ჩინეთში, ფუძიანის პროვინციაში, შოკისმომგვრელი შემთხვევა მოხდა. 3 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულის აივნიდან ვარდებოდა, რა დროსაც გისოსებს შორის თავით გაიჭედა. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს პატარა ჰაერში დაკიდებული სხეულის შეკავებას, სანამ მეზობლები და მაშველები მის გადასარჩენად წარმოუდგენელ ზომებს იღებდნენ.
ინციდენტი შაბათს, ჩინეთის ქალაქ ჟანპინგში მოხდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პატარა ორივე ხელით ებღაუჭებოდა გისოსებს, ხოლო მისი სხეული ჰაერში ეკიდა. ქვედა სართულის საზრიანმა მეზობლებმა და დაცვის თანამშრომლებმა პატარა სკამი გამოიყენეს, რათა გოგონასთვის ფეხქვეშ საყრდენი შეექმნათ და ჩავარდნისგან ეხსნათ.
საბოლოოდ, ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ბინის კარი შეამტვრიეს და ბავშვი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
საზარელი ინციდენტის დროს 3 წლის გოგონა სახლში სრულიად მარტო იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიისა და South China Morning Post-ის ცნობით, ბავშვის დედამ მძინარე შვილი სახლში მარტო დატოვა და პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში წავიდა.
მართალია, პატარა ამ შემზარავ შემთხვევას უვნებლად გადაურჩა, თუმცა სიფრთხილის მიზნით ის მაინც გადაიყვანეს საავადმყოფოში.