ავტორი:

აშშ-ში ასამართლებენ ტურისტს, რომელმაც სასტუმროდან ფლამინგო მოიპარა და საკუთარ ნომერში აიყვანა - მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

აშშ-ში ასამართლებენ ტურისტს, რომელმაც სასტუმროდან ფლამინგო მოიპარა და საკუთარ ნომერში აიყვანა - მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

კანადელი ტურისტი, რომელმაც ლას-ვეგასის ცნობილი სასტუმროდან ფლამინგო მოიპარა და საკუთარ ნომერში აიყვანა, სასამართლომ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო. 34 წლის მამაკაცს ახლა 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

34 წლის კანადელი მიტჩელ ფაირბარნი აშშ-ში ვიზიტისას, მარტის თვეში, ლას-ვეგასის ცნობილ სასტუმრო-კაზინო Flamingo Las Vegas-ის ღია ვოლიერიდან ფლამინგო მოიპარა. სათვალთვალო კამერისა და სასამართლოზე წარდგენილ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ მიჰყავს მომღიმარ ფაირბარნს ფლამინგო.

სასამართლოში ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ ინციდენტამდე ძალიან ბევრი ალკოჰოლი მიიღო და ჩათვალა, რომ ფრინველის წამოყვანა “სასაცილო“ იქნებოდა. მან აღნიშნა, რომ ფრინველისთვის ზიანის მიყენება განზრახული არ ჰქონია.

ექსპერტმა ვეტერინარებმა სასამართლოზე დაადასტურეს, რომ ფაირბარნის ქმედებების გამო ფლამინგოს ბუმბული ჰქონდა დაგლეჯილი და სისხლდენა აღენიშნებოდა. ბრალდებულის ადვოკატმა ჯოშ ტომშეკმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის ქმედება უწყინარი ოინობის მცდელობა იყო და მომხდარი ალკოჰოლის ზემოქმედებით მიღებულ “ცუდ გადაწყვეტილებებს“ დააბრალა.

დაახლოებით 5-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ იგი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ გადაცდომაში ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის მუხლით. ფაირბარნი დაკავების შემდეგ აშშ-ის ტერიტორიას ვერ ტოვებს და ლას-ვეგასში შინაპატიმრობაში იმყოფება. მისთვის განაჩენის ოფიციალურად გამოცხადება დეკემბერშია დაგეგმილი.

შტატის ვეტერინარის ცნობით, ფლამინგო “პიჩი“ ინციდენტის შემდეგ გამოჯანმრთელდა, თუმცა ადამიანების მიმართ უფრო შფოთვიანი და ფრთხილი გახდა.

წყარო