საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობას მომდევნო კვირასაც ინტენსიურად გააგრძელებს.
საქმე ეხება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას. რევაზ ნადარაიას თქმით, მომდევნო კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს სხდომები 12:00 საათზე დაიწყება.
“დღევანდელ სხდომას ვასრულებთ. ხვალინდელი სხდომა უკვე დაგეგმილია, მაგრამ მინდა, გაცნობოთ, ისე წარიმართა სხდომები, რომ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მომდევნო კვირასაც ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობს“, - განაცხადა მოსამართლემ.
სხდომაზე “ძლიერი საქართველო - ლელომ“ ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევის შესახებ შუამდგომლობა წარადგინა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
კერძოდ, მათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მიმართეს თხოვნით, მოწვეულ იქნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები: ვერონიკა ბილკოვა, სრდან დამრანოვიჩი და კარლო ტუორი. შუამდგომლობის მიზანია, სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, უშუალოდ მოისმინოს ექსპერტების პროფესიული მოსაზრებები სადავო საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსის, მათი შესაძლო სამართლებრივი შედეგებისა და ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მედიასთან კომენტარები გააკეთეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა.

ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით აღნიშნულ სასამართლო პროცესს სამართლებრივთან კავშირი არ აქვს და თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია.
“დღევანდელი დღე რომ შევაჯამოთ, ძალიან ნათლად და მკაფიოდ დავინახავთ იმას, რომ საქმე წმინდა წყლის პოლიტიკურია და არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლებრივ პროცესთან - ეს ჩანდა დღეს ძალიან კარგად იმის გათვალისწინებით, რომ მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციამ დააყენა არაერთი შუამდგომლობა და მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობები სამართლებრივად დასაბუთებული იყო, საკონსტიტუციო სასამართლომ, ოპოზიციის არცერთი ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
ის, რომ არათუ შუამდგომლობები არ გაითვალისწინა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ფაქტობრივად, ყველაფერზე, რასაც ოპოზიციის მხარე აყენებდა, ცალსახად აცხადებდნენ, რომ ამის მტკიცებულებად მიღება არ შეიძლება, ნათლად მიუთითებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით სხდომის დაწყებამდე, რომ გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული და ეს გადაწყვეტილება მიღებულია კრემლში. გადაწყვეტილება კრემლს გადმოცემული აქვს რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის და ბიძინა ივანიშვილს კი შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის”, - განაცხადა ანა წითლიძემ.
“ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე:
“დასრულდა მეორე დღე და ვერ იგებს ვერცერთი პარტია, კონკრეტულად რას ედავება “ქართული ოცნება“. ჩვენ გამუდმებით ვსვამთ კითხვას, ამ სარჩელში რომელი ბრალდება განეკუთვნება “ლელო - ძლიერ საქართველოს“. ქართული ოცნების“ ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ 23-ე მუხლის დარღვევაში გადანაშაულებთო. 23-ე მუხლი გულისხმობს ეთნიკური შუღლის გაღვივებას, ჩვენ ეთნიკური შუღლის გაღვივებით ვიყავით დაკავებული? ამაზე პასუხი მივიღეთ, რომ არა. მაშინ იქ რჩება ორი რამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი დამხობის მოწოდება. ჩვენ ძალადობრივი დამხობის წინააღმდეგი ვიყავით ყოველთვის. ასევე არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ბრალდება. არცერთი ის დანაშაული, რომელიც ჩამოთვლილია 23-ე მუხლში, საერთოდ შეხებაში არ არის “ლელო-ძლიერ საქართველოსთან“. დაჟინებით ვითხოვთ, გვითხრან რას გვედავებიან, პასუხი არის, რომ “დაგველოდეთ“. სარჩელში მსგავსი არაფერი არ წერია“,
“გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა:
“კაფკას “პროცესი” რაც არის, ზუსტად იმ პროცესს ვადევნებთ თვალს - არ ვიცით, ვის რა ედება ბრალად. დაცვის სტრატეგია მინიმუმ იმას გულისხმობს, რომ სათანადოდ მოემზადო კონკრეტულ შემთხვევაში, რა აქვთ შენთან მიმართებაში, რომ წარმოადგინო კონკრეტული მტკიცებულებები. ამის შესაძლებლობაც არ გვაქვს, ეს არის მოცემულობა,“
“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია:
“როგორც საკანში მყოფმა, როგორც პოლიტპატიმარმა, მინდა, მივმართო ოპოზიციას და ვუთხრა, რომ დიდ იმედსა და ენერგიას გვაძლევს მიმდინარე პროცესის ყურებისას მათი პროფესიონალიზმი, ეთიკურობა, მორალური უპირატესობა, ცოდნა, კომპეტენცია და, რაც მთავარია, სიმართლე!
ასევე ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში.
ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას გვაძლევთ საკნებში მყოფებს.
რთული პროცესია, წინ ბევრი ბარიერი გვექნება, მაგრამ ერთად ძალიან ძლიერები ვართ!“

“რეალურად, თუ დავაკვირდებით, ეს შუამდგომლობებიც არის აბსოლუტურად ერთმანეთის მსგავსი და ე.წ. პარტიების წარმომადგენლები ცდილობენ იმას, რომ სხვადასხვა ტერმინოლოგიით, სხვადასხვა სიტყვებით გადმოსცენ აბსოლუტურად იდენტური შინაარსის მქონე აზრი და შესაბამისი შუამდგომლობები დააყენონ. რაზეც პროცესის მიმდინარეობისას არცერთი შენიშვნა მიიღეს. გასაგებია, რომ საქმის განხილვის ცენტრალური ნაწილი მათ აშფოთებთ, ის პერსპექტივა, რომელიც გულისხმობს ახსნა განმარტების კითხვა-პასუხის ეტაპს, აქ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება ანტიკონსტიტუციური ქმედებების მთელი წყება, რომელიც მითითებულია ჩვენს სარჩელში“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომის დასრულების შემდეგ.