დიდი ბრიტანეთის ქალაქ ვოკინგში მცხოვრები პენსიონერი მღებავი მილიონერი გახდა მას შემდეგ, რაც აუქციონზე პოკემონის ბარათების საკუთარი კოლექცია გაყიდა. მამაკაცი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, ბარათებს 15 წლის განმავლობაში საკუთარ სხვენში ინახავდ - ოთხშაბათს გამართულ აუქციონზე კი მათმა საერთო ღირებულებამ 1.56 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.
ყოფილ მღებავს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ბარათების რეალურ ფასზე, სანამ ადგილობრივ გაზეთში არ წაიკითხა სტატია, სადაც ეწერა, რომ პოკემონის მხოლოდ ერთ ბარათში 6 000 ფუნტზე მეტი გადაიხადეს.
“ყველა ლაპარაკობს სხვენში განძის პოვნაზე, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს სიტყვასიტყვით ასე მოხდა“, - აღნიშნა მან.
1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც მისი შვილი ჯერ კიდევ პატარა იყო, სკოლაში ბარათების შეგროვება და გაცვლა დაიწყო. მამამ ჩათვალა, რომ ბარათები ვიზუალურად ლამაზი იყო და გაუჩნდა კითხვა, ხომ არ იქნებოდა ეს კარგი ინვესტიცია.
“ჩემს შვილს საკუთარი ბარათები ჰქონდა, თუმცა ამ კოლექციას იგი არასდროს შეხებია, რის გამოც ახლა ძალიან მოხარული ვარ“, - აცხადებს კოლექციონერი.

პენსიონერმა განმარტა, რომ ბარათების სრული კომპლექტები თავის დროზე eBay-ზე, მალაიზიაში მცხოვრები გამყიდველისგან შეიძინა. ერთ-ერთი კომპლექტი, რომელშიც მან მაშინ 300 ფუნტი გადაიხადა, ოთხშაბათის აუქციონზე 75 000 ფუნტად გაიყიდა.
აუქციონის სახლ Ewbank's-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაოგნებულები დარჩნენ, როდესაც მამაკაცმა მათ ბარათების 42 კომპლექტი წარუდგინა.
აუქციონის მთავარი ლოტი გახდა “Legendary Collection Complete Master Set“, რომელიც მოიცავდა თითქმის იდეალურ მდგომარეობაში მყოფ Charizard-ის ბარათს. მისი საწყისი შეფასება 15,000–20,000 ფუნტი იყო, თუმცა საბოლოოდ 100,000 ფუნტად გაიყიდა.
აუქციონის სახლის ხელმძღვანელმა ენდრიუ იუბენკმა აღნიშნა, რომ ვაჭრობაში მონაწილეები მთელი მსოფლიოდან ჩაერთნენ. ეს აუქციონი Ewbank's-ის 30-წლიან ისტორიაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.