კიევის სვიატოშინსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს დილით კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსული დრონი სვიატოშინსკის რაიონში 24-სართულიან საცხოვრებელ შენობას დაეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დესნიანსკის რაიონში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. სოლომენსკის რაიონში კი დარტყმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზე განხორციელდა და ხანძარი გაჩნდა.

ამასთან, წუხელ რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ კოროტიჩსაც შეუტიეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 11 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა. თავდასხმის შედეგად 13 საცხოვრებელი სახლი და ერთი ავტომობილი დაზიანდა.