"ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას დაესწრება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ვიმეორებ, ჩვენი ამოცანაა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი ყველამ ერთად დავიცვათ იმ შესაძლო უმძიმესი ზიანისგან, რომელიც შეიძლება მიადგეს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს "ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურის შედეგად.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარტია "ფედერალისტების” ლიდერმა, გიგა ბოკერიამაც.

მისი თქმით მისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა მოუვა რომელიმე პარტიას, არამედ ის თუ რისთვის აკეთებს ამას ივანიშვილის რეჟიმი”.
ბოკერიას თქმითვე, თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერას ხედავს ყოველთვის, როცა თავისუფალი საზოგადოება გადადგამს ნაბიჯებს საკუთარი ინტერესების, საკუთარი სუვერენიტეტის, საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაცავად.
"მე დარწმუნებული ვარ ასე იქნება ყველა ჯერზე, მაშინაც როცა გვინდა ყოველთვის მეტი თავისუფალი სამყაროსგან, ეს არ ცვლის იმას თუ რა არის ჩვენ ეროვნულ ინტერესში. ჩვენ ეროვნულ ინტერესში არის, რომ გვქონდეს სახელმწიფო, რომელიც არ არის ინფილტრირებული მტრების ინფრასტრუქტურით, როგორც არის რუსეთის და აიათოლების ირანი, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს”,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიამ ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც შეაფასა, რომელშიც უწყება შეშფოთებას გამოთქვამდა ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებთან დაკავშირებით.
მისი შეფასებით, "ქართული ოცნებისთვის” ჩარევა და აგრესია არ არის ის " რასაც საქართველოს მტრები აკეთებენ”.
"ივანიშვილის რეჟიმისთვის ჩარევა და აგრესია არ არის ის, რასაც აკეთებენ საქართველოს მტრები , რუსეთი ან აიათოლების რეჟიმი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, იქ ისინი ვერ ხედავენ საფრთხეს, იმიტომ რომ იქ ისინი ბუნებრივი მოკავშირეები არიან და ამ კონფიგურაციაში ხედავს ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
რასაც აკეთებს რუსეთი საქართველოს შიგნით ოკუპაციის მიღმაც კი, რა საფრთხესაც ის წარმოადგენს, რასაც აკეთებს რუსეთის მოკავშირე აიათოლების რეჟიმი ჩვენ რეგიონებში, რომელიც პირდაპირ საფრთხეა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ სად ხედავს ივანიშვილის რეჟიმი მოკავშირეებს და და სად ხედავს მტრებს, როგორ წინააღმდეგობაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, "ფედერალისტური პარტია“, "გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს ეხება, 21 ოქტომბრიდან დაიწყება. "ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, მმართველი პარტიის წევრები: არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.