საფრანგეთში “შამონდას ვირუსიით“ ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. თუმცა ხელისუფლება საზოგადოებისთვის საფრთხეს ვერ ხედავს და განმარტავს, რომ პაციენტს, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გარდაიცვალა, იმუნური სისტემის მძიმე დაქვეითება (იმუნოდეფიციტი) აღენიშნებოდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ “შამონდას ვირუსი“ გამოვლინდა ადამიანში, რომელიც ამ თვის დასაწყისში გარდაიცვალა. მათი თქმით, ეს შინაური ცხოველების აღნიშნული დაავადებით ადამიანის დაინფიცირების ისტორიაში პირველი შემთხვევას წარმოადგენს.

“მიუხედავად იმისა, რომ აფრიკასა და აზიაში “შამონდას ვირუსი“ ათწლეულების განმავლობაში ცირკულირებს, ადამიანში იგი აქამდე არასდროს გამოვლენილა“, - ნათქვამია საფრანგეთის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.
“შამონდას ვირუსი“, რომელიც პირველად ნიგერიაში 1960-იანი წლების შუა ხანებში გამოვლინდა, მწერების მიერ გადატანილი Orthobunyavirus-ის გვარის ვირუსების (რომელიც 138 სახეობას მოიცავს) ერთ-ერთი ვარიანტია და ძირითადად შინაურ ცხოველებს, განსაკუთრებით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს აზიანებს.

ვირუსი ორფრთიანი მწერების - ქინქლების საშუალებით გადაეცემა.
ცხოველებში ეს ვირუსი აფრიკასა და იაპონიაში წლების განმავლობაში ფიქსირდებოდა, წელს კი ის ევროპაშიც გავრცელდა. თუმცა აქამდე მიიჩნეოდა, რომ იგი ადამიანზე არ გადადიოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ვირუსის გავრცელება ნაკლებად არის მოსალოდნელი.
“შამონდას ვირუსი“ პირველად 1960-იან წლებში ნიგერიაში აღმოაჩინეს. ათწლეულების განმავლობაში ის აფრიკისა და აზიის ზოგიერთ რეგიონში ვლინდებოდა. აქამდე ვირუსი ძირითადად ცხოველებს აზიანებდა, თუმცა ცენტრალურ ევროპაში (მათ შორის გერმანიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში) მისი გავრცელების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა.
ვირუსს ახასიათებს მსუბუქი სიმპტომები - მომატებული ტემპერატურა და დიარეა.