საუბარიც არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაციაზე, ვინაიდან, ეს ყველა ჩვენგანის კაპიტულაცია იქნება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
“უკრაინას დახმარებას იმისთვის არ ვაწვდით, რომ ომი გავახანგრძლივოთ. მაგრამ უკრაინის კაპიტულაციაზე - ან მითუმეტეს უპირობო კაპიტულაციაზე - საუბარიც არ შეიძლება იყოს. რადგან ეს ყველა ჩვენგანის კაპიტულაცია იქნება,” - განაცხადა მერცმა.
შესაბამისად, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მერცმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის გერმანიისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.
“ამჟამად ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავი არც ჩვენი ეკონომიკაა, არც აშშ ან ჩინეთი, არამედ რუსეთის გავლენა ჩვენს საზოგადოებაზე,” - განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა საკომუნიკაციო სისტემების წინააღმდეგ განხორციელებული დივერსიული აქტები და ჰიბრიდული თავდასხმები, ასევე გერმანიის დესტაბილიზაციის მცდელობები. მერცის თქმით, “ეს თავდასხმები ყოველდღე ხდება”.