ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს აქვს კონკრეტული ამოცანები და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობაა საჭირო.
"აქამდე შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია აქტიურად მუშაობდა. ჩვენ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, ამ თანამდებობაზე დაგვენიშნა პირი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია მუშაობს, თუმცა ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება,“ - განაცხადა კობახიძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ახლა ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, ამ პოლიტიკასთან მიმართებაში ახალი და კარდინალური ცვლილება არ იქნება. თუმცა დღეს ისეთი ვითარებაა, რომ რუსეთი ეცდება ქართული ხელისუფლების პოლიტიკა, საგარეო კურსი გამოიყენოს თავის სასარგებლოდ და გააძლიეროს ზეწოლა ხელისუფლებაზე.
“წლების განმავლობაში, შევარდნაძიდან მოყოლებული ლამის ბოლო პერიოდამდე, ამ თანამდებობას ზურაბ აბაშიძე იკავებდა. რაღაც ახალი ამ მიმართულებით არ არის. რაც შეეხება ზურაბიშვილს, უბრალოდ, ვიცით, რომ მინისტრის მოადგილეა, მაგრამ რა კვალიფიკაციის კაცია და როგორი ბექგრაუნდი აქვს, არ ვიცით.
არ ვიცი მისი ბიოგრაფია და ამიტომ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ზოგადად, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საგარეო ასპარეზზე, ფაქტობრივად, პრორუსულ პოლიტიკას აწარმოებს - "ქართული ოცნება“ დასავლეთს აგინებს და უარყოფს ( ნუ ამერიკას არ ეხებიან, ჯერჯერობით), მაგრამ არაფერს ამბობს რუსეთზე. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან კეთდება განცხადებები (იმავე ზახაროვას განცხადება), რომ მოსწონთ დღევანდელი ქართული ხელისუფლების პოლიტიკა არა მარტო რუსეთთან მიმართებაში, არამედ მისი საგარეო პოლიტიკა და საგარეო კურსიც.
რაც მთავარია, ამ ხელისუფლების რუსული პოლიტიკის კრიტიკის ობიექტი არის ერთი და იგივე და ეს არის ევროპა. რაც შეეხება იმას, თუ რას შეიძლება ველოდოთ, მგონია, რომ ახლა ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, ამ პოლიტიკასთან მიმართებაში არა მგონია, რაღაც ახალი და კარდინალური ცვლილება იყოს. თუმცა დღეს საკმაოდ ისეთი ვითარებაა, რომ რუსეთი ეცდება ქართული ხელისუფლების პოლიტიკა, საგარეო კურსი გამოიყენოს თავის სასარგებლოდ და გააძლიეროს ზეწოლა ხელისუფლებაზე.
აქ პირველ რიგში, ლაპარაკია აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე - პირდაპირ არა, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველომ უნდა დადოს ხელშეკრულება თავდაუსხმელობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, უნდა აღიაროს მათი დამოუკიდებლობა, ირიბად ხდება დამოუკიდებლობის აღიარება. ასევე, ლაპარაკია იმაზე, რომ გაიხსნას სატრანსპორტო დერეფანი როგორც ცხინვალის გავლით, ასევე აფხაზეთის რკინიგზა და ასე შემდეგ.
არ ვიცი, ამ მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგმება. ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაცას მივაღწევთ, ეს ზღაპარია. ზურაბაშვილი კი არა, სტალინი რომ გააცოცხლოთ და ის დანიშნოთ, მაინც არაფერი გამოვა იმიტომ, რომ რუსეთს გამოკვეთილი დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან მიმართებაში. ახლა რაც შეეხება ემბარგოს და ლაპარაკს იმაზე, რომ ამით რუსეთთან რაღაცის აღდგენა მოხდება, რუსეთმა რა პროდუქციის ხარისხზე უნდა ილაპარაკოს? ეს ხომ მარტო ჩვენს მიმართებაში არ არის, სომხეთის მიმართებაშიც იგივე გააკეთეს - ეს არის ეკონომიკის გამოყენება იმისთვის, რომ დაისაჯოს ქვეყანა.
ეს პირველი არ არის, ადრეც იყო, როცა რუსეთმა რამდენჯერმე დახურა თავისი ბაზარი ქართული პროდუქციისთვის და დღესაც იმავეს იმეორებს. აქ რომ ხარისხზე არაა ლაპარაკი, გასაგებია, ახლა კონკრეტულად რას ითხოვენ და რას მოითხოვენ შემდეგში, ჯერჯერობით არ ვიცით, მაგრამ გასაგებია, ეს მოთხოვნა პოლიტიკას და პოლიტიკურ დათმობებს ეხება და არა პროდუქციის ხარისხს. კერძოდ რა დათმობებზეა საუბარი, რას ითხოვენ რუსები "ოცნებისგან“კულუარებში, არ ვიცით.“
"რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების ფორმალური არქონა დღეს "ქართული ოცნებისთვის“ უფრო მეტად არის ლეღვის ფოთოლი, ვიდრე რეალური სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. ეს ლეღვის ფოთოლი უფრო გამოსადეგია თავად "ქართული ოცნებისთვის“ იმიტომ, რომ მათ აძლევს შესაძლებლობას პროპაგანდის მეშვეობით მოატყუონ ქართული საზოგადოება, თითქოს "ოცნებას“ არანაირი ურთიერთობები რუსეთთან არ აქვს.
სინამდვილეში, ყოველგვარი ინსტიტუციური ზედამხედველობის და სახელმწიფოებრივი წესრიგის მიღმა დაალაგონ საკუთარი ურთიერთობები და შეასრულონ ის ამოცანები, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას“ და არა ქართულ სახელმწიფოს. შესაბამისად, რუსეთთან კომუნიკაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ ხდება. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნას რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად, ეს ფაქტობრივად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მეტია.
ეს არის რუსეთთან ურთიერთობების საგარეო პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრა და მე საერთოდ არ გამიკვირდება, თუ ამ დანიშვნის მთავარი მიზანი საქართველოს საგარეო ურთიერთობების და რუსეთის სინქრონიზებაა. ანუ იმის ნაცვლად, რომ ვიმუშაოთ ევროკავშირთან ჩვენი საგარეო ურთიერთობების სინქრონიზებაზე, "ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ჩააბაროს რუსეთთან ურთიერთობები და ეს, რა თქმა უნდა, იძლევა გარკვეულ ეჭვებს: ხომ არ არის ეს იმის მცდელობა, რომ მოხდეს რუსეთის და საქართველოს საგარეო პოლიტიკების სინქრონიზება? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, როდესაც დაიწყო პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესი. რუსეთმა დღეს მიიღო ორი საჩუქარი: 1. საქართველოში დემოკრატიის გადათელვა, ანუ პარტიების აკრძალვისკენ გადადგმული ნაბიჯი 2. დე ფაქტო ურთიერთობების აღდგენა გაცილებით უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს ოდესმე იყო.
რუსეთის ფედერაციასთან სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტი "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან არსებობს, თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ თითქმის ვერანაირ ხელშესახებ შედეგს, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად გამოდგებოდა. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების“ სრულიად არაადეკვატური საგარეო პოლიტიკის შედეგად, ცხინვალის რეგიონთან მიმართებით დაიწყო საუბრები მის ანექსიაზე, ანუ ოკუპაციაზე უარესის დამართვა უნდა რუსეთს უახლოეს პერიოდში, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს.
2. ემბარგო, რომელიც დაწესდა და რომელსაც "ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ვერაფერი უშველა. ზოგადად, რუსეთთან ურთიერთობებში არსებობს ერთი ძალიან მარტივი წესი, რომელსაც "ქართული ოცნება“ საერთოდ არ ითვალისწინებს: რაც უფრო მეტს დაუთმობს "ოცნება“ რუსეთს, მით უფრო მეტს მოითხოვს რუსეთი. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გაიზრდება საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე, სანაცვლოდ, მით უფრო მეტს მოითხოვს რუსეთი.
ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობა, ნებისმიერი ინსტიტუციური მექანიზმი უნდა შეფასდეს მისი შედეგებიდან გამომდინარე: რა შედეგი მოიტანა ამ წარმომადგენლის არსებობამ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის? საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან არის მკვეთრად გაფუჭებული და საქართველოს ურთიერთობები რუსეთთან არანაირად არ გამოსწორებულა. რუსული ბაზები როგორც იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისევე არის. ჩვენი ტერიტორია როგორც იყო ოკუპირებული, ისევე არის. საქართველოს მოქალაქეებს როგორც კლავდნენ საოკუპაციო ზონებთან, ისევ კლავენ. შესაბამისად, ამ ფორმატს არაფერი საქართველოსთვის არ მოუტანია და რეალურად ეს იყო ჩვეულებრივი ლეღვის ფოთოლი, რომლითაც "ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე რუსეთთან კომუნიკაცია დაფარა და ახლაც იმავეს აკეთებს.
"ქართული ოცნების“ პოლიტიკაში ლოგიკის მოძიება რთულია, იმდენად არაადეკვატური გახდა ბოლო პერიოდში. თუმცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ თუ საქართველოს მხრიდან საკმაოდ მაღალი პოლიტიკური წონის ადამიანია დანიშნული, რუსეთის მხრიდან ამ პოზიციაზეა პენსიაზე მყოფი რუსი სენატორი. შესაბამისად, აქაც გაუგებარია, ვისთან სალაპარაკოდ არის შექმნილი ეს თანამდებობა და აშკარა არის ის დისბალანსი, რომელიც არსებობს ქართულ მხარესა და რუსულ მხარეს შორის.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ თანამდებობაზე ფორმალურად ვინ იქნება იმიტომ, რომ რუსეთთან მიმართებით ყველა გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში იღებს ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც ასევე ინსტიტუციური წესრიგის მიღმაა. ერთი პერიოდი ზურაბაშვილს ებარა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ახლა კი, როგორც ჩანს, რუსეთთან კომუნიკაცია ჩაბარდა, რა თქმა უნდა, კურსის ცვლილებას მოერგო პატივცემული პიროვნება.
დაიბადა 1967 წლის 19 მაისს, საქართველოში, ქალაქ თბილისში.
2026 წლის 21 ოქტომბრიდან იკავებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას.
2025 წლის 1 ივლისიდან დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.
2024 წლის 3 დეკემბრიდან 2025 წლის 1 ივლისამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2024 წელს ხელმძღვანელობდა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტს.
2019-2024 წლებში იყო ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
2014-2019 წლებში ირლანდიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიცია ეკავა.
2013-2014 წლებში იყო დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი.
2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდს "საქართველო“, როგორც აღმასრულებელი დირექტორი.
2005-2012 წლებში გიორგი ზურაბაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი იყო.
2002-2003 წლებში ასრულებდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსის მოვალეობას.
1996-2002 წლებში გახლდათ სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.
1992-1993 წლებში იყო სახელმწიფო მეთაურის კაბინეტთან არსებული საერთაშორისო ჰუმანიტარული კომისიის წევრი.
1989 წელს გიორგი ზურაბაშვილმა დაამთავრა თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, სპეციალობით ინგლისური და ესპანური ენები.
არის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი და ფლობს ბაკალავრის ხარისხს ენათმეცნიერებაში.2021 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.