ავტორი:

“დასრულდა მეორე დღე და ვერ იგებს ვერცერთი პარტია, კონკრეტულად რას ედავება “ქართული ოცნება“ - ბადრი ჯაფარიძე

“დასრულდა მეორე დღე და ვერ იგებს ვერცერთი პარტია, კონკრეტულად რას ედავება “ქართული ოცნება“ - ბადრი ჯაფარიძე

“დასრულდა მეორე დღე და ვერ იგებს ვერცერთი პარტია, კონკრეტულად რას ედავება “ქართული ოცნება“, - ამის შესახებ “ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

  • ბადრი ჯაფარიძის თქმით, “ლელო -ძლიერი საქართველოს“ მიერ წარდგენილი ყველა შუამდგომლობა “იყო აბსოლუტურად ლოგიკური“ თუმცა სასამართლომ არცერთი არ დააკმაყოფილა.

“ჩვენი მხრიდან იქნა მოთხოვნილი, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიემართა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოსთვის, რადგანაც ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, როდესაც ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის გაუქმების მოთხოვნით შედის მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში. შესაბამისად, ეს მოითხოვს სრულიად ახალ, უპრეცედენტო სტანდარტს, რომელიც შეიძლება განესაზღვრა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს. ამაზე უარი გვეთქვა. ასევე უარი გვეთქვა, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტები მოწვეული ყოფილიყვნენ, რათა მათ შეეფასებინათ ეს პროცესი, ეს სარჩელი, ამაზეც უარი ითქვა. ყველა შუამდგომლობაზე ითქვა უარი.

დასრულდა მეორე დღე და ვერ იგებს ვერცერთი პარტია, კონკრეტულად რას ედავება “ქართული ოცნება“. ჩვენ გამუდმებით ვსვამთ კითხვას, ამ სარჩელში რომელი ბრალდება განეკუთვნება “ლელო - ძლიერ საქართველოს“. ქართული ოცნების“ ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ 23-ე მუხლის დარღვევაში გადანაშაულებთო. 23-ე მუხლი გულისხმობს ეთნიკური შუღლის გაღვივებას, ჩვენ ეთნიკური შუღლის გაღვივებით ვიყავით დაკავებული? ამაზე პასუხი მივიღეთ, რომ არა. მაშინ იქ რჩება ორი რამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი დამხობის მოწოდება. ჩვენ ძალადობრივი დამხობის წინააღმდეგი ვიყავით ყოველთვის. ასევე არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ბრალდება. არცერთი ის დანაშაული, რომელიც ჩამოთვლილია 23-ე მუხლში, საერთოდ შეხებაში არ არის “ლელო-ძლიერ საქართველოსთან“. დაჟინებით ვითხოვთ, გვითხრან რას გვედავებიან, პასუხი არის, რომ “დაგველოდეთ“. სარჩელში მსგავსი არაფერი არ წერია“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.