ავტორი:

“დავით ფეიქრიშვილი ხელახალი დაზიანებებით გადაიყვანეს “ვივამედში“, გადაჭრილი აქვს მარცხენა ხელის მტევანი“ - ადვოკატი

“დავით ფეიქრიშვილი ხელახალი დაზიანებებით გადაიყვანეს “ვივამედში“, გადაჭრილი აქვს მარცხენა ხელის მტევანი“ - ადვოკატი

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კვლავ კლინიკა “ვივამედში“ გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი პაატა გოგიაშვილი ადასტურებს.

“ვადასტურებ, რომ დავით ფეიქრიშვილი ხელახალი დაზიანებებით გადაიყვანეს “ვივამედში“, გადაჭრილი აქვს მარცხენა ხელის მტევანი და მარჯვენა ხელის თითის მოტეხილობა“, - ამბობს ადვოკატი.

პატიმრის კლინიკაში შეყვანის ფაქტს ადასტურებენ "ვივამედშიც".

მანამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პენიტენციურმა სამსახურმა უარყო მანამდე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

უფრო ადრე კლინიკა “ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. როგორც მან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გაწერეს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაა.