საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
დაწყებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში მხარეებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება იყო, როდესაც სხდომათა დარბაზში შესვლასა და დასწრებას, როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, ისე სარჩელის ავტორების მომხრეები ცდილობდნენ.
სარჩელის ავტორთა განცხადებით, ზემოაღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და ამით აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი და პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს.
პარტიების აკრძალვის ერთ-ერთ არგუმენტად დასახელებულია ის, რომ ეს ხუთი პარტია საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას ქმნიდნენ და დღესაც ასე მოქმედებენ.
უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს "ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი - 14 წლის მოლოდინი და დავალება დღეს შესრულდება ისტორიულ პროცესზე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულებაც და ამავდროულად, გამოწვევაც, რომ სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომელიც ერთ-ერთია იმ დეპუტატთაგან, ვინც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნების“ პოზიციებს წარადგენს.

"ნაციონალური მოძრაობას“, მის ე.წ. განშტოებებს, 2004-2012 წლებში პირდაპირ დამხობილი ჰქონდათ საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილება, დემოკრატიული საფუძველი და 2012 წლის შემდეგ, უკვე დღევანდელ დღემდე, ისინი კლავ ცდილობენ, რომ დემოკრატიას გამოუთხარონ საფუძველი, ფეხქვეშ გათელონ ადამიანის უფლებები, გარე მითითებების დამორჩილებით ხელი შეუწყონ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას.
საბოლოო ჯამში, ჩვენ სამართლებრივად ყველა მტკიცებულებას წარვადგენთ კიდევ ერთხელ და საზოგადოებას შეიძლება პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, თვალყური ადევნოს და კიდევ ერთხელ გაიხსენოს ის მავნებლობები და ის ანტიდემოკრატიული ქმედებები, რაც აქვს "ნაცმოძრაობას", მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ოთხ პარტიას, რომლებიც ან უშუალოდ არიან პროცესის მონაწილეები, ან მხარს უჭერენ ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს და საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ სამართლებრივ და ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომ შეფასდება სამართლებრივად მათი მავნებლობები და აიკრძალებიან ის კონსტიტუციური პარტიები, რომელთა მიზანი საქართველოს მომავლის უზრუნველყოფა ნამდვილად არ არის. ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი მოლოდინიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს შედეგი იქნება დემოკრატიისთვის გზის გახსნა და ის ოკუპაცია, რომელიც არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სახით ოპოზიციურ ველზე, დასრულდება და შეეძლებათ ადამიანებს, რომელთა მიზანიც არის ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ პოლიტიკური აქტივობა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთონ," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

"ამ სარჩელს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. არ არის დღეს ეს პროცესი სამართლებრივი და წარმოდგენილი სარჩელიც არ არის სამართლებრივი. ეს არის პოლიტიკური სარჩელი და ეს არის რეალურად ის სარჩელი, რაც დაიწერა არა "ქართული ოცნების“ ოფისში, არამედ კრემლში. სარჩელი მიმართულია არა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, არამედ საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების წინააღმდეგ.
ისინი მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც დაწერილია კრემლში. ჩვენი სტრატეგია იქნება ბრძოლის გაგრძელება. არ არსებობს ძალა, რომელიც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეაჩერებს ამ პროცესში. არ არსებობს წინააღმდეგობა, რაც ჩვენ გაგვაჩერებს. აგვკრძალავენ? - მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას“,- განაცხადა წითლიძემ.
"ეს არის რეჟიმი, რომელმაც შეცვალა ჩვენი კონსტიტუციურად დადგენილი საგარეო პოლიტიკური კურსი და დღეს ამ შენობაში რამე თუ უნდა განიხილებოდეს, ობიექტურობისთვის, ეს არის ის, თუ როგორ მოხდა სახელმწიფოს და კონსტიტუციური წეს-წყობილების მიტაცება "ქართული ოცნების“ რეჟიმის მხრიდან და როგორ მოხდა საგარეო პოლიტიკური არჩევანის შეცვლა, რაც არის გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. ეს არის სრულიად აბსურდული სარჩელი, წავიკითხე და უბრალოდ, შოკში ჩამაგდო, იმდენად აბსურდულია მისი უშინაარსობა. თავიდან ბოლომდე აბსურდულია. მაგალითად "ლელოს“ ნაწილში რასაც წაიკითხავთ, გაეცინება ნორმალურ ადამიანს, რაც არ უნდა "ქოცი“ იყოს მოწოდებით, "ქოცსაც“ გაეცინება, რომ შეიძლება პარტიას კრძალავდნენ პოლიტიკური პოზიციის გამო. ეს არის იგივე, რომ პარტია აკრძალო იმის გამო, რომ თქვას, რომ როგორი მზიანი ამინდიაო და ვიღაც თვლიდეს, რომ მზიანი ამინდი არ არის, არამედ წვიმიანი ამინდია. ამ ტიპის რაღაცების გამო უნდათ ჩვენი აკრძალვა, თან ვის?!
რეჟიმი, ერის ნახევარს აცხადებს ანტიკონსტიტუციურად და ამბობს, რომ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური თავდაცვის პრეროგატივა, ამბობს, რომ რუსების არგაღიზიანების პოლიტიკა, თურმე კონსტიტუციურად უნდა იყოს დაკანონებული, ანუ ქართულმა სახელმწიფომ უარი უნდა განაცხადოს ნებისმიერი ეროვნული სუვერენული კურსის გატარებაზე. ეს არის "ქოცური“ პოლიტიკის ერთადერთი გამოხატულება“.- განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი არის "ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს“.
"ასეთი სარჩელია "ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენი. ზოგადად, არ ვარ მომხრე პარტიების გაუქმების და ამ კონტროლის ფორმის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ რამე მართლა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს კონსტიტუციით პარტიის გაუქმების და ცალკეულ პირებზე პასუხისმგებლობის დაყენების წინაპირობად, ეს არის ის სავარაუდო შედეგები, რომელიც ამ სარჩელის დაკმაყოფილებას მოჰყვება, მათ შორის, მოსამართლეების წინააღმდეგაც. არავინ თქვას, რომ მისთვის არ არის ცნობილი, რას აკეთებს. უკანონობის ჩადენა, ამ შემთხვევაში, უბრალოდ, უკანონობა არ არის. ამას მხოლოდ გვარამიას, მელიას, ხოშტარიას, სააკაშვილის, ჯაფარიძის, ან ვინმეს ციხეში გაშვება კი არ მოჰყვება, ჩვენ გამოვალთ იმ ციხიდან, მაგრამ იმ ჩიხიდან, რომელშიც ამ სარჩელის დაკმაყოფილება საქართველოს შეიყვანს, შეიძლება ქვეყანა ვეღარ გამოვიდეს“, - განაცხადა გვარამიამ.
მან ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ როგორია სასამართლო პროცესების მოლოდინი და რა უნდა შეცვალოს პოლიტიკურ ველზე ამ პროცესმა, თუ მმართველი გუნდის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

"ისინი [ოპოზიცია] ალბათ შეეცდებიან სანახაობრივი შოუ მოაწყონ იმიტომ, რომ სამართლებრივი არგუმენტები მათ თითქმის არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ, იმდენად მყარი მტკიცებულებები გაგვაჩნია ჩვენ. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი და ამისთვის ვემზადებით. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული გვაქვს, რომ ჩვენი ოპონენტები შეიძლება ასე არ მოიქცნენ, მაგრამ აქ ჩვენ უძლურები ვართ. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და ალბათ მიუთითებს, რომ დაბრუნდნენ სამართლებრივ სივრცეში. ჩვენ, იმთავითვე აღვნიშნეთ, რომ მიზანშეწონილობა ამ ეტაპზე არაფერ შუაშია. შუაშია ის, არის თუ არა ესა თუ ის ორგანიზაცია არაკონსტიტუციური და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს ჩადიოდა და ჩადის თუ არა ამჟამად. ამიტომ, ახლა ჩვენ დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ მართალია არაკონსტიტუციურია, მართალია კონსტიტუციას არღვევენ, მაგრამ მოდი მიზანშეწონილი არ არის და ხომ არ აგვეღო ამ საკითხზე ხელი, თვითონ მიდგომა არ არის სწორი იმიტომ, რომ არაკონსტიტუციური ორგანიზაცია საქართველოში არ უნდა ფუნქციონირებდეს. ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილია თუ არა“,- განაცხადა შარმანაშვილმა.
"ამ წლების განმავლობაში ისეთი დიდი ზეწოლა იყო და ისეთი დიდი რისკის ქვეშ იდგა საქართველო, რომ იმთავითვე რომ დაგვეწყო ამ საკითხის განხორციელება, შეიძლება თვითონ სახელმწიფოს არსებობის საკითხიც კი დამდგარიყო, იმდენად მძაფრად იდგა ეს საკითხი. ამაზე პრემიერმა მრავალჯერ ისაუბრა და გავიმეორებ მეც, იმიტომ, რომ ვეთანხმებით ყველა ჩვენი გუნდიდან. ვიდრე სახელმწიფო ფეხზე არ დადგებოდა, ვიდრე არ იქნებოდა მყარი, რომ თავისი გადაწყვეტილებების აღსრულების შესაძლებლობა მიეცემოდა, მანამდე ეს პოლიტიკური რისკი გაწეული არ იქნებოდა და სწორიც იყო, იმიტომ, რომ არ შეიძლება ბრძოლა ისე დაიწყო, სადაც ძალიან დიდი რისკია, რომ შენ კი არ დამარცხდები, თვითონ შენი სახელმწიფო დამარცხდება და ამიტომ ეს რისკი არ იქნა გაწეული.
ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ წლებში იყო, რა თქმა უნდა, დადგა ამის დრო და ჩვენ იმ დაკვეთას 1 200 000 კაცისა, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით, რომ თუ თქვენ ჩვენ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთ და საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცედურას დავიწყებთ, ჩვენ ეს პროცედურა დავიწყეთ და შევუსრულოთ ის დაპირება 1 200 000 კაცს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის აცილებას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება პარტიის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გააკეთა.
"ლელო - ძლიერმა საქართველომ“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენა. აღნიშნულ პროცესზე „ლელოს“ წარმომადგენლის კახი სამხარაძის განმარტებით, ერთ-ერთი მოსამართლე, ვასილ როინიშვილი, რომლის აცილებასაც ითხოვენ, როგორც ზემდგომი პროკურორი მონაწილეობდა სერჟანტ როინ შავაძის საქმეში.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობასთან დაკავშირებით, სათათბიროდ გავიდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"ნაციონალური მოძრაობამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა
ხატია დეკანოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს