ავტორი:

"სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის, “ქართული ოცნება“ ცდილობს, დაასამაროს დემოკრატია, ასევე, სამარცხვინოა, რომ გახარიას პარტია კეკლუცობს" - სალომე ზურაბიშვილი

"სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის, “ქართული ოცნება“ ცდილობს, დაასამაროს დემოკრატია, ასევე, სამარცხვინოა, რომ გახარიას პარტია კეკლუცობს"  - სალომე ზურაბიშვილი

ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა, რაშიაც “ქართული ოცნება” ამყოფებს ქვეყანას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა დღეში ჩააყენა “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლო, როგორ ასამარებს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დაასამარა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქვეყანაში , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

  • ზურაბიშვილი კითხვა-პასუხის ფორმატში “ფეისბუქ-ლაივში” ყოველკვირეულად ერთვება და საზოგადოების კითხვებს პასუხობს, თუმცა, დღევანდელი მოვლენებიდან გამომდინარე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ მოსამართლეთა პლენუმი მსჯელობს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს არც კითხვებისა და არც პასუხების დღე არ არის.

მან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება დემოკრატიის დასამარებად შეაფასა და აღნიშნა, რომ “ასეთი სამარცხვინო ქმედება არცერთ ქვეყანას არ ჩაუდენია”.

ზურაბიშვილმა ასევე გააკრიტიკა პარტია “გახარია საქართველოსთვის” და ის “ქართულ ოცნებასთან” “კეკლუცობაში” დაადანაშაულა.

“დღეს არის სამარცხვინო დღე საქართველოსთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. დღეს არის ის დღე, როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს და ვერ მიაღწევს, მაგრამ ცდილობს, რომ საბოლოოდ დაასამაროს დემოკრატია, სახელმწიფო და ჩვენი სურათი მსოფლიოში. ასეთი სამარცხვინო რამ თანამედროვე პერიოდში არცერთ ქვეყანას არ ჩაუდენია, რასაც ყველას აკრძალვა, ყველა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ჰქვია.

აღარც ვიტყვი, თუ რა დღეში ჩააყენა “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლო, როგორ ასამარებს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დაასამარა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში.

ვინმეს თუ შეუძლია დაასახელოს რომელიმე ინსტიტუტი დღეს, რომელიც არის დამოუკიდებელი და რომელიც არ არის ბოლომდე “ქართული ოცნების” ხელში, სპეციალურ პრემიას გადავცემ.

ეს არის ის ძალიან სამწუხარო მდგომარეობა, რაშიც “ქართული ოცნება” ამყოფებს ამ ქვეყანას და საიდანაც აუცილებლად უნდა გამოვიდეთ.

ასევე სამარცხვინო არის ის, რომ ერთი პარტია, გახარიას პარტია, რაღაცნაირად კეკლუცობს და თავს გვაჩვენებს, ვითომ მე კარგი ვარო, კარგი მონა ვარო და კიდევ დაგემონებითო, იმ დროს, როცა ასეთი სამარცხვინო რამ ხდება. არც სოლიდარობა, არც რაიმე გულშემატკივრობა სხვების მიმართ… რა მნიშვნელობა აქვს, რომელ პოლიტიკურ პარტიას ეხება, ჩემი და თქვენი გემოვნება აქ არაფერ შუაშია. აქ არის ქვეყნის პრობლემა, ყველას პრობლემა იმიტომ, რომ ჩვენ მართლაც სამარცხვინოდ ვჩანვართ დღეს მთელ მსოფლიოში და ამას თუ ვერ ხვდება ერთი პარტია და მისი რამდენიმე წარმომადგენელი, თუ მათი ხელფასები და თანამდებობები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ.

ჩვენ, ვინც ვხედავთ, სად არის ქვეყნის ინტერესი, სად არის დასაცავი ქვეყანა და არა კონკრეტული პარტია, ერთად უნდა დავდგეთ ყველა, ეს არის ჩვენი გასაკეთებელი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.