ავტორი:

"ჩემი ნებით როგორ წავიდოდი დინამოდან თბილისელი, ნახალოვკელი კაცი?!" - გიორგი ნემსაძის ცხოვრების გზა: ინტერვიუ არქივიდან კაპიტანთან, რომელსაც დღეს გულშემატკივრები ემშვიდობებიან

"ჩემი ნებით როგორ წავიდოდი დინამოდან თბილისელი, ნახალოვკელი კაცი?!" - გიორგი ნემსაძის ცხოვრების გზა: ინტერვიუ არქივიდან კაპიტანთან, რომელსაც დღეს გულშემატკივრები ემშვიდობებიან

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გიორგი ნემსაძის გარდაცვალების მიზეზი.

  • გიორგი ნემსაძე ბოლო პერიოდში საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“, 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“, 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“, ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“, თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი.

  • Lelo.ge-ს არქივში ინახება გიორგი ნემსაძესთან ინტერვიუ მისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდის შესახებ, რომელსაც ჩვენს მკითხველს გიზიარებთ:

გალა ბურთი

- როდის შემოვიდა ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში, ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. არ მაქვს განა იმიტომ, რომ არ მახსოვს, არამედ იმიტომ, რომ ბურთი ადრეული ბავშვობიდანვე იყო ჩემს ცხოვრებაში...

მამაჩემის მეგობარი თამაზ სუხაშვილი, ჩემი ნათლია, მანებივრებდა ძალიან. ყოველ დაბადების დღეზე "გალა ბურთს" მჩუქნიდა. მაშინ იყო ბურთები, მაგრამ ეს "გალა ბურთი" თავისი ხარისხით გამორჩეული გახლდათ. ძალიან დიდი სიხარული იყო ხოლმე ეს ჩემთვის...

სხვათა შორის, ჩემს დაბადების დღესთან დაკავშირებით ერთ სახალისო ამბავს გავიხსენებ, რომელიც არასდროს არავისთვის მომიყოლია. ალბათ იმიტომაც, რომ არავის უკითხავს ასე გამორჩევით. მხოლოდ მაშინ, როცა აზრში ჩავვარდი და, ასე ვთქვათ, ჭკუა მომეკითხებოდა, გავიგე, რომ ჩემი დაბადების დღე 10 მაისს იყო. არადა, სულ 9 მაისს მიხდიდნენ დაბადების დღეს იმიტომ, რომ დასვენების დღე იყო...

ამბობდნენ, ნოდარ ახალკაცმა ჩამოიარაო...

- ფეხბურთზე ჩემს მისვლას საინტერესო ისტორია უკავშირდება. ნაძალადევის რაიონში ნიჭიერ ბავშვებს ეძებდა ჟანი ლეჟავა - ძალიან კარგი, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. დადიოდა ეს კაცი და ცდილობდა, საინტერესო ბიჭები შეეგროვებინა.

ჟანი მსუქანი კაცი იყო და ამიტომაც ჭორი დადიოდა მაშინ - თვით ნოდარ ახალკაცი დადის და ეძებს ბავშვებსო. ასე იყო თუ ისე, ჟანის რჩეულთა შორის მოვხვდი. მაშინ 6 წლის ვიყავი და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.

მერე მისი ინიციატივით მივედი საფეხბურთო სკოლა "ფეიქარში", რომელიც მაშინ 35-ე საფეხბურთო სკოლის ერთგვარი ფილიალი გახლდათ. ვანო შუდრა ხელმძღვანელობდა იმ სკოლას, ახლოს იყო მამასთან ძალიან. ვარჯიშებს ვეღარ ატარებდა, მაგრამ რუდუნებით უვლიდა ყველაფერს...

გავიხსენებ პირველ წარმატებასაც. მაშინ "ტყავის ბურთის" პრიზზე იყო თამაშები. საქართველოში კარგად ვითამაშეთ და საკავშირო მასშტაბით მე-5 ადგილზე გავედით. ეს უკვე იყო წარმატება. მართალია, ლოკალური, მაგრამ მაინც.

თეთრაძე და კიურჯიევი

- ჩვენმა ბავშვობამ ერთმანეთის მხარდამხარ ჩაიარა. ომარ თეთრაძე და ანდრო კიურჯიევი წარმოშობით ბერძნები არიან. თავის დროზე საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშიათ და ყველამ იცის, რა დონის ფეხბურთელებიც იყვნენ.

მერე ომარი რუსეთის ნაკრებში თამაშობდა, ანდრო კი საბერძნეთის პირველ გუნდში. საბერძნეთში ანდრეას ნინიადისი გახდა და დიდი სახელი მოიხვეჭა. ალბათ, ბევრს ახსოვს საბერძნეთის ნაკრებთან გამართული თბილისური შეხვედრა. თუ არ ვცდები, 84 წუთის განმავლობაში ვიგებდით ამ თამაშს და ბოლოს წავაგეთ. შესანიშნავად ითამაშა ნინიადისმა ის თამაში, მნიშვნელოვნად განაპირობა მატჩის შედეგი. არადა, მაშინდელი საბერძნეთის ნაკრები შესანიშნავი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. თუნდაც, გამორჩეული ფორვარდი, ნიკოს მახლასი რად ღირს...

ახლა რომ ვუფიქრდები, შესაძლოა, ყიფიანმა ეს ნაბიჯი ამიტომაც გადადგა...

- მაშინ ცოტა სხვა დრო იყო - ყველა ქართველი ბიჭის მთავარი საფეხბურთო ოცნება თბილისის "დინამოში" მოხვედრა იყო. იქამდე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გერმანულ ტურნირზე ვიყავი და ძალიან ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ იქ - "ბაიერნს", "ფეიენოორდს" და სხვებს.

ფინალში 11-მეტრიანების სერიაში მოვუგეთ ჩეხეთის ნაკრებს. თუ არ ვცდები, მერე ის გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა, ან მეორე ადგილზე გავიდა, ახლა ზუსტად აღარ მახსოვს... გერმანიიდან რომ ჩამოვედით, აეროპორტში გაირკვა, რომ "დინამოს" ავყავდი. მამამ მანქანაში ჩამსვა და მითხრა - აქამდე ერთად მოვედით და აწი შენ უნდა იარო წინო!.. გამაჟრიალა მაშინაც და ახლაც მაჟრიალებს, ამას რომ გიყვებით. "დინამო" მართლა განსაკუთრებული იყო ჩვენთვის...

"დინამოს" დუბლებში პირველი თამაში დღევანდელივით მახსოვს. ეს იყო მატჩი დნეპროპეტროვსკის "დნეპრთან". მეგონა, კარგად დავრბოდი, მაგრამ ეს მითი ედუარდ სონმა დაამსხვრია. სონი ცნობილი ფეხბურთელი იყო, "დნეპრის" ერთ-ერთი ლიდერი... უბრალოდ, არ ვიცი, ფორმაში შედიოდა, დისკვალიფიკაცია ჰქონდა თუ სხვა რამ იყო, მაგრამ იმ დღეს დუბლებში ითამაშა და, რომ იტყვიან, სისხლი გამიშრო!.. იმდენი ირბინა!.. მერეც არ მინახავს ბევრი ფეხბურთელი, ასე სწორად და ამდენი რომ ერბინა...

1989 წლის შემოდგომაზე ჩემი დებიუტიც შედგა "დინამოს" მთავარ გუნდში. დათო ყიფიანმა ასე გადაწყვიტა - დონეცკის "შახტიორთან" გასვლით შეხვედრაში შემიშვა. ახლა რომ ვუფიქრდები, იმიტომ გააკეთა ეს, რომ მომდევნო, თბილისურ თამაშს უფრო მომზადებული შევხვედროდი.

დათოზე ცალკე მინდა ვთქვა - ის ჩემი მწვრთნელიც იყო, მასწავლებელიც და უფროსი მეგობარიც... მართლა ყველაფერი იყო... ბევრი ადამიანი, ვინც დიდ ფეხბურთში გამიხსნა გზა, აღარაა ჩვენს შორის. გაანათლოს მათი სული ღმერთმა!..

მერე იყო ერევნის "არარატთან" თბილისური შეხვედრა. გოლი შევადგე და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გავხდი. ახლა რომ ვუკვირდები, მაშინ ბევრმა ჩემზე კარგად ითამაშა. ეგაა, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი წახალისება იყო ის პრიზი და, ალბათ, ამიტომაც გადმომცეს...

თბილისელი, ნახალოვკელი კაცი ჩემი ნებით წავიდოდი დინამოდან?!

- მერე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოგვადგა კარს. ლესელიძეში ვემზადებოდით საბჭოთა კავშირის პირველობისთვის. თან, ყურადღებით ვადევნებდით თვალს თბილისში მიმდინარე პროცესებს. დაფუძნდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, გადაწყდა ჩემპიონატის დამოუკიდებლად ჩატარება. ჩვენც ნაადრევად წამოვედით შეკრებიდან...

"დინამოდან" წასვლა? ჩემი ნებით როგორ წავიდოდი "დინამოდან" თბილისელი, "ნახალოვკელი" კაცი?! მაშინ ასე მოხდა: ყველამ კარგად იცის, რეზო ძოძუაშვილს გართულება ჰქონდა იმ ფეხბურთელებზე, ადრეულ ასაკში რომ მოჰყავდათ ცოლი. ეს მისი პრინციპი იყო და წყენით სულაც არ ვიხსენებ ამას...

მივედი "მიხიჩასთან" და ვუთხარი - კაცო, ადრე მაინც გეთქვა, ან გადავწევდი ქორწილს, ან რაღაცას ვიზამდი-მეთქი... მოყვანილ ცოლს ხომ აღარ გავუშვებდი (იცინის)?!. მაშინ ჩემთან მოვიდნენ ლანჩხუთის "გურიას" წარმომადგენლები და მეც წავედი "გურიაში". ახლაც ასე მჯერა: ახალგაზრდა ფეხბურთელმა აუცილებლად უნდა ითამაშოს, მისი სკამზე ჯდომა არაფრით არ შეიძლება!..

სრული ინტერვიუ ნახეთ ბმულზე