საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების გასაჯაროებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “სანამ ის დაიწყებდა ხმამაღლა საუბარს პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით, კითხვები უკვე არსებობდა.“
სანამ მე ამ საკითხზე ხმამაღლა დავიწყებდი საუბარს, პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით კითხვები უკვე არსებობდა. ეს კითხვები კულტურის მაშინდელი მინისტრის, თიკა რუხაძის მიმართ იყო დასმული, თუმცა საზოგადოებას ამომწურავი პასუხები არ ჰქონდა მიღებული.
დიახ, კითხვები იყო და პასუხები - არა!
დღეს კი მთავრობის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თავდაპირველად გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან რეალურად 722 645 ლარი დაიხარჯა, ხოლო 2 277 355 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა.
ძალიან კარგი, რომ ეს ინფორმაცია საბოლოოდ გახდა ცნობილი!
მაგრამ მაქვს ლეგიტიმური კითხვა: რატომ არ გასაჯაროვდა ეს ინფორმაცია მანამდე? რატომ გახდა საჭირო ამ საკითხზე ჩემი ხმამაღალი საუბარი, რომ საზოგადოებას პასუხები მიეღო?
როდესაც ქუჩაში გეუბნებოდნენ, რომ შენი პარტიის მინისტრმა პატრიარქის დაკრძალვის ფული მოიპარა, სწორედ ეს იყო ჩემთვის მიუღებელი!
დიახ, ჩემთვის მიუღებელი იყო ასეთი მძიმე ბრალდებების უპასუხოდ დატოვება.
და ახლა მინდა მივმართო იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩემს განცხადებებს ჩასაფრებული ელოდებოდნენ და ცდილობდნენ, ჩემი კითხვები ვინმეს წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლად წარმოეჩინათ.
დიახ, სწორედ ასეთი გაუცემელი პასუხებით, გაუმჭვირვალობითა და საზოგადოების ინფორმირების დაგვიანებით ზიანდებოდა „ქართული ოცნების“ და მთელი მხარდამჭერებისა და გუნდის იმიჯი!
პარტიის იმიჯს არ აზიანებს ის ადამიანი, რომელიც კითხვებს სვამს და გამჭვირვალობას ითხოვს. პირიქით, რეპუტაციულ ზიანს იწვევს მდგომარეობა, როდესაც საზოგადოებაში მძიმე ბრალდებები ვრცელდება, ხოლო პასუხისმგებელი თანამდებობის პირები დროულ განმარტებებს არ აკეთებენ.
მე მტკიცებით არ მითქვამს, რომ ვინმემ ფული მოიპარა. მე ვითხოვდი პასუხებს, რათა საზოგადოებას სცოდნოდა სიმართლე და არ დარჩენილიყო სივრცე დაუდასტურებელი ბრალდებებისთვის.
დღეს პასუხი გვაქვს, რამდენი დაიხარჯა და რამდენი დაბრუნდა ბიუჯეტში.
როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, საზოგადოებრივ ნდობას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას, პასუხისმგებლობა და გამჭვირვალობა ყველა თანამდებობის პირის ვალდებულებაა.
კითხვების დასმა პარტიის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის. უპასუხოდ დატოვებული კითხვები კი სწორედ იმ ნდობას აზიანებს, რომლის დაცვაც ყველას გვმართებს,“ - წერს ოქიტაშვილი “ფეისბუქზე“.
უწყების ინფორმაციით დაკრძალვის დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო 3 000 000 ლარი, რომელიც მთლიანად არ დაიხარჯა და დარჩენილი თანხა უკან, ბიუჯეტში დაბრუნდა.
მანამდე დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრს თინა რუხაძეს მიმართა და სთხოვა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეესწავლათ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია.
იხილეთ ასევე: