ავტორი:

ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგის მთავარი თემა: ვინ დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად?

ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგის მთავარი თემა: ვინ დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად?

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.

შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ცნობისთვის, გიორგი ზურაბაშვილი ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ეს იყო დღევანდელი ბრიფინგის მთავარი თემა, თუმცა პრემიერმა ჟურნალისტების სხვა საკითხებზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

  • იწყება თუ არა რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი?

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს აქვს კონკრეტული ამოცანები და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობაა საჭირო.

"არა, რეალურად, რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება. აქამდე შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია აქტიურად მუშაობდა. ჩვენ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, ამ თანამდებობაზე დაგვენიშნა პირი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია მუშაობს, თუმცა ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ცალკეული ქართული კომპანიების ნაწარმთან დაკავშირებული ემბარგოს გამო ხომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, პრემიერი პასუხობს, რომ "არა“.

"არა. რა თქმა უნდა, ზოგადად, ამ საკითხებზე მუშაობა არის პრიორიტეტული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გამხდარა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ჩვენ ზოგადად დავინახეთ სპეცწარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება,“ - აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს - კითხვაზე, ხომ არ აპირებს ოფიციალური თბილისი საკუთარი პოზიციის გადახედვას, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:

"დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი. ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი,“ - განაცხადა კობახიძემ.

  • რა თქვა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით

"რეალურად ხედავთ, არსად რესურსი არ აქვთ ამ პოლიტიკურ პარტიებს და ასეთ დროს შესაძლოა ვინმემ თეორიულად დასვას კითხვა: თუ ასეთი სუსტია ამ პარტიათა ერთობლიობა, რა საჭიროა მათი აკრძალვა? ამას აქვს მარტივი ახსნა. სუბიექტურად, შესაძლოა ჩვენთვის მომგებიანი იყოს ასეთი დისკრედიტირებული და განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი ოპოზიცია, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული, ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია. სწორედ ამას ემსახურება პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია წამოწყებული.

თვალყურს ვადევნებდი გამოსვლებს, მათ შორის, ამ ძალების წარმომადგენლების გამოსვლებს და სასაცილოა, რომ საკუთარი პირით ამტკიცებენ, თუ რატომ არიან ასაკრძალები, თავიანთი განცხადებებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. თვითონვე მიაქვთ მტკიცებულებები საკუთარი პირით საკუთარ აკრძალვასთან დაკავშირებით.

ამ პარტიებს რეიტინგიც არ აქვთ, აღარ აქვთ და თვითონ მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე საკუთარი თავი. ხალხს არ ელაპარაკები, გამუდმებით ელაპარაკები უცხოურ ძალებს, საკუთარ პატრონებს ქვეყნის გარეთ და ასეთ დროს საზოგადოების ნდობას კარგავ, იმ ნაწილის ნდობასაც, რომელიც მანამდე გენდობოდა.

დისკრედიტირებულია ოპოზიციის ეს ნაწილი, რომლებიც სინამდვილეში უცხოური აგენტურაა, არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. შესაბამისად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს და დემოკრატიული სისტემა. ის პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია წამოწყებული, არის ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ქვეყნის პარტნიორების განცხადებებს, ირაკლი კობახიძე ამას სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მართლმსაჯულებაში ჩარევის უხეშ პოლიტიკურ მცდელობად აფასებს.

"რაც მოვისმინე, იმას კრიტიკას ვერ დავარქმევდი. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მართლმსაჯულებაში ჩარევის უხეში პოლიტიკური მცდელობა, რაც ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს წარმოადგენს. სამწუხაროა, რომ ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს მძიმე მოსასმენი და სანახავია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

  • კობახიძემ უპასუხა ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ახალ წერილის თაობაზე შეკითხვას

კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები მოგვარდეს. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის განცხადებები საინტერესო არავისთვის აღარ არის.

"ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე სომეხ მეგობრებთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ორივე მხარე, როგორც აზერბაიჯან-საქართველოს, ასევე სომხეთ- საქართველოს შემთხვევაში ვთანხმდებით, რომ ეს პროცესი არის აქტიურად გასაგრძელებელი და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით. გრძელდება აქტიური მუშაობა. რაც ვერ მოაგვარა მან, იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ და მოვაგვარებთ“, - განაცხადა კობახიძემ.