ავტორი:

აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც მიგრანტებს ფიქტიური ქორწინების სანაცვლოდ “მწვანე ბარათისა“ და მოქალაქეობის მიღებაში ეხმარებოდა - როგორ გახდა მილიონერი ჯენიფერ გონსალესი

აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც მიგრანტებს ფიქტიური ქორწინების სანაცვლოდ “მწვანე ბარათისა“ და მოქალაქეობის მიღებაში ეხმარებოდა - როგორ გახდა მილიონერი ჯენიფერ გონსალესი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მასაჩუსეტსის შტატში მცხოვრებ ამერიკელ ქალს, 43 წლის ჯენიფერ გონსალესს ბრალი წაუყენა მასშტაბური თაღლითური სქემის ორგანიზებაში, რომლის მეშვეობითაც არალეგალ მიგრანტებს აშშ-ის მოქალაქეობისა და “მწვანე ბარათების“ მიღებაში ეხმარებოდა. აშშ-ის პროკურატურის ცნობით, 10-წლიანი თაღლითური საქმიანობით გონსალესმა 6 მილიონი დოლარი იშოვა.

მასაჩუსეტსის ოლქის პროკურორ ლია ფოლის განცხადებით, ჯენიფერ გონსალესი თითოეული ფიქტიური ქორწინების ორგანიზებისთვის 40 000 დოლარამდე თანხას იღებდა. იგი წელიწადში 20-მდე ასეთ “ქორწინებას“ აფორმებდა, რამაც ათწლეულის განმავლობაში 6 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა.

როგორც პროკურორმა ბოსტონში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გონსალესი იკვეხნიდა, რომ უკანონოდ ნაშოვნ ფულს დომინიკელთა რესპუბლიკაში ბიზნესსა და უძრავ ქონებაში აბანდებდა. მისი მიზანი იყო, თავისი შვილებისთვის დომინიკელთა რესპუბლიკაში მიწის ნაკვეთები შეეძინა.

“მისის გონსალესი ამერიკული ოცნების გაყიდვით გამდიდრდა, პარალელურად კი თავის ფულს სხვა ქვეყანაში ინვესტირებას უწევდა“, - განაცხადა პროკურორმა ლია ფოლიმ.

გონსალესმა სქემის დეტალები ფედერალურ სამართალდამცველებთან თანამშრომელ მოწმეს გაუნდო, რომელიც მას არალეგალი მიგრანტი ეგონა. ფარულად ჩაწერილ საუბარში 43 წლის გონსალესი ამბობდა, რომ მასაჩუსეტსი “განსაკუთრებული“ ადგილი იყო, რადგან იგი წარმოადგენდა “თავშესაფარ შტატს“, სადაც არალეგალი მიგრანტები დიდი დახმარებით სარგებლობდნენ.

საგამოძიებო უწყების ცნობით, გონსალესი სქემის “მთავარი ორგანიზატორი“ იყო, თუმცა მასთან ერთად სხვა თანამზრახველებიც მოქმედებდნენ. მისი მდივანი, 31 წლის ამარა პაგი, ასევე ჯესიკა ტავარესი, ერიკა დენიელსი და ჯეილინ ჰილი ფულად გასამრჯელოს იღებდნენ იმისთვის, რომ გონსალესის კლიენტებზე დაქორწინებულიყვნენ. თავად გონსალესმაც გააფორმა ფიქტიური ქორწინება არალეგალ მიგრანტთან.

ქორწინების სქემა ასე მუშაობდა: ქალები არალეგალებთან წლების განმავლობაში რჩებოდნენ ქორწინებაში, განქორწინების შემდეგ კი, სულ რაღაც ერთ თვეში, სხვა არალეგალ მიგრანტებზე ქორწინდებოდნენ.

გარდა ამისა, 2019 წლიდან 2026 წლამდე გონსალესი უკანონოდ იღებდა SNAP-ის (სურსათის ვაუჩერების) სოციალურ დახმარებას, საიდანაც საერთო ჯამში 124,000 დოლარზე მეტი მიიღო.

ჯენიფერ გონსალესი, ამარა პაგი, ჯესიკა ტავარესი და კიდევ ორი თანამზრახველი ოთხშაბათს დააკავეს. ჯეილინ ჰილი კი ამჟამად იარაღთან დაკავშირებული დანაშაულისთვის შტატის ციხეში იმყოფება.

წყარო