ავტორი:

"დღეს მაქვს ყველაზე მძიმე დღე: 23 ოქტომბერი იყო, როცა გიგას ნაკერებს შორის ტვინი გამოუვიდა - დღეს, მთელი პროცესისას ეს გამოჟონილი ტვინი მედგა თვალწინ" - ეკა კუპატაძე

"დღეს მაქვს ყველაზე მძიმე დღე: 23 ოქტომბერი იყო, როცა გიგას ნაკერებს შორის ტვინი გამოუვიდა - დღეს, მთელი პროცესისას ეს გამოჟონილი ტვინი მედგა თვალწინ" - ეკა კუპატაძე

დღევანდელი დღე მაქვს ყველაზე მძიმე. 23 ოქტომბერი იყო, როცა გიგას ნაკერებს შორის ტვინი გამოუვიდა, ეს პირველად მე შევამჩნიე ბინტზე. დღეს, მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში, ეს გამოჟონილი ტვინი მედგა თვალწინ, მაგრამ მობილიზება მაინც შევძელი, - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.

ის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესს დაესწრო.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ კუპატაძემ განაცხადა, მალანიას ოჯახი მისი შვილის, ნიკა ავალიანის მისამართით სხვადასხვა რეპლიკებს აჟღერებდა, რის გამოც, ის სასამართლოში აღარ დადის.

“ნიკა, ჩემი შვილი და ასევე ჩემი ძმა, რომელიც თითქმის ყველა სასამართლო პროცესზე დადიოდა, ჩემს გვერდით აღარ არიან, რადგან მერაბ მალანიას ოჯახის ახლობლები, განსაკუთრებით ნიკას სისასტიკით ექცეოდნენ - ესროდნენ რეპლიკებს, რომ მდგომარეობიდან გამოეყვანათ. მერაბ მალანიას ახლობლების დიდი არმიიდან ყველაზე საშიში, ამაზრზენი მერაბ მალანიას დედა გახლავთ, რომელსაც სწორება ჰქონდა ნიკაზე, სწორედ, ამის გამო აღარ დამყავს ის სასამართლოში გიორგი მალანიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მაქსიმალური წლები, რასაც ბრალი ითვალისწინებს, არის მნიშვნელოვანი. მაქსიმალურად დიდი ხნის ვადით უნდა გაარიდონ ეს არასრულწლოვანი ამ ოჯახს.

დღეს, პროცესზე ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდა. მალანიას ადვოკატის აქცენტი სატელეფონო ანძებზე იყო. ფეხდაფეხ მაქვს დავლილი, ყველა ანძა ვიცი, რომელი ქსელისაა, აბსოლუტურად ყველაფერს დავდებ სოციალურ ქსელში, პროცესზე კი პროკურორი ქეთი სონიძე იტყვის.

დღევანდელი დღე მაქვს ყველაზე მძიმე, 23 ოქტომბერი იყო, როცა გიგას ნაკერებს შორის ტვინი გამოუვიდა, ეს პირველად მე შევამჩნიე ბინტზე და დღეს, მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში, ეს გამოჟონილი ტვინი მედგა თვალწინ, მაგრამ მობილიზება მაინც შევძელი. ხვალ გიგას ბიოლოგიური გარდაცვალებიდან ერთი წლის თავი სრულდება, ამ ცხელ დღეებს როცა ჩავივლით, ყველაფერს დავდებ”, - განაცხადა კუპატაძემ.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.