22 ოქტომბერს გამოქვეყნებული გლობალური კვლევის თანახმად, მსოფლიოში მარჯნის რიფების თითქმის ყველა ეკოსისტემას მომდევნო 50 წლის განმავლობაში განადგურების მაღალი რისკი ემუქრება, რაც ძირითადად ოკეანეების დათბობითა და სიცხის ტალღებითა არის გამოწვეული.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) შეფასებით, რომელიც ალბანეთში გაეროს ბიომრავალფეროვნების კონფერენციის პარალელურად გამოქვეყნდა, დადგინდა, რომ მეჩხერი წყლის რიფების სისტემების 96% უკვე კრიტიკული საფრთხის წინაშე დგას და შესაძლოა 2075 წლისთვის სრულიად გაქრეს.

მსოფლიოში ცნობილი რიფების უმეტესობა, მათ შორის “ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი“, დასავლეთ წყნარ ოკეანესა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე “მარჯნის სამკუთხედი“, “მეზოამერიკული ბარიერული რიფი“ და “წითელი ზღვის მარჯნის რიფები“, კრიტიკული საფრთხის წინაშე იმყოფება, რაც განგაშის ყველაზე მაღალი დონეს გულისხმობს.
“მარჯნის რიფების განადგურების რისკი იზრდება, თუმცა ეს სასოწარკვეთის კი არა, გამოსაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს. რიფებმა გათეთრების დამაზიანებელი მოვლენებისგან აღდგენის საოცარი უნარი აჩვენეს, რაც საშუალებას იძლევა რომ გადარჩენილი კერები მომავალშიც შენარჩუნდეს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად,“ - განაცხადა მიშალ გუდკამ, მარჯნის რიფების ეკოსისტემების IUCN-ის წითელი ნუსხის გლობალური შეფასების სამეცნიერო ხელმძღვანელმა.

შეფასებამ, რომელიც 127 ტროპიკულ და სუბტროპიკულ ეკორეგიონს და გლობალურად 188,362 კვადრატულ კილომეტრ რიფს მოიცავს, კლიმატის ცვლილებას “მარჯნის რიფებისთვის ყველაზე თანმიმდევრული საფრთხე უწოდა“.
ეს შეფასება მორიგი ცუდი ამბავია მარჯნის რიფებისთვის, რომლებიც ზღვის პროდუქტებისა და ტურიზმის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ და ხშირად სანაპიროს ეროზიისა და შტორმებისგან დამცავ ბარიერად გვევლინებიან. მათ, ხშირად “ზღვის ტროპიკულ ტყეებსაც“ უწოდებენ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიომრავალფეროვნება გააჩნიათ. მარჯნის რიფები ხელს უწყობენ როგორც ზღვის სახეობების, ისე სანაპირო თემებისა და ბიზნესის არსებობას.


განადგურებისას მყარი მარჯნები ქრება და მათ ადგილს წყალმცენარეები, რიფის ნატეხები და ზღვის ღრუბლები იკავებენ. შედეგად, რიფი მრავალფეროვან ეკოსისტემას ვეღარ უზრუნველყოფს.