თურქეთში ქალების კვერცხუჯრედების საზღვარგარეთ გაყიდვის საქმეზე 39 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ექიმები. თურქეთის იუსტიციის მინისტრის, აქინ გიურლექის განცხადებით, გამოძიება ეხება სავარაუდო სქემას, რომლის ფარგლებშიც ქალებს კვერცხუჯრედების გასაყიდად საზღვარგარეთ აგზავნიდნენ. საქმეში ფიგურირებს დაახლოებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური ოპერაციები.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთის მოქალაქეთა საკომუნიკაციო ცენტრში - CİMER-ში - შესაბამისი შეტყობინება შევიდა. საქმის ფარგლებში შეისწავლეს სატელეფონო კავშირების, ფინანსური ოპერაციების, საზღვარგარეთ მოგზაურობის, საბანკო გადარიცხვების, ავიაბილეთებისა და ტვირთების შესახებ მონაცემები.
სამართლებრივი პროცედურები სულ 53 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო. მათ შორის არიან - 41 ქალი, რომლებმაც, გამოძიების ვერსიით, კვერცხუჯრედები გაყიდეს, ორი მეან-გინეკოლოგი, ექვსი პირი, რომლებიც კომერციულ ორგანიზებას უზრუნველყოფდნენ და ოთხი ადამიანი, რომლებიც მგზავრობის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.
გამოძიებას სტამბოლის ანატოლიის მთავარი პროკურატურის ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის საგამოძიებო განყოფილება აწარმოებს.
მედიის ცნობით, ქალებს თითოეულ კვერცხუჯრედში 60-80 ევროს უხდიდნენ, შემდეგ კი კვერცხუჯრედებს ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებში დაახლოებით 100 ევროდ ყიდდნენ. გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი ფინანსური ოპერაციების საერთო მოცულობა, გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 2 მილიონ ევროს შეადგენს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. გავრცელებული ცნობები გამოძიების ვერსიას ასახავს და ბრალდებულთა დანაშაულს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე დადგენილ ფაქტად არ წარმოაჩენს.