27 წლის ასაკში, ჯანმრთელობის უეცარი გაუარესების შედეგად, ცნობილი ეკვადორელი ინფლუენსერი სიამის ტყუპი ხოსე ლუის და ხოსე არმანდო სევალიოს ერერა გარდაიცვალნენ. ტყუპები, რომლებსაც სოციალურ ქსელში ათასობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს, 15 ოქტომბერს, საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე წუთის ინტერვალით დაიღუპნენ.
გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება მათმა სოციალური მედიის გუნდმა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელა.
“ღრმა მწუხარებით ავრცელებთ ოფიციალურ განცხადებას ჩვენი საყვარელი ეკვადორელი სიამის ტყუპების გარდაცვალების შესახებ. გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, ვინც მათ გვერდით იყო, მხარს უჭერდა და ოცნებების ასრულებაში ეხმარებოდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოჯახის ახლობლის, ფერნანდო კარილოს ცნობით, ტყუპების საავადმყოფოში სასწრაფო გადაყვანა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ხოსე ლუისს გული გაუჩერდა.
მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია შეძლეს, რამდენიმე წუთის შემდეგ მის ტყუპისცალს, ხოსე არმანდოს გულის შეტევა დაემართა, რამაც ორივე ძმის გარდაცვალება გამოიწვია.
“ხოსე არმანდომ ხოსე ლუისი თან წაიყვანა. ისინი ერთად დაიბადნენ და ერთად გარდაიცვალნენ“, - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.
გარდაცვალებამდე ძმებს Instagram-ზე 60 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდათ, სადაც ისინი საკუთარ ყოველდღიურობას ასახავდნენ, გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობდნენ და საზოგადოებას ცხოვრებისადმი პოზიტიური განწყობით შთააგონებდნენ. გარდაცვალებამდე გამოქვეყნებულ ბოლო პოსტში ძმები ბორბლებიან მოწყობილობაზე ისხდნენ და ქუჩაში გადაადგილდებოდნენ.
“ახლა შეუძლებელი არაფერია, ამას მარტივად ვუმკლავდებით!“, - წერდნენ ტყუპები ვიდეოს აღწერაში.