დინოზავრები და ნიანგისნაირნი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, 245 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ, თუმცა 65 მილიონი წლის წინ ასტეროიდის შეჯახებას მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი გადაურჩა (თუ ფრინველებად ჩამოყალიბებულ დინოზავრებს არ ჩავთვლით) მაგრამ რატომ?
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პალეონტოლოგების მიერ დაკომპლექტებულმა მკვლევართა ჯგუფმა 7,000-ზე მეტი ნამარხი და ჩანაწერი შეისწავლა, რომლებიც ფსევდოზუქიების (pseudosuchia) ჯგუფის 400-ზე მეტ (ცოცხალ და გადაშენებულ) სახეობას მიეკუთვნება. ეს ჯგუფი ნიანგისნაირებსაც მოიცავს. შემდეგ მკვლევრებმა მონაცემები იმ კომპიუტერულ მოდელებს შეადარეს, რომლებიც ბოლო 245 მილიონი წლის განმავლობაში დედამიწის კლიმატის ცვლილებას რეკონსტრუქციას უკეთებდა, იმ მიზნით რათა სივრცესა და დროში ამ ჯგუფის გლობალური ისტორია ასახულიყო.
რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გუნდმა დაადგინა, რომ ნიანგები თბილ რეგიონებში გადაადგილებით გადარჩნენ. როდესაც დედამიწის ტემპერატურა დაახლოებით 10°C-ით უფრო მაღალი იყო (სულ რაღაც 50 მილიონი წლის წინ), ეს ქვეწარმავლები ჩრდილოეთით ევროპამდე და ანტარქტიდამდეც კი აღწევდნენ. გლობალური გაცივების პერიოდის შემდეგ კი მათ უკან, ტროპიკებისკენ დაიხიეს, სადაც დღემდე წარმატებით ბინადრობენ.
მკვლევრებმა ყურადღება იმაზე გაამახვილეს თუ როგორ იმოქმედა ნიანგისნაირებზე კლიმატურმა ცვლილებებმა ასტეროიდის დაცემის დროს. მტვრის ღრუბლების მიერ მზის შუქის დაბლოკვით გამოწვეული სიცივის სიმულირებისთვის, გუნდმა კომპიუტერული მოდელებით რამდენიმე განსხვავებული სცენარი გამოცადა. აღმოჩნდა, რომ მზის შუქის 5 ან 10 პროცენტით შემცირების შემთხვევაშიც კი, ნიანგების პოპულაცია ეკვატორულ რეგიონებში მაინც ყვაოდა, თუმცა შუქის 15 პროცენტით შემცირება ამ ცივსისხლიანი ქვეწარმავლებისთვის უკვე მეტისმეტად ცივი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუმცა ნიანგები იმ მასობრივ გადაშენებას გადაურჩნენ, რომელმაც დინოზავრები პირისგან მიწისა აღგავა, მათთვის ამ პერიოდს სრულიად უვნებლად არ ჩაუვლია. დედამიწა ოდესღაც ფსევდოზუქიების უდიდესი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, არსებობდნენ გრძელფეხება ხმელეთის ნიანგები, გიგანტური 12-მეტრიანი “სუპერ-ნიანგები“ და ბრტყელცხვირა, ჯავშნოსანი მცენარეჭამია ნიანგებიც კი.
ნიანგისნაირთა “ოქროს ხანასთან“ შედარებით, დღეს მათი შედარებით მცირე სახეობაა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, ეს მაინც ბევრად მეტია, ვიდრე არაფრინველი დინოზავრების შემთხვევაში.