ძიუდოისტი ილია სულამანიძე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, საზოგადოებას დედასთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიას უზიარებს.
"დედაჩემი გადიოდა ჩემი შეჯიბრების დღეს სახლიდან და როგორც მომიყვა, ღმერთს შესთხოვა, ჩემს შვილს თუ რამე განსაცდელი ელის და რამე უნდა დაემართოს, მე დამემართოსო. არ იყო გასული სახლიდან, რომ ფეხი აუსრიალდა და იტკინა, მოიტეხა. დედაჩემი ჰყვებოდა შემდეგ, რომ ძალიან მტკიოდა მოტეხილი ფეხი, მაგრამ გულში დავმშვიდდი, მიხაროდა - ჩემი წვლილი შევიტანე ილიას გამარჯვებაშიო. ალბათ, იმას უნდა დამართოდა და მე დამემართაო. ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა" - ჰყვება სულამანიძე.
- ცნობისთვის, 9 ოქტომბერს ილია სულამანიძე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა.
“გასაოცარი ემოცია არის და ძალიან ბევრი შინაგანი ემოციები მაქვს. სიტყვით ვერ გადმოვცემ ამ ყველაფერს. რომ დავიწყო, ორი დღე ვილაპარაკებ ალბათ და ვფიქრობ დროთა განმავლობაში დამშვენდება ჩემი მსოფლიო ჩემპიონობა.
ენით აღუწერელია, ვერ აღვწერ ამ ყველაფერს.
ოქროს მედლის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. შევუტევ ოლიმპიურ ჩემპიონობას,“ - განაცხადა ილია სულამანიძემ გამარჯვების შემდეგ.