რუსეთი თავისი ციფრული მიღწევებით ამაყობს, რაც ელექტრონული კომერციის ფართო სექტორისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ამბიციური გეგმებსაც მოიცავს.

თუმცა ახლა, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 4 წელიწად-ნახევრის შემდეგ, უკრაინული დრონების შეტევებმა მისი ტექნოლოგიური სიმძლავრის გულში არსებული რამდენიმე მთავარი მონაცემთა ცენტრი (Data Center) უკვე გამიყვანა მწყობრიდან. მიყენებული ზიანის აღდგენას, შესაძლოა, დიდი დრო დასჭირდეს.

მიუხედავად იმისა, რომ თავად Yandex, Sberbank და VKontakte ზარალის მასშტაბებზე თავშეკავებულად საუბრობენ, მოქალაქეები და ბიზნესები მთელი რუსეთის მასშტაბით ღრუბლოვანი სერვისების ფართო შეფერხებებზე იტყობინებიან. ხანგრძლივი შეფერხებები შეეხო საბანკო, ელექტრონულ კომერციას, გეოლოკაციას, ტაქსის გამოძახების სერვისებს, ასევე Yandex-ის ვირტუალურ ასისტენტ “ალისასა“ და მულტიმოდალურ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებს.
შედეგები რუსეთის სასამართლო სისტემაზეც გავრცელდა: გავრცელებული ინფორმაციით, საარბიტრაჟო სასამართლოები იძულებულნი გახდნენ მონაცემთა ბაზებთან წვდომის დაკარგვის გამო დაგეგმილი სხდომები გაეუქმებინათ ან გადაედოთ.
ექსპერტთა უმეტესობის პროგნოზით, მიყენებული ზიანის აღდგენას თვეები, შესაძლოა წლები დასჭირდეს. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ მოსკოვის ამბიცია, გახდეს ლიდერი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეფერხდეს.
მონაცემთა ცენტრები იმ საჰაერო კამპანიის ახალი სამიზნე გახდა, რომელსაც ორივე მხარე ერთმანეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ აწარმოებს.
რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა არაერთხელ მიაყენეს დარტყმა უკრაინის ენერგოსისტემასა და სხვა საკვანძო ობიექტებს. კრემლმა ეს შეტევები ზამთრის მოახლოებასთან ერთად გააძლიერა, რისთვისაც აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტი გამოიყენა. ამ უკანასკნელის მარაგები ვაშინგტონის ირანთან ომის გამო ამოეწურა.
უკრაინამ საპასუხოდ დრონების ტალღური შეტევები განახორციელა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რამაც მასშტაბური საწვავის კრიზისი გამოიწვია და ომის რეალობა მილიონობით მშვიდობიან მოქალაქეს აგრძნობინა.
უკრაინამ ასევე მიაყენა დარტყმა რუსეთის ისეთი უმსხვილესი ონლაინ-რითეილერების გიგანტურ საწყობებს, როგორიცაა Wildberries და Ozon.
კიევის თავდასხმები რუსულ მონაცემთა ცენტრებზე მოჰყვა მოსკოვის მიერ უკრაინულ მონაცემთა ცენტრებზე განხორციელებულ დარტყმებს, რამაც ქვეყანაში ინტერნეტისა და ტელემაუწყებლობის შეფერხება გამოიწვია.

8 ოქტომბერს უკრაინულმა დრონებმა დარტყმა მიაყენეს Yandex-ის მონაცემთა ცენტრს რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში, სადაც კომპანიის სამი სუპერკომპიუტერიდან ორი მდებარეობს. მეორე დღეს დარტყმა განხორციელდა კალუგაში მდებარე ცენტრზე, ხოლო 11 ოქტომბერს - ვლადიმირის ოლქის ობიექტზე.
სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაკოვოში მდებარე Sberbank-ის მონაცემთა ცენტრი და AI-ჰაბი 14 ოქტომბერს დაზიანდა, ხოლო ოთხი დღის შემდეგ კიევმა დარტყმა მიაყენა სანქტ-პეტერბურგში მდებარე ცენტრს, რომელიც VKontakte-ს ემსახურება.
თუ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და საწყობები იოლი სამიზნეებია, მონაცემთა ცენტრები ქვეყნისთვის კიდევ უფრო სუსტ წერტილს წარმოადგენს. სერვერებით, კვების დანადგარებით და გაგრილების ინფრასტრუქტურით სავსე გიგანტური შენობებისთვის ხანგრძლივი ზიანის მიყენება შედარებით მცირე ასაფეთქებელი მუხტის მქონე დრონსაც კი შეუძლია.

მონაცემთა ცენტრების მოწყვლადობა ირანის ომმაც გამოაჩინა. ირანულმა დრონებმაც დააზიანეს Amazon Web Services-ის (AWS) ორი მონაცემთა ცენტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ერთი ბაჰრეინში. AWS-მა გასულ თვეს განაცხადა, რომ ვერ შეძლო ორ ცენტრში განთავსებულ რესურსებსა და მონაცემებზე წვდომის აღდგენა.