ვენაში არალეგალური სილამაზის კლინიკა აღმოაჩინეს, სადაც, სავარაუდოდ, შესაბამისი სამედიცინო უფლებამოსილების გარეშე კოსმეტოლოგიურ პროცედურებს ატარებდნენ.
სამართალდამცველებმა კლინიკაში ბოტოქსისა და ჰიალურონის მჟავის შემცველი პრეპარატები, რეცეპტით გასაცემი ტკივილგამაყუჩებლები, გამოყენებული შპრიცები და ათასობით ევრო ნაღდი ფული აღმოაჩინეს.

შემთხვევა ვენის მარია ჰილფის რაიონში, მოკლევადიანი გაქირავებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელში მოხდა. საპოლიციო მოქმედებებში ვენის ოპერატიული რეაგირების ჯგუფი და სხვა უწყებები მონაწილეობდნენ. სამართალდამცველები ფინანსური პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებდნენ.
საცხოვრებელში მისულ სამართალდამცველებს 54 წლის მამაკაცი და 32 წლის ქალი დახვდნენ. ავსტრიული მედიის ინფორმაციით, მათ სამედიცინო ჩარევების ჩასატარებლად შესაბამისი უფლებამოსილება არ ჰქონდათ.
"ორივე მათგანი საქართველოდან არის და გერმანულად არ საუბრობენ", - აცხადებენ პოლიციელები.

შემოწმების დროს კლინიკაში კლიენტები არ იმყოფებოდნენ. თუმცა, პროკურატურის განკარგულებით ჩატარებული ჩხრეკისას პოლიციამ უკვე გამოყენებული შპრიცი აღმოაჩინა.
სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ბოტოქსისა და ჰიალურონის მჟავის შემცველი პრეპარატები, რეცეპტით გასაცემი ტკივილგამაყუჩებლები და რამდენიმე ათასი ევრო ნაღდი ფული. აღმოჩენილი პრეპარატები ჩამოართვეს.
ორივე პირი უცხოელთა შესახებ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით დაკითხვისა და შემდგომი მოკვლევის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ვენის პოლიციის ინფორმაციით, პროკურატურამ მათ მიმართ თავისუფლებაში დარჩენის პირობებით, სამართლებრივი დევნის გაგრძელება გადაწყვიტა.