ავტორი:

"უკვე სრულყოფილად საუბრობს" - რას წერს მედია სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობიდან სამი კვირის შემდეგ კრისტა პაიკის მდგომარეობაზე

"უკვე სრულყოფილად საუბრობს" - რას წერს მედია სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობიდან სამი კვირის შემდეგ კრისტა პაიკის მდგომარეობაზე

აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გადარჩენილი კრისტა პაიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. 50 წლის მსჯავრდადებული უკვე სრულ წინადადებებს წარმოთქვამს და სიარულიც უკეთ შეუძლია, თუმცა ექიმები მის კოგნიტიურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კვლავ აკვირდებიან.

პაიკის ადვოკატების განცხადებით, 30 სექტემბერს, სიკვდილით დასჯის მცდელობისას, მას სასიკვდილო ინიექციის პრეპარატი - პენტობარბიტალი ორჯერ შეუყვანეს, თუმცა ის გადარჩა. მომხდარის შემდეგ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდაპირველად ადვოკატებს უთხრეს, რომ პაიკის ტვინი მკვდარი იყო და მისთვის სიცოცხლის შემანარჩუნებელი აპარატის მოხსნას აპირებდნენ. თუმცა 6 ოქტომბერს, თითქმის ექვსდღიანი უგონო მდგომარეობის შემდეგ, ის გონს მოვიდა და საუბარი დაიწყო.

ადვოკატ რენდი სპაივის თქმით, გაღვიძების შემდეგ, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ყოფნისას, პაიკმა იკითხა: "სად ვარ და ვინ ხართ?“ შემდეგ კი დაინტერესდა თავისი მსხვერპლის, კოლინ სლემერის ოჯახის მდგომარეობით.

წარუმატებელი პროცედურის შემდეგ პაიკს ჯანმრთელობის რამდენიმე გართულება განუვითარდა: მკლავში სისხლის კოლტი, პნევმონია და არ შეეძლო კვება. მისი ადვოკატის განცხადებით, ხელები იმდენად ჰქონდა შეშუპებული, რომ გაბერილ ქირურგიულ ხელთათმანს ჰგავდა.

10 ოქტომბერს პაიკი საავადმყოფოდან გაწერეს და ციხეში დააბრუნეს, სადაც 30 წელზე მეტია იმყოფება. 21 ოქტომბერს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მისი მეტყველება და გადაადგილების უნარი კვლავ უმჯობესდებოდა. ამასთან, ჯერ უცნობია, რა გრძელვადიანი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მომხდარს. ადვოკატის შეფასებით, ამის გასარკვევად შესაძლოა, ერთ თვეზე მეტი გახდეს საჭირო.

  • კრისტა პაიკს სიკვდილით დასჯა 1995 წელს, 19 წლის თანაკლასელის, კოლინ სლემერის წამებისა და მკვლელობისთვის მიუსაჯეს. დანაშაული, გამოძიების თანახმად, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

პაიკი ტენესის შტატში ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველი ქალი უნდა გამხდარიყო, რომელსაც სიკვდილით დასჯიდნენ. თუმცა წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ის პირველი პატიმარი გახდა, რომელმაც სასიკვდილო ინიექციის მიღების მიუხედავად, გადარჩა.

მომხდარის შემდეგ ტენესის გუბერნატორმა, ბილ ლიმ შტატში წლის ბოლომდე ყველა სიკვდილით დასჯა შეაჩერა და შემთხვევის მიზეზების გამოსაკვლევად ყოფილი ფედერალური პროკურორი ედ სტენტონი დანიშნა. შტატის სასჯელაღსრულების სამსახურის ხელმძღვანელი ფრენკ სტრადა კი თანამდებობიდან გადადგა.

პაიკის ადვოკატები გუბერნატორს მისი სასჯელის შემსუბუქებას სთხოვენ. მათი განცხადებით, პაიკმა "ამერიკის სიკვდილით დასჯის ისტორიაში ნებისმიერ სხვა ადამიანზე მეტი სასჯელი გადაიტანა“.