ავტორი:

პოლონეთში, პუტინის მოწინააღმდეგე, რუსი კარიკატურისტის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - გახმაურებული საქმის ახალი დეტალები

პოლონეთში, პუტინის მოწინააღმდეგე, რუსი კარიკატურისტის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - გახმაურებული საქმის ახალი დეტალები

პოლონეთში ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის, კარიკატურისტ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე, მაჰმუდ ა. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორი, ტომაშ სემონიაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში მოხდა, შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრებმა მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს.

საქართველოს 22 წლის მოქალაქე ეჭვმიტანილია რობერტ კ.-ს მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში. სასამართლომ მას 3 თვით დროებითი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება გრძელდება და შესაძლოა კიდევ განვითარდეს,” - წერს სემონიაკი.

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) ცნობით, მაჰმუდ ა., რომელიც საქმეში რიგით მეორე ბრალდებულია, 18 ოქტომბერს საქართველოდან პოლონეთში ჩაფრინდა. სამართალდამცველებმა ის მეორე დღესვე A2 ავტომაგისტრალთან მდებარე ავტოსადგომზე დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, მაჰმუდ ა. მკვლელობაში მთავარ ბრალდებულს, ელნურ ა.-ს დაეხმარა. მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობას ედავებიან. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, საუბარია პუტინის კრიტიკოსის, სემიონ სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი - რობერტ კუზოვკოვი) მკვლელობაზე, რომელიც პოლონეთში საცხოვრებლად 2021 წელს გადავიდა.

აღნიშნულ საქმეზე, 18 ივნისს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - 36 წლის ელნურ ა. - დააკავეს ვარშავის მახლობლად. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, აგვისტოში, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის კიდევ ერთ მკვლელობის საქმესთან იყო დაკავშირებული.

  • მკვლელობა ბიალა პოდლასკაში

სემიონ სკრეპეცკი 15 ივნისს, დილით, ბიალა პოდლასკაში მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელი მას სახლის წინ მიუახლოვდა, ორჯერ ესროლა მოკლელულიანი იარაღიდან, ხოლო მას შემდეგ, რაც სკრეპეცკი დაეცა, კიდევ სამი გასროლა მოახდინა ახლო მანძილიდან. სხეულზე იპოვეს შვიდი ნატყვიარი - ხუთი შემავალი და ორი გამავალი ჭრილობა.

მკვლელობის ადგილზე კი ხუთი მასრა და 9 მმ კალიბრის Luger GEC-ის ტყვია იპოვეს. იგივე კალიბრის ვაზნები იქნა გამოყენებული 2019 წელს ბერლინში ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისას. სკრეპეცკის მეუღლემ, ვიქტორია ივანიცკაიამ მკვლელობის შემდეგ განაცხადა, რომ ის შვილებთან ერთად პოლონეთის სპეცსამსახურების დაცვის ქვეშ იმყოფება.

სკრეპეცკი ცნობილი იყო თავისი კარიკატურებით, რომლებშიც გამოსახავდა ვლადიმერ პუტინს, რამზან კადიროვს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და სხვა პოლიტიკოსებს. პოლონეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მკვლელობას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. მანამდე ამ საქმეზე ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავეს, თუმცა ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

წყარო

იხილეთ ასევე: