ეროვნული ბანკის განცხადებით, ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება.
„საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას ახალი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი ცვლილებით იქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომლის მიხედვით, ეროვნულ ბანკს ევროკავშირის წევრი და მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების მსგავსად, ციფრული ლარის მიმართულებით სხვადასხვა საპილოტე პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ექნება.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ციფრული ლარის გამოშვების სამართლებრივ საფუძველს ქმნის, უახლოეს წლებში ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის სრულმასშტაბიან გამოშვებას, რაც ხაზგასმულია კიდეც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის განმარტებით ბარათში.
ამავე კანონით, ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული და ნარჩუნდება ლარის ნაღდი ფორმით გამოშვება.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნები ციფრული ვალუტების განვითარების სხვადასხვა მოდელს ირჩევენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები კერძო ციფრული ვალუტების (სტაბილქოინების) განვითარებაზეა ორიენტირებული. ევროკავშირი კი კერძო ციფრული ვალუტების პარალელურად, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარებას და დომინირებას უჭერს მხარს. სწორედ ამ უკანასკნელ მიდგომას იზიარებს საქართველოს ეროვნული ბანკიც.
ამასთან, ეროვნული ბანკი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას არეგულირებს. მათ შორის, მნიშვნელოვანია სტაბილქოინების გამოშვებისა და უზრუნველყოფის ჩარჩო, რომელიც ფინანსური ინოვაციების უსაფრთხო განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ემსახურება”, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი.