სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის მამა, 82 წლის თომას მარკლი საბავშვო პორნოგრაფიისა და ბავშვზე სექსუალური ძალადობის ასობით ფოტოსა და ვიდეომასალის ფლობის ბრალდებით გამოძიების ქვეშ იმყოფება. მედიაში გავრცელებული ცნობით, მასშტაბური გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აკრძალული მასალა ფილიპინებში მდებარე მის სახლში საკუთარმა ვაჟმა აღმოაჩინა.
გავრცელებული ინფორმაციით, თომას მარკლის უფროსმა ვაჟმა, თომას მარკლ უმცროსმა, მამის კუთვნილ საცავ ყუთებსა და მყარ დისკებზე აკრძალული მასალები მაშინ იპოვა, როდესაც ტელეფონს ეძებდა. მან ნივთმტკიცებულებები ფილიპინების ადგილობრივ პოლიციას გადასცა და ოფიციალური ჩვენება მისცა.
თომას მარკლ უმცროსის განცხადებით, ნაპოვნი მასალის ნახვის შემდეგ იგი შოკირებული დარჩა.
“როდესაც ეს ვიპოვე, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი და სხვა არჩევანი არ მქონდა, გარდა იმისა, რომ მამაჩემის შესახებ პოლიციისთვის შემეტყობინებინა. მას აღარასდროს დაველაპარაკები, თუ სასამართლოში მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ მომიწია“, - განაცხადა მან.

მანამდე, ივლისის თვეში, მან აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსა (FBI) და ბავშვთა ექსპლუატაციის ეროვნულ ცენტრსაც მიმართა.
სკანდალურ ინფორმაციას სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის ახლო გარემოცვა გამოეხმაურა. ინსაიდერის თქმით, ეს ფაქტი ნათელს ჰფენს მეგანის გადაწყვეტილებას მამასთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ: “ახლა მაინც გაიგებს ხალხი, თუ რატომ არ აქვს მას მამასთან არანაირი ურთიერთობა 2018 წლის შემდეგ“.
პარალელურად, თომას მარკლის ქალიშვილმა, სამანტა მარკლიმ მამა დაიცვა და ძმის ბრალდებებს “სიცრუე“ უწოდა. მისი მტკიცებით, თომას უმცროსი შურისძიების მოტივით მოქმედებს.

82 წლის თომას მარკლიმ ფილიპინებში მდებარე სახლი მაისის თვეში, ჯანმრთელობის დამძიმებისა და ინსულტის შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც იგი აშშ-ში დაბრუნდა და ამჟამად ფლორიდის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება.
ფილიპინების ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლმა უწყებამ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შექმნა, ხოლო აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ფილიპინელ კოლეგებთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო. ვინაიდან თომას მარკლი აშშ-ის მოქალაქეა, საქმეზე ფედერალური გამოძიება შეერთებულ შტატებშიც მიმდინარეობს.