ავტორი:

"განაჩენი არის სამართლიანი გადაწყვეტილება, სწორედ ამისთვის ვიბრძოდი, ამისთვის მოვედი დღემდე!" - სასტიკად მოკლული საშაურმის თანამშრომლის, 21 წლის თამაზ მთივლიშვილის დედა

"განაჩენი არის სამართლიანი გადაწყვეტილება, სწორედ ამისთვის ვიბრძოდი, ამისთვის მოვედი დღემდე!" - სასტიკად მოკლული საშაურმის თანამშრომლის, 21 წლის თამაზ მთივლიშვილის  დედა

ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 22 წლის თამაზ მთივლიშვილის დედის, ეთერ აკოფაშვილის განცხადებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც აკოფაშვილი განმარტავს, ეს განაჩენი ყველასთვის მაგალითი იქნება.

“ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება და განაჩენი. სწორედ ამისთვის ვიბრძოდი, სწორედ ამისთვის მოვედი დღემდე! სწორედ ამას ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმე, არსი და მართლმსაჯულება, რომ მკვლელების და ჯალათების ადგილი არ არის ამ ქვეყანაში”, - განაცხადა აკოფაშვილმა.

მან ასევე უპასუხა მსჯავრდებულის დედის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ის “სისხლის ბოლო წვეთამდე აპირებს ბრძოლას”.

“იბრძოლა, მაგრამ შედეგი? მტკიცებულებებს რას უზამს? ვერსად წაუვა მართლმსაჯულებას, მას წინ ვერავინ დაუდგება, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს! დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ვერასდროს განმეორდება მსგავსი სიტუაციები”, - განაცხადა აკოფაშვილმა.

  • ცნობისთვის, ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

პაპაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.

მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს, მოგვიანებით საერთაშორისო ძებნაში მყოფი, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი დააკავეს.

თუმცა, მასთან ერთად გაქცეული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში უკვე მსჯავრდებული ბაირამ ალი გსეინოვი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

მომხდართან დაკავშირებით უკვე გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია და მსჯავრდებულები არიან მოკლულის მეგობრები, რომლებიც ასევე მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ.

მსჯავრდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.

ბაირამ ალი გუსეინოვს დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლუკა გვენეტაძეს - 5 წლით, საბა რობაქიძესა და ვერიკო კაპანაძეს კი, 4,3-4,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ასევე იხილეთ: