ავტორი:

ყურსასმენებით გაზრდილი თაობა - რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს მუდმივად ჩართული მუსიკა

ყურსასმენებით გაზრდილი თაობა - რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს მუდმივად ჩართული მუსიკა

ქუჩებში, სკვერებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილებში ხშირად შეხვდებით ახალგაზრდას ყურსასმენებით ან ტელეფონის დინამიკებიდან საყვარელი მუსიკის მოსმენით გართულს. ამ დროს თითქოს ისინი სამყაროს არიან მოწყვეტილები. ზოგისთვის ყურსასმენი განუყრელი აქსესუარივით არის - თითქმის მუდმივად უკეთიათ კისერზე მთელი დღის განმავლობაში.

Edison Research-ის მიერ მაისში გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, 13-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანები დღეში საშუალოდ 4,5 საათს ატარებენ სხვადასხვა აუდიოკონტენტის მოსმენაში - იქნება ეს პოდკასტი, მუსიკა თუ სხვა ტიპის აუდიომასალა.

მიუხედავად იმისა, რომ ყურსასმენების ყოველდღიური გამოყენება, შესაძლოა, სრულიად უწყინარ ჩვევად მოგვეჩვენოს, მკვლევრები შეშფოთებულნი არიან, რომ მათმა გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანებთან კავშირის დამყარების შესაძლებლობასა და საკუთარი ემოციური მდგომარეობის რეგულირების უნარზე.

  • ადამიანების უმეტესობისთვის ყურსასმენების გამოყენება გააზრებული არჩევანის ნაცვლად, ყოველდღიურ ჩვევად არის ქცეული. თუმცა, როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის ინფორმატიკის პროფესორი, დოქტორი გლორია მარკი აღნიშნავს, მაშინაც კი, როცა ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ, "ადამიანები ყურსასმენებს სხვებისგან თავის დასაცავად იყენებენ“.

ვისკონსინის უნივერსიტეტის არაკომერციული ორგანიზაციის, "ჯანსაღი გონების ცენტრის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, რიჩარდ დევიდსონის თქმით, ყურსასმენების მუდმივი ტარების გამო სტუდენტები შესაძლებლობას კარგავენ, დაამყარონ სოციალური ურთიერთობები. მისი შეფასებით, მედისონის საუნივერსიტეტო კამპუსში გადაადგილებული სტუდენტების დაახლოებით 90 პროცენტს ყურსასმენები უკეთია.

"ათი წლის წინ ასე არ იყო“, - ამბობს ის.

  • რა საფრთხე შეიძლება იმალებოდეს ყურსასმენების მიღმა

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ყურსასმენების გამოყენებას, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარ ჩვევად შეიძლება მოგვეჩვენოს, შესაძლოა, უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. ყურსასმენების მუდმივმა ტარებამ შესაძლოა, ხელი შეგვიშალოს გონებრივი სიმშვიდისა და შინაგანი სიცხადის სრულად განცდაშიც.

"ვფიქრობ, ადამიანებმა დაკარგეს უნარი, უბრალოდ დასხდნენ, სიჩუმეში დარჩნენ, ფიქრებს თავისუფლება მისცენ ან მოწყენის საშუალება საკუთარ თავს მისცენ“, - ამბობს მარკი."ჩვენ ყოველთვის ხელთ გვაქვს რაღაც, რაც პრობლემას მოგვიგვარებს და ამ სიცარიელეს შეგვივსებს“.

თუმცა, მარკის აზრით, ის, რაც ერთი შეხედვით სიცარიელედ აღიქმება, სინამდვილეში შესაძლოა ღრმად გამამდიდრებელი გამოცდილება იყოს. ყურსასმენებისა და სხვა ყურადღების გამფანტავი საშუალებების გარეშე ყოფნა გვეხმარება, უკეთ აღვიქვათ აწმყო და უფრო გაცნობიერებულად დავაკვირდეთ ჩვენს გარემოს.

დევიდსონის თქმით, მუსიკის მოსმენა ან ტელეფონში ინფორმაციის თვალიერება ხშირად არასასურველი ფიქრებისა და ემოციებისგან თავის დაღწევის საშუალებად გვესახება.

  • "მთავარი ისაა, რომ გონებაში არასასურველი ჩარევები შევაჩეროთ - არასასურველი ფიქრები, ემოციები, წარსულზე ან პრობლემებზე აკვიატებული ფიქრი. ეს სტრატეგიები კონკრეტულ მომენტში ეფექტიანია, მაგრამ მათი ეფექტი ხანგრძლივი არ არის. როგორც კი მუსიკა შეწყდება ან საქმიანობას თავს დავანებებთ, ჩვენი ნევროტული გონება კვლავ მთელი ძალით ამოქმედდება. ასე რომ, ეს ერთგვარი ცრუ დაპირებაა“, - ამბობს ის.

2010 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ზრდასრულები სიფხიზლის მდგომარეობაში ყოფნის დროის დაახლოებით 47 პროცენტს ისე ატარებენ, რომ იმაზე არ ფიქრობენ, რაც რეალურად იმ მომენტში ხდება. დევიდსონი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა.