ავტორი:

ხელოვნურ ინტელექტს კიბოს მქონე პაციენტის გადარჩენის პროგნოზირება მხოლოდ ერთი სელფის საფუძველზე შეუძლია - რა აჩვენა ახალმა კვლევამ

ხელოვნურ ინტელექტს კიბოს მქონე პაციენტის გადარჩენის პროგნოზირება მხოლოდ ერთი სელფის საფუძველზე შეუძლია - რა აჩვენა ახალმა კვლევამ

ექიმებმა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი შეიმუშავეს, რომელსაც სახის მხოლოდ ერთი ფოტოს საფუძველზე შეუძლია იწინასწარმეტყველოს, რამდენად მაღალია კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტის გადარჩენის შანსი.

  • აღნიშნული ინსტრუმენტი მასაჩუსეტსის შტატში მდებარე არაკომერციული, ინტეგრირებული აკადემიური სამედიცინო სისტემის, Mass General Brigham-ის ექსპერტებმა შექმნეს.

მისი მიზანია ბიოლოგიური ასაკის შეფასება და კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტების გადარჩენის მაჩვენებლის პროგნოზირება.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შეიძლება ხელოვნური ინტელექტის მიერ სელფის ანალიზმა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას შეუწყოს ხელი და, პოტენციურად, ექიმებს მკურნალობის დაგეგმვაში დაეხმაროს. სისტემა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და ასაკის ადამიანების 40 მილიონზე მეტი სახის ფოტოს გამოყენებით "გაწვრთნეს".

  • მეცნიერული მიღწევისა და კვლევის დეტალები ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა. სისტემას შეუძლია ადამიანის ბიოლოგიური ასაკის შეფასება - ანუ იმის გამორკვევა თუ რამდენი წლისას ჰგავს და რამდენი წლისაა რეალურად და კიბოს მქონე პაციენტების გადარჩენის შანსების პროგნოზირება სახის ჩვეულებრივი ფოტოს საფუძველზე.

ექიმებმა ტექნოლოგიის გამოყენებით ორი ურთიერთშემავსებელი ინსტრუმენტი შექმნეს. FAHR-FaceAge პაციენტის ბიოლოგიურ ასაკს აფასებს და კიბოს შემთხვევაში გადარჩენის პროგნოზსაც აკეთებს. მეორე ინსტრუმენტი, FAHR-FaceSurvival, კი გადარჩენის ალბათობას უშუალოდ სახის ფოტოს საფუძველზე პროგნოზირებს და ამისთვის ბიოლოგიურ ასაკს შუალედურ მაჩვენებლად არ იყენებს.

ალგორითმი ასაკისა და სიკვდილიანობის რისკის პროგნოზირებისთვის სახის სხვადასხვა უბანს აანალიზებდა. FAHR-FaceAge ყურადღებას ამახვილებს ნაოჭებზე, რომლებიც ცხვირის გვერდებიდან პირის კუთხეებისკენ ეშვება, თვალბუდეების ზემოთ მდებარე შუბლის არესა და საფეთქლებზე. FAHR-FaceSurvival კი თვალების ქვემოთ მდებარე უბანსა და ცხვირის ზურგის გარშემო არსებულ არეს აფასებს.

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნაჩვენებია, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელს შეუძლია კიბოს მქონე პაციენტის გადარჩენის ალბათობა მხოლოდ ჩვეულებრივი ფოტოს საფუძველზე იწინასწარმეტყველოს“, - ამბობენ მკვლევრები.

  • მეცნიერულმა მიღწევამ შესაძლოა გზა გაუხსნას სახის ხელოვნური ინტელექტით ანალიზის გამოყენებას ექიმების დასახმარებლად, რათა მათ პაციენტებისთვის მკურნალობის საუკეთესო გზის შერჩევისას უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

ინსტრუმენტი შესაძლოა დაეხმაროს ექიმებს კიბოს მკურნალობის ან სხვა ჩარევების, მათ შორის რთული ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, სიკვდილის ან გართულებების რისკის უფრო ზუსტად პროგნოზირებაში.

ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახის ერთი ფოტოს ანალიზი შესაძლოა პაციენტებისთვის ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობის დაგეგმვის მარტივი და დაბალფასიანი საშუალება გახდეს, ამ ტექნოლოგიის ფართოდ დანერგვამდე დამატებითი კვლევებია საჭირო.