ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საელჩოში ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.
ადგილზე უკვე მივიდნენ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი, "ფედერალისტების" ლიდერი გიგა ბოკერია, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ასევე, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის მისი ბუნებრივი მოკავშირეებისგან მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
"ქვეყანაში მთავარი თემა არის დემოკრატიის განადგურება და ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების აკრძალვა, ეს გახლავთ დემოკრატიული პროცესის საბოლოო განადგურება, წერტილის დასმა ყველა იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის რომელიც რეალურად იქნება ანტისაოკუპაციო ხაზის მატარებელი, რეალურად ოპოზიციური და რა თქმა უნდა, ეს კარგად ესმის ყველას. ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც ეხება არამხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ ეხება ევროპულ უსაფრთხოებას. ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა ტიპის მხარდაჭერა, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და ჩვენ, ზოგადად, უნდა გვქონდეს ჩვენ ბუნებრივ მოკავშირეებთან ურთიერთობა მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი მათ ებრძვის“, - აცხადებს ფავლენიშვილი.