულიერ მამას“ უწოდებდა. ტყეში ყოფნისას შუკრანი ავად გახდა, თუმცა მდგომარეობა გაუუარესდა, რადგან მედიკამენტების გამოყენება აკრძალული იყო.

"დედაჩემი ყველა წამალს, რომლის მიღებაც გამოჯანმრთელებისთვის მჭირდებოდა, აგდებდა, რადგან სჯეროდა, რომ მხოლოდ ღმერთს შეეძლო ჩემი განკურნება“, - განაცხადა მან. შუკრანის თქმით, ის რამდენიმე კვირის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული. საბოლოოდ, მისი გადარჩენა მოხერხდა.

"შაკაჰოლას ტყიდან რომ არ გამოვეყვანე, მოვკვდებოდი“, - ამბობს კაცი.

მიუხედავად გადატანილი ტანჯვისა, შუკრანი კვლავ დადებითად საუბრობს მაკენზიზე და ამტკიცებს, რომ პასტორი კარგი ადამიანია, რომელსაც მასზე ზრუნვა სურდა. მისი თქმით, მაკენზი არავის აიძულებდა მარხვას და ადამიანები გადაწყვეტილებას საკუთარი რწმენის საფუძველზე იღებდნენ.

"მე ის კვლავ მიყვარს და ის ისევ ჩემი პასტორია“, - განაცხადა შუკრანიმ.

მაკენზის სხვა ბრალდებებიც აქვს წაყენებული

მაკენზისა და სექტის სხვა ლიდერების წინააღმდეგ რამდენიმე სხვა საქმეც მიმდინარეობს, მათ შორის ტერორიზმის, რადიკალიზაციისა და ბავშვებისთვის განათლების მიღების აკრძალვის ბრალდებებით.

შაკაჰოლას ტყეში აღმოჩენილი ბევრი ცხედრის იდენტიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა მათი დაშლის მაღალი ხარისხის გამო. სასამართლო დოკუმენტებში ზოგიერთი მათგანი მხოლოდ როგორც "უცნობი მამრობითი სქესის ბავშვია“ მითითებული, სამარხის მდებარეობისა და აღმოჩენის თარიღის მიხედვით.

სასამართლოში წარმოდგენილი მასალების თანახმად, სექტის მიმდევრები შიმშილით, გაგუდვითა და ცემითაც დაიღუპნენ.