ორი დღის განმავლობაში, კოლექტიური "ნაცმოძრაობა“ გვანახებს თავის სახეს, მათ არ აქვთ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, თუ რატომ არ არიან ისინი არაკონსტიტუციურები, მათ შორის მათ პოლიტიკური არგუმენტებიც კი არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ, მთელი ორი დღის განმავლობაში, რომ სამართლებრივი პროცესი, როგორმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით ერთადერთი, რაზეც ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, არის ის, თუ რატომ ასამართლებენ 5 პარტიას ერთად.
"აქ პასუხი ძალიან მარტივია, ისინი ჩამოყალიბების დღიდან სულ ერთად არიან, იდეოლოგიური ერთობა აქვთ, თავიანთ ქმედებებშიც კი ერთნი არიან, მაგალითად კონსტიტუციური წყობილების დამხობის პროცესში ერთნი არიან, ერთნი არიან დელეგიტიმაციის მცდელობებში, არჩევნების არ აღიარებაში, ბოიკოტში, მათ შორის "გახარიელებიც" კი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "გახარიელები" ერთი წლის განმავლობაში პარლამენტშიც კი არ შემოდიოდნენ და რას ელოდებოდნენ? თვითონვე აღიარეს, რომ ელოდებოდნენ, როგორ დასრულდებოდა 2025 წლის 4 ოქტომბერი, მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შესვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები. მათი ზნე არის ერთი და იგივე, ამიტომაც ისინი, როგორც მჭიდროდ ერთმანეთთან დაკავშირებული პარტიები სამართლდებიან ერთად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამართლებრივად დავასაბუთოთ, თუ რატომ არის მათი გაუქმება საჭირო და შესაბამისად არაკონსტიტუციურად გამოცხადება.
კოლექტიური "ნაცმოძრაობა" შედგება არა ერთი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ე.წ. პარტიებად დაშლილი, ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისაგან დავალებებით. მაგალითად სააკაშვილი წერს, რომ IRI - ის ორგანიზებით იმყოფებოდნენ უცხოეთში, სადაც უცხოელები მოუწოდებდნენ, რომ გაერთიანებულიყვნენ, ზოგი შეთანხმდა ზოგი ვერა, რომ ოდიოზური პიროვნების, მაოხრებელი გზირის გარშემო ცხადად და ღიად გაერთიანდნენ თუ ფარული ერთობა ჰქონდეთ. მთავარი ერთია კოლექტიური "ნაცმოძრაობა" გარედან მიღებული დავალებების შესრულებას ეცდება, რასაც ქართველი ხალხი აბსოლუტურად ყოველთვის შეეწინააღმდეგება.“- აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძე ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიების აკრძალვის პროცესზე საერთაშორისო შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "გარეთ არსებული სხვადასხვა არჩეული თუ არ არჩეული ბიუროკრატიის უკან მდგომი ძალები ცდილობენ, თავიანთი აგენტები გადაარჩინონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა აგენტებს არ ექნებათ სურვილი, რომ პატრონებს დაემორჩილონ“.
მისივე თქმით "კატასტროფაა, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს“.
"სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოშლას როდესაც ვამბობ, მათ შორის ვგულისხმობ იმას, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და ერთ-ერთი პრინციპია სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და ახლა ეს თანამდებობის პირი გვეუბნება, რომ ჩვენი კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული და განმტკიცებული უფლება არ უნდა გამოვიყენოთ. ეს სხვა არაფერია თუ არა ის მცდელობა, რომ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე მოახდინონ ზეწოლა. ისინი პერმანენტულად რომელიმე ქვეყნის ე.წ. ელჩი იქნება თუ სხვადასხვა თანამდებობის პირი უცხოეთიდან, ცდილობენ სისხლისსამართლის თუ ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით განცხადებები ეკეთებინათ, იქამდეც კი მივიდნენ, რომ ელჩები პირდაპირ პროცესებზე ისხდნენ, ასეთი ზეწოლის მცდელობები არც წარსულში არ გასულა და არც მომავალში არ გავა. ამავდროულად ჩვენ ყოველთვის ავიმაღლებთ ხმას იმ ფუძემდებლური პრინციპებისთვის, რისთვისაც შექმნილია ევროსაბჭო და ევრობიუროკრატია და ახლა ფეხქვეშ თელავს ევროპულ პრინციპებს“ - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.